ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ B ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე ისაუბრა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, რომ B ჰეპატიტს აქვს გაცილებით უფრო მაღალი ონკოგენური უნარი, ვიდრე C ჰეპატიტს.
„თუ C ჰეპატიტის პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ძირითად ხარჯებს იღებდა ამერიკული მხარე, საუბარია მედიკამენტებზე, რამდენიმე მილიარდი დოლარის მედიკამენტები იყო მოწოდებული, თუ შიდსს ძირითადად სახელმწიფო ახორციელებდა, მაგრამ გლობალური ფონდის მხარდაჭერითა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების მიერ, B ჰეპატიტის პროგრამა მთლიანად სახელმწიფოს მიერ იქნება დაფინანსებული.
2 წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 70 ათასი ქრონიკული ავადმყოფია B ჰეპატიტით. კერძოდ, დადგინდა, რომ ყველა გამოკვლეულის 2,7%-ს აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი და ეს მოსახლეობაზე გადათვლით გამოდის დაახლოებით 70 ათასი, მაგრამ ამ 70 ათასიდან ყველა არ საჭიროებს მკურნალობის დაუყოვნებლივ ჩატარებას. მკურნალობის დაწყებას აქვს კრიტერიუმები.
სამწუხაროდ, B ჰეპატიტს ძალიან სერიოზული გართულებები ახასიათებს.
ესენია:
✔️ ღვიძლის ციროზი
✔️ ღვიძლის კიბო
✔️ ღვიძლის უკმარისობა
ესენი ყველა სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებებია. უნდა აღინიშნოს და ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომელიც მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა C ჰეპატიტის პრობლემას და ნაკლებად სერიოზულად აღიქვამს B ჰეპატიტს, მას აქვს გაცილებით უფრო მაღალი ონკოგენური უნარი, ვიდრე C ჰეპატიტს. ანუ B ჰეპატიტს შეუძლია ღვიძლის კიბოს გამოწვევა უფრო მაღალი ალბათობით“, - აცხადებს ცერცვაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლელა წურწუმიას კონცერტზე გიორგი მამარდაშვილმა დაურეკა - რა ვიდეოს აქვეყნებს მამულიჩა?