„თუ ვინმეს რეალობა აინტერესებს, ნებისმიერს მივაწვდი ამ კონცერტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ჟურნალ ბათუმელებს კი სიცრუის გამო მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე - რა შუაშია ოცნების კანდიდატი?“, - ამის შესახებ მომღერალი და ბათუმში „ქართული ოცნების“ დელეგატი არჩილ ბერიძე, რომელიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვება ჟურნალ „ბათუმელების“ სტატიას ეხმიანება, სადაც მისი თქმით, გამოცემა აღნიშნავს, რომ „ოცნების“ კანდიდატს ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გადაუხადეს.
როგორც მომღერალი აცხადებს, სოლო კონცერტის იდეა სამი წლის წინანდელია, განხორციელებას თვეები, ბევრი შრომა და სოლიდური თანხაც დასჭირდა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც მერიამ დააფინანსა.
აღსანიშნავია, რომ არჩილ ბერიძე მედიისგან ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს.
„სიმღერის პარალელურად პოლიტიკაში ჩართვა რომ გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, შეგუებული ვიყავი, რომ ბევრი ტყუილი და სიბინძურე წამოვიდოდა ჩემს მიმართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტყუილების უპასუხოდ დატოვებას ვაპირებ! ჩემი სოლო კონცერტის იდეა სამი წლის წინანდელია, განხორციელებას თვეები, ბევრი შრომა და სოლიდური თანხაც დასჭირდა. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მერიამ დააფინანსა, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ინტერნეტგამოცემა ბათუმელებმა კი დაწერა „ის რაც დაწერა”. არ შეიძლება ამისი კადრება.
თუ ვინმეს რეალობა აინტერესებს, ნებისმიერს მივაწვდი ამ კონცერტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ჟურნალ ბათუმელებს კი სიცრუის გამო მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე - რა შუაშია ოცნების კანდიდატი? წინასწარ უნდა გაგვეთვალა მეც და სახელმწიფოსაც, რომ მომავალში შეიძლება მმართველი პარტიის დელეგატი ვყოფილიყავი, დაფინანსებაზე უარი მეთქვა და კონცერტი არ ჩამეტარებინა? იგივე წარმატებით შეუძლიათ დაწერონ: მმართველი გუნდის კანდიდატს სხვადასხვა დროს ბიზნესმენმა, იუბილარმა, სახელმწიფომ, ექიმმა, მეწარმემ, ლიდერმა და ასე შემდეგ, სიმღერაში ჰონორარი გადაუხადა… ყველას ვთხოვ, მათი პოლიტიკური შეხედულებების და გეგმების გამო ტყუილებს ნუ დამაბრალებენ. მოვითხოვ ჟურნალისტისგან ოფიციალურ ბოდიშს! ბათუმელები • Batumelebi.ge“, - წერს არჩილ ბერიძე.
ცნობისთვის, დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებასა და, უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
ასევე დაგაინტერესებთ: