თბილისმა მსოფლიო კინოს ცოცხალ ლეგენდას, იტალიელ ვარსკვლავ ორნელა მუტის უმასპინძლა. მსახიობი დედაქალაქს საქველმოქმედო მისიით ეწვია და გრანდიოზულ საღამოს დაესწრო, სადაც ქართველი მაყურებლისგან უდიდესი სიყვარული და ოვაციები მიიღო.
ღონისძიების ფარგლებში ლეგენდარულმა იტალიელმა პრესასთან საკუთარ შემოქმედებით გზაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კინოსამყაროში მისი მოხვედრა სრულიად მოულოდნელი იყო.
„სიმართლე გითხრათ, არც არასდროს მიფიქრია მსახიობობაზე. ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით, ბედისწერით მოხდა, თუმცა დღეს ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი ხელოვნებით ადამიანებს სიხარული მივანიჭო და, რაც მთავარია, მონაწილეობა მივიღო ისეთ პროექტებში, რომლებიც სხვების დახმარებას ემსახურება. სულ, ბაღის მასწავლებლობა მინდოდა, რადგან ძალიან მიყვარს ბავშვები, მიფიქრია ბალერინობაზე და ბირთვული ფიზიკის სპეციალისტობაზეც კი, მაგრამ მსახიობობაზე არა“, - განაცხადა ორნელა მუტიმ.
გთავაზობთ ფოტოებს საქველმოქმედო ღონისძიებიდან, რასაც მსახიობი დაესწრო:











მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი საკუთარ კარიერას „შემთხვევითობას“ უწოდებს, ორნელა მუტი, რომლის ნამდვილი სახელი გახლავთ, ფრანჩესკა რომანა რიველი, მეოცე საუკუნის კინემატოგრაფის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა.
მსოფლიო აღიარება მას ისეთმა საკულტო ფილმებმა მოუტანა, როგორებიცაა:
„ჯიუტის მოთვინიერება“ (ადრიანო ჩელენტანოსთან ერთად); „შეყვარებული გიჟი“; და „ყველაზე ლამაზი ცოლი“ ეს ბოლო მისი სადებიუტო ფილმია, რომელშიც 14 წლის ასაკში გადაიღეს.
