ტელეწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ იუთუბის არხზე პოდკასტში - კოტCAST საკუთარ ვიზუალზე, გადატანილ ოპერაციებსა და ბავშვობის უმძიმეს პერიოდზე გულახდილად ისაუბრა. როგორც იგი აღნიშნავს, საკუთარ თავს კრიტიკულად აფასებს, თუმცა თვითდაჯერებულობა მისი წარმატების მთავარი ფორმულაა.
ინტერვიუში გიორგი ბავშვობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ტელეწამყვანი იხსენებს, რომ 11 წლის განმავლობაში ნერვულ ეპილეფსიურ გულყრებს ებრძოდა.
როგორ აფასებთ ვიზუალურად საკუთარ თავს?
გიორგი ნაზღაიძე: ვიზუალური თვალსაზრისით საკუთარ თავს „სარკასტულად“ ნამდვილად არ ვაფასებ, თუმცა არის დეტალები, რომლებიც მომწონს ან პირიქით, არ მომწონს. ვფიქრობ, ობიექტური ვარ.
რატომ გახდა საჭირო რინოპლასტიკის სამჯერ გაკეთება?
გიორგი ნაზღაიძე: პირველი ოპერაცია ჩემი შეცდომა იყო. ის ავარიის გამო დამჭირდა, სუნთქვის პრობლემა მქონდა, თუმცა რაკი ვიკეთებდი, ნესტოების დათხელებაც გადავწყვიტე. სამწუხაროდ, არაკვალიფიციურ სპეციალისტთან მოვხვდი. მეორე ოპერაციამ უკვე საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. რაც შეეხება მესამეს, ყველამ იცის, ვისაც ეს გამოცდილება აქვს, რომ წლების შემდეგ გარკვეული შესწორება ხშირად ხდება საჭირო. ჩემი მოთხოვნა არასდროს ყოფილა „კურნოსა“ ცხვირი, დიდ ცვლილებებსაც ყოველთვის ვერიდებოდი.
კიდევ რაიმე პლასტიკური ჩარევა თუ გაქვთ გაკეთებული?
გიორგი ნაზღაიძე: მაქვს თვალის ქუთუთოების პლასტიკა. მიმაჩნია, რომ როდესაც ეკრანზე ჩანხარ, აუცილებელია კარგად გამოიყურებოდე, არ უნდა იყო „ჩამოშლილი“. თვალებზე ე.წ. ბალიშები მქონდა, რაც დაღლილ იერს მძენდა და მათი მოშორება ვარჩიე.
მიმართავთ თუ არა თავის მოვლის არაქირურგიულ პროცედურებს?
გიორგი ნაზღაიძე: ვთვლი, რომ ჩემი სახე ამ ეტაპზე მსგავს ჩარევებს არ საჭიროებს. ხუმრობენ კიდეც ჩემს გარშემო, უფლება რომ მოგცენ, ალბათ არც იბანავებდიო.
რაში ხარჯავთ ძირითადად ფულს?
გიორგი ნაზღაიძე: ჩემი შემოსავლის უდიდესი ნაწილი კარგ კვებასა და ჩაცმაში მიდის. ეს ჩემი პრიორიტეტებია.
11 წლის განმავლობაში ებრძოდით ეპილეფსიას. როგორ დაამარცხეთ ეს დაავადება?
გიორგი ნაზღაიძე: ეს იყო ნერვული ეპილეფსიური გულყრები. მშობლებს სხვადასხვა ექიმთან დავყავდი, თუმცა მაშინ ყველა მალავდა ამ დიაგნოზს და ფარულ ცენტრებში გვიწევდა სიარული. რეალური შედეგი ვერაფერმა გამოიღო, სანამ არ ვიპოვეთ ექიმი, რომელიც საკითხს ფსიქოლოგიურად მიუდგა. ის მიხსნიდა, რომ აუცილებელი იყო საკუთარი თავისთვის დამეჯერებინა, არაფერი მომივიდოდა. მკურნალობამ სამ წელიწად-ნახევარი გასტანა და შედეგიც გამოიღო.
როგორი რეაქცია გაქვთ ხალხის კრიტიკაზე?
გიორგი ნაზღაიძე: ერთადერთი, რის გამოც ხალხი კრიტიკას ვერ გამოხატავს, ალბათ ჩემი ვიზუალია. შეიძლება თქვან, რომ მეტყველება არ მივარგა ან ხმის ტემბრი არ მოსწონთ, მაგრამ ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ჩემზე თქვას, მახინჯიაო.
მე ყველას ვეუბნები, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ ხარ საუკეთესო, ლამაზი და ჭკვიანი. სხვა ისე ვერ შეგაქებს, როგორც შენ, საკუთარ თავს. მე ჩემი თავი ამაში დავარწმუნე და ვფიქრობ, ეს მიდგომა წარმატებით მუშაობს.