„შუა ქალაქში“ ქართული საზოგადოებისთვის ყველა დროის საყვარელი სერიალი, იუმორისტული სიუჟეტია, რომელიც მეგობრების ჯგუფზეა და ისინი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ვაკეში ცხოვრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ სერიალის ბოლო ეპიზოდი 2017 წელს, თითქმის 10 წლის წინ გავიდა ეთერში, დღემდე არ კარგავს პოპულარობას. მათ შორის იმ ახალგაზრდებშიც, რომლებიც სერიალის მიმდინარეობის პერიოდში დაბადებულებიც კი არ იყვნენ.
მსახიობი ლელა მებურიშვილი სერიალში „თიკას“ როლს ასრულებდა. წლების შემდეგ „იუთუბის“ საავტორო გადაცემაში, გადაწყვიტა შეეკრიბა ლეგენდარული სერიალის მსახიობები და ერთად გატარებული დრო გაეხსენებინათ:
ჯაბა კილაძე (სანდრო): ვფიქრობ რომ ყველაზე ძვირფასი რაც შევიძინე, არის გამოცდილება, რომელმაც შემდგომ პროფესიაში ჩამომაყალიბა. უდიდესი როლი ითამაშა. მეორე, მეც და ასევე ყველა მონაწილესა და შემქმნელს ყველაზე დიდი მოუტანა - ეს არის ადამიანების სიყვარული. კლასიკა გამოვიდა, სიბრძნეც ამაშია, რომ ნებისმიერ ეპოქას ერგება. ძალიან თბილად მახსენდება ეგ დრო. მე ეგეთ პროფესიონალურად აწყობილ საქმეში არც მანამდე და არც მერე არ ვყოფილვარ. იდეალური მაგალითია ახალი სიტყვისა და გუნდური მუშაობის. 300 ადამიანამდე ესწრებოდა ჩაწერას. ორ 45-წუთიან სერიას ერთ შესვენებაში ვწერდით. ეს არის სრული სიგიჟე.
თამუნა ნიკოლაძე (ქეთევანი): 19 წელი სრულდება სექტემბერში, რაც პირველი სერია გავიდა ეთერში. 23 სექტემბერი იყო. 10 წელი ვიყავით პავილიონში, მას შემდეგ რაც დამთავრდა, მაგრამ ეს არის საოცრება. ძალიან სწორი ამბავია, სიუჟეტი, არის ურთიერთობები და მკვეთრი, საქართველოსთვის დამახასიათებელი ადამიანები.
„შუა ქალაქის“ ბობოქარი სერიების პარალელურად, იყო პროცესი, როდესაც გავიარე ძალიან რთული, დაძაბული და ტკივილიანი პირადი ცხოვრება. ნუ მოხდა რაღაცები, დავემშვიდობე, ასე გადაწყდა. ალბათ ასეც იყო საჭირო. პავილიონში როცა მივდიოდი, მაქსიმალურად ვცდილობდი დამეფარა ჩემი ცრემლიანი თვალები და ტკივილიანი გული.
თათული ედიშერაშვილი (თამარი): მთავარი ნიშა ამ სერიალის არის ის, რომ არის კეთილი. ზუსტად იმ ფასეულობებზეა იუმორში და სიცილშია ის ყველაფერი, რაც ჩვენ გვიყვარს და ჩვენ სისხლშია. ბუნებრივია, სერიალმა მომიტანა პოპულარობა და სიყვარული, თუმცა ყველაზე მთავარი რასაც ვუფრთხილდები არის პასუხისმგებლობა. პროფესიული და მოქალაქის პასუხისმგებლობა. ყველანაირი პასუხისმგებლობა გამიზვიადა. „შუა ქალაქს“ ვთვლი ღმერთის საჩუქრად. ეს იყო იღბალი, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდით.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: