Digest Logo

ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელებით 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა

1749636175
ყირიმ-კონგო

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

კაცი ინფექციურ საავადმყოფოში 6 ივნისის შემდეგ მკურნალობდა.

წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელებით გარდაცვალების უკვე მეორე ფაქტი დაფიქსირდა.

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა 2009 წელს.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განსაკუთრებით მძიმე ინფექციების ჯგუფს განეკუთვნება და ამ დაავადებით გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებელი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 10-40%-ია.

როგორ ამოვიცნოთ ყირიმ-კონგო?

მაია ბუწაშვილი:

ამ ინფექციის საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფიცირების გზაზე. თუკი ადამიანი ინფიცირდება ტკიპის კბენის შედეგად, საინკუბაციო პერიოდი, როგორც წესი, გრძელდება ერთიდან სამ დღემდე, მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 9 დღეს.

საინკუბაციო პერიოდი დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილებთან კონტაქტის შემდეგ გრძელდება ხუთ-ექვს დღეს, დოკუმენტურად დაფიქსირებული მაქსიმალური პერიოდი — 13 დღეა.

რაც შეეხება სიმპტომებს, ის იწყება მაღალი ტემპერატურით, კუნთების ტკივილით, თავბრუსხვევით, კისრის, ზურგის ან წელის ტკივილით, თავის ტკივილით, თვალების ანთებითა და რიგ შემთხვევაში, ფოტოფობიით, ანუ სინათლის შიშით. შესაძლოა, ინფიცირებულს აღენიშნებოდეს გულისრევა, მუცლისა და ყელის ტკივილი, არეული ცნობიერება.

ყირიმ-კონგოს კლინიკურ ნიშნებს შორისაა გახშირებულ გულისცემას, ლიმფური კვანძების გადიდება, კანში სისხლჩაქცევებით გამოწვეულ გამონაყარი.

გამოჯანმრთელების პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და მან შეიძლება გასტანოს ერთი თვიდან 1-2 წლამდე.

ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინა ადამიანებსა და ცხოველებში გამოსაყენებლად არ არსებობს.

იმისათვის, რომ ტკიპა არ მოხვდეს სახლში, კარგია თუკი ფანჯრები ბადეებით იქნება დაცული, ხოლო ცხოველები, პერიოდულად დამუშავდებიან ანტიპარაზიტული საშუალებებით.

ყველაზე ხშირად ტკიპა ჯდება კოჭის მიდამოში, ამიტომ ბუნებაში გასვლისას მნიშვნელოვანია, სწორად შერჩეული ფეხსაცმელი.