Digest Logo

„ათი წლიდან ჩემი დამოუკიდებელი ფინანსები მაქვს“ - რას ჰყვება მარიკა თხელიძე

1710181436
მარიკა თხელიძე

ყველასთვის საყვარელი მომღერალი მარიკა თხელიძე ტელეწამყვანი გახდა. ის, ყოველ შაბათ-კვირას, ტელეკომპანია „პოსტივიზე“ „გვიანი დილის“ პირდაპირი ეთერიდან გაგვიზიარებს დადებით განწყობას და თავისი თბილი ხმით შესრულებული სიმღერებითაც დაგვატკბობს.

მარიკა თხელიძე: ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ბავშვობიდან სულ მაქვს ტელევიზიასთან შეხება და ძალიან მინდოდა, ტელევიზიაში დამეწყო მუშაობა. მივიჩნევ, რომ ჩემს პროფესიასთან ძალიან ახლოსაა ტელევიზია, ჩემი საყვარელი ადამიანები მუშაობენ და უცხო გარემოც არაა. ხმამაღლა არ ვაჟღერებდი, მაგრამ სულ ვფიქრობდი და ჩემს თავს წამყვანად წარმოვიდგენდი, თუმცა კონკრეტულ გადაცემაში არა. ახლა დავიჯერე, რომ ფიქრი მართლა მატერიალიზდება. მართალია, არავისთან ვამბობდი, მაგრამ მართლა ძალიან მინდოდა ტელევიზიაში მუშაობა და ალბათ, იმდენად ძლიერი სურვილი გავუშვი სამყაროში, უკან დამიბრუნდა და ნატვრა ამიხდა. ფაქტია, ფიქრი მატრიალიზდა და დღეს ტელეკომპანია „პოსტივიზე“ გადაცემა „გვიანი დილის“ წამყვანი ვარ. გიგა კუხიანიძესთან და კობა მესხიასთან ლილიკო ნემსაძის სიმღერა „მე და შენ“ რომ ჩავწერე, არაერთმა ტელევიზიამ მიმიწვია და გააჟღერა, მათ შორის, „პოსტივიმაც“. თან, ამ არხზე იმდენჯერ ვიყავი მიწვეული, იმდენად შინაური და თბილი გარემოა, ასე მეგონა, ჩემს სახლში მივდიოდი. იქ მითხრა ერთმა: ერთ მოსვლაზეც შენ, მგონი, აქ დარჩებიო (იცინის). მოკლედ, ერთ დღესაც დამიკავშირდა „გვიანი დილის“ გენერალური პროდიუსერი თამარა მაჭავარიანი და წამყვანობა შემომთავაზა. როგორც რესპონდენტის მიმართ, დადებითი განწყობა არაერთხელ გამოუხატავთ, მაგრამ ამ შემოთავაზებას ნამდვილად არ ველოდი და არც ბევრი მიფიქრია, ისე დავთანხმდი. ჩავთვალე, გამერისკა და გამოწვევა მიმეღო. რა საქმესაც მოვკიდებ ხელს, პასუხისმგებლობით ვეკიდები, მაქსიმალურს ვაკეთებ და აქედან გამომდინარე, ჩემი თავის იმედი მქონდა. პირველ გადაცემაზე ვღელავდი, თუმცა, მეორე გადაცემის ჩაწერის დროს, მღელვარება მომეხსნა. მართალია, გადაცემა ძალიან ადრე არ იწყება, მაგრამ მე მაინც ადრე მივდივარ, რომ მოვწესრიგდე, მაკიაჟი და თმა გავიკეთო, სტუმრებს გადავხედო და მობილიზებული, დადებითი განწყობით დავხვდე ჩემს მაყურებელს. ვერ გეტყვით, დილით ადგომა არ მიჭირს-მეთქი, მაგრამ იმდენად მიხარია სამსახურში მისვლა, სიხარულით ვდგები, სტიმული მაქვს. იმდენად მობილიზებული ვარ, მინდა, ჩემი ოფიციალური „იუთუბ“ გვერდი გავაკეთო, ჩემი ახალი სიმღერა „ინსტაგრამზეც“ დაიდება. სხვათა შორის, ტელევიზიაში გამოჩენის მერე, უამრავი თბილი მესიჯი მომდის ხალხისგან, დადებითი შეფასება და განწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მწერენ: ძალიან გვიხარია, რომ დაუბრუნდი სცენას და ტელევიზიაში წამყვანადაც გამოჩნდიო.

– არაჩვეულებრივ ფორმაში რომ ხარ, ეს ფაქტია, თუმცა, ტელეწამყვანობა სხვანაირ გაპრანჭვას მოითხოვს და ამ მხრივ, მოგიწია გარდერობის გადახალისება?

– სხვათა შორის, რაც ტელევიზიაში წამყვანად ვმუშაობ, სულ გაპრანჭულ ხასიათზე ვარ და გარდერობის გადახალისებაც დავიწყე. ყოველდღიურად, სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ტელევიზია გაპრანჭვას ითხოვს. ჩაცმაში შეზღუდული არ ვარ, მაგრამ თვითონ მომწონს, როცა პირდაპირ ეთერში გამოპრანჭული-მოწესრიგებული ვარ. ყოველი შაბათ-კვირის გათენება მიხარია, ვარ შემართული, სხვა სტიმული და განწყობა მაქვს. თავიდან კი ვნერვიულობდი – პირდაპირ ეთერში რომ უნდა ვყოფილიყავი, ცოტა განვიცადე, მაგრამ არ გამიჭირდა. ჩემს თავს ვუთხარი: შენ ყველაფერი გამოგივა-მეთქი.

– ბოლო სამი წელია, ბათუმში ცხოვრობდი, რადგან მეუღლე ბათუმელია და იქ მუშაობს. შენ თბილისში დაიწყე მუშაობა და როგორ აპირებთ ცოლ-ქმარი დროის გადანაწილებას?

– ტელევიზიაში ყოფნა ყოველდღე არ მიწევს, ამიტომ, ხან მე ვიქნები ბათუმში და ხან გიორგი თბილისში. ამ ეტაპზე ასე ვართ და მერე ვნახოთ, ჩემი ტელეწამყვანობა და მოვლენები როგორ განვითარდება. ამ ეტაპზე, ღვთის წყალობით, მე და გიორგის ყველაფერი კარგად გვაქვს დალაგებული. ასე რომ, ბათუმში სამწლიანი ცხოვრების მერე, თბილისში დავბრუნდი საცხოვრებლად და ნიკოლოზიც სკოლაში აქ შევიდა, ასევე, ამონაშვილის აკადემიაში. პატარა ვივიენს კი საოცარი აღმზრდელი ჰყავს და როცა მე მეგობრებთან ერთად მიწევს ყოფნა ან საქმეზე სიარული, ის უვლის. შაბათ-კვირას კი, დედა მეხმარება მის მოვლაში. ვცდილობ, თავისუფალი დრო შვილებს დავუთმო და გასართობად და სასეირნოდ ერთად დავდივართ. მეგობრები კი მონატრებული მყავდა. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, არ შემიძლია ურთიერთობების გარეშე და რაც საცხოვრებლად ისევ თბილისში გადმოვედი, ვცდილობ, მეგობრებთან ერთად ავინაზღაურო ის დრო, რაც მათ გარეშე გავატარე. ასე ვთქვათ, მათთან ურთიერთობით გულს ვიჯერებ (იცინის). მათი არსებობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა უფალს, ვინც მყავს, ყველა ერთგული და გულწრფელი მეგობარია. ჩვენ ერთმანეთს დადებითი ენერგიით ვავსებთ. ძალიან გაუხარდათ, რომ დავბრუნდი და ახლა, როგორც ტელეწამყვანს, ძალიან მგულშემატკივრობენ.

– როგორ მიიღო მეუღლემ შენი ახალი ამპლუა?

– სულ მიყურებს, მგულშემატკივრობს და რჩევებსაც მაძლევს. გიორგის უყვარს, როცა გაპრანჭული ვარ, მოსწონს სასცენო კოსტიუმები რომ მაცვია და თან, ისიც ეამაყება, ასეთი პასუხისმგებლობით რომ ვუდგები დაკისრებულ მოვალეობას და წამყვანობასაც უცებ ავუღე ალღო. ყოველი პირდაპირი ეთერის მერე პირველი კომპლიმენტი მეუღლისგანაა და მეც ველოდები მის მონაწერს (იცინის). ქალი აუცილებლად რეალიზებული უნდა იყოს, შვილებისთვის სამაგალითო და რასაკვირველია, ოჯახსაც და მეგობრებსაც უნდა დაუთმოს დრო. ამ მხრივ, გამიმართლა და არც დროის გადანაწილება მიჭირს. ვფიქრობ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი ფინანსები. ბავშვობიდან სულ მქონდა ჩემი ფული და ამიტომაც ვიცი მისი ყადრი. ათი წლიდან ჩემი დამოუკიდებელი ფინანსები მაქვს. ცხრა წლიდან ვმღერი და პირველი ჰონორარი ათი წლის ასაკში ავიღე, შემდეგ მთელი 12 წელი კულტურის სამინისტროში ვიმუშვე, სტაჟიანი თანამშრომელი ვიყავი (იცინის). მერე გავთხოვდი და რეალურად, თუ სცენაზე დგომას არ ჩავთვლით, ტელევიზია ჩემი მეორე ოფიციალური სამსახურია. სიამოვნებას მანიჭებს, როცა ჩემი ხელფასით ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს საჩუქრებს ვუკეთებ ან სადმე ვპატიჟებ.

– ახლა, ტელეწამყვანობიდან აღებული პირველი ხელფასის დახარჯვას სად გეგმავ?

– წინასწარ დაგეგმვა არ მიყვარს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ტელევიზიაში აღებული ჩემი პირველი ხელფასით მეუღლეს გავუკეთებ საჩუქარს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

6 წლის ასაკში ოჯახის ორი წევრი თვალწინ მოუკლეს და სახლი გადაუწვეს - „აფრასიძეების კლანის“ გახმაურებული საქმე

როგორ მოვამზადოთ „ბეილისი“ სახლის პირობებში

🎥 ცნობილია სიმღერა, რომლითაც ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

წყარო: tbiliselebi.ge