Digest Logo

ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს

1795189880
ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს.

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავენ. ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს.

მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს.

ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს“, - აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „მადლობა ღმერთს, გოგონა გადარჩა...მძიმე დღეებს გავდივართ“ - გიორგი ლობჯანიძის გაფრთხილება მზე-მარსის კვადრატზე

⭕მზე მშვილდოსანში გადადის: 22 ნოემბრიდან ზოდიაქოს 6 ნიშანს წარმატებული პერიოდი ეწყება – ვის მოუტანს მშვილდოსნის სეზონი იღბალს?

⭕„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” - ფონიჭალის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ პატარას ემშვიდობებიან

✕