პოლიტიკოსმა ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „დღის პოსტში“ სტუმრობისას საზოგადოებას თავისი ცხოვრების წესი, სეზონური სამზადისი და ოჯახური ემოციები გაუზიარა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეულ წელიწადის დროს მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
ხათუნა ხოფერიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შვილებისა და მძახლების გარემოცვაში შექმნილ ჰარმონიულ გარემოს, სადაც მთავარი ღირებულება ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და წარსული წყენების გულში არ გაყოლაა.
ხოფერიას თქმით, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ ვინმეს ეჭიდაო ან რამე დაუმტკიცო, ამიტომ პატიებით ცხოვრება ყველაზე სწორი გზაა იმისათვის, რომ ახალ თაობას ცხოვრება მაქსიმალურად გაულამაზო:
„გაზაფხული არის ემოციების, სიყვარულის ლექსების, სულიერი ცხოვრების პერიოდი. ზაფხული არის ფიზიკური დასვენების პერიოდი. შენ სხეულს უნდა მიანიჭო სიამოვნება. შემოდგომა არის ოჯახის, ოჯახს ეკუთვნის და მასზე უნდა იზრუნო. ზამთარი კი არის ფიქრის პერიოდი. გონებრივად უნდა დაიტვირთო. ეს რომ შეძლო შემოდგომაზე უნდა მოემზადო. შემოდგომაზე ყველაფერი ერთიანად თავს იყრის.
ჩემი სამზადისი ასეთია: უნდა აღვნიშნო რომ ჩემი შვილის, ბექას პირველი მეუღლის დედა ფატი არის ჩემი მარჯვენა ხელი. თიკა ჯამბურიას დედაზე არის საუბარი. ჩვენ დებივით ვართ დღემდე. ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, მეგობრებსაც ვუკეთებთ. მაგალითად ირმა ჭკადუას 200 ლიტრი პომიდვრის წვენი მოვუმზადეთ. შრომატევადი არის ყველაფერი, მაგრამ როგორ აკეთებ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა მხიარულებაში ატარებ ამ სამზადისს ეს სულ სხვანაირია. თიკა ძალიან კარგად გვეხმარება ხოლმე, თუმცა ტრადიციულ საჭმელებში არ ერევა.
ზოგადად ისე ვცხოვრობ, რომ სხვებთან პრეტენზია არ მაქვს, პრეტენზიები მაქვს საკუთარ თავთან. აღმოჩნდა, რომ ფატიც ასეთია თიკას დედა. გულზე გაყოლა არ იცის წყენის. ჩვენ გვყავს ულამაზესი ნინა, რომელიც 15 წლის არის. ჩვენი გაზრდილია, ისე უყვარს ჩვენთან ერთად ყოფნა, როგორ შეიძლება, რაღაცის გამო ეს ურთიერთობა გავწყვიტოთ?!
თიკას მამაც საოცარი ადამიანია, გენერალივით გვერდში მიდგას ყოველთვის. როგორიც უნდა იყოს ოჯახი, ისეთი ურთიერთობა გვაქვს ყოველდღიური.
მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ბექამ ბევრი შვილიშვილები და კარგი მძახლები მაჩუქა. ასევე რეზიკომაც. არ ღირს ეს ცხოვრება საიმისოდ, რომ რაღაცები მოიგონო, ვიღაცას ეჭიდაო. მაინც ვერავის ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ. პატიებით და სიყვარულით უნდა იცხოვრო. იმ ბავშვებს სხვანაირად ვერ გაულამაზებ ცხოვრებას.
ჩვენ ოჯახში ძირითადად სიმღერებია, ბევრი ცნობილი სახე მოდის, თემურ თათარაშვილი და ა.შ. სიმღერებია, ცეკვებია, სიცილია, ურთიერთობებია. საკვებს მე თვითონ ვამზადებ. გოჭსაც კი თავად ვწვავ“, - აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორ და რატომ უნდა მივიღოთ ჩიას თესლი წყალთან ერთად - სპეციალისტების რჩევები და მარტივი რეცეპტი