
მუდამ მოღიმარი, სულ მოწესრიგებული, ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე მყოფი, შეუდარებელი მოდის ექსპერტ დალი ჩიტალაძისთვის, წლების მატება სულაც არ არის საშიში. პირიქით, მისი აზრით, სიბერე ადამიანისთვის ღმერთისგან ნაჩუქარი მადლია. მიუხედავად პრობლემებისა, არასოდეს ვარდება დეპრესიაში და დარწმუნებულია, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელია. მისი ხასიათის წყალობით, არასოდეს ნანობს წარსულში გადადგმულ ნაბიჯებს, სულ განვითარებისკენ ისწრაფვის და ცდილობს, თავისი პოზიტივითა და ღიმილით, გარშემო მყოფები გააბედნიეროს.
დალი ჩიტალაძე: ბევრი განიცდის ასაკის მომატებას. სხვებისთვის, ეს შეიძლება, უკავშირდებოდეს კომპლექსებს, სევდასა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. მე იმდენად გამოვიწვრთვენი ტრავმებით, ტრაგედიებით, წარმატებით და ზოგადად, ამდენი ცხოვრებისეული გამოცდილებით, პირიქით, უფრო გავძლიერდი. მომატებულმა წლებმა უფრო მეტად თავდაჯერებული გამხადა. ყოველთვის გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვიყავი და დღესაც ასეა, ვიცი, ხვალ უკეთესი დღე იქნება. არასოდეს ვვარდები დეპრესიაში, სასოწარკვეთაში და რაც მთავარია, ადეკვატურად აღვიქვამ ჩემს წლებს, ჩემს მდგომარეობას და გარშემო სამყაროს. ვცდილობ, ყოველთვის შევინარჩუნო შინაგანი სიმშვიდე, რაც ყველაზე მთავარია. ამ უკანასკნელს კი ბოლო წლებში მივაღწიე, მანამდე სულ ფორიაქში ვიყავი, შინაგანად სულ განვიცდიდი და ვიცი, ეს ასე აღარ იქნება და ესეც ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მასწავლა და მოიტანა, ასევე, სურვილი, რომ შენი თავისგან გააკეთო უკეთესი შენი თავი. სიბერე ღმერთისგან ბოძებული მადლია და ამიტომ, თუ სარკეში ჩახედვისას ნაოჭს შევამჩნევ, ამას არ განვიცდი, პირიქით. მაგალითად, ჩემი და და ჩემი ძმა ვერ დაბერდნენ, ახალგაზრდები წავიდნენ ამ ქვეყნიდან. მე, მომეცა იმის საშუალება, დავბერდე და ღმერთმა კიდევ მომცეს ის წლები, რასაც ჰქვია ჩვეულებრივი, ბუნებითა და ღვთისაგან ბოძებული სიბერე. სიბერეს ვერავინ გავექცევით. მინდა, დავბერდე ჯანმრთელად და ლამაზად. ასე რომ, მე სიბერის არ მეშინია. მართალია, ქვეცნობიერად ყველას აქვს შიში, მაგრამ ქვეცნობიერს არ უნდა დავექვემდებაროთ და უნდა ვთქვათ, ყველაფერი კარგად იქნება. ყოველ დილით მადლიერებით ვიღვიძებ და ვამბობ, მადლობა უფალს, მადლობა სამყაროს, რომ მე ვარ დღეს და მაქვს ეს წამი და წუთი. ესაა, დასაფასებელი და ზოგადად, მადლიერების გრძნობა, რაც წლები მემატება, უფრო და უფრო მძაფრდება. მადლიერი ვარ რომ მაქვს ოჯახი, მყავს შვილი, დედა, ჩემი უსაყვარლესი და უკარგესი მეგობრები. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და ამისთვის, მადლობა როგორ არ გადავიხადო.
– ადამიანის ოპტიმისტური განწყობა და ხასიათი ადამიანის გარეგნობაზე თუ აისახება?
– რა თქმა უნდა, ადამიანის ოპტმისტური განწყობა და ხასიათი მის გარეგნობაზე აისახება. ოპტიმისტი ადამიანები, ვისაც კარგი მომავლის სჯერათ, ბედნიერები არიან. ასე რომ, გვიანი დაბერების მიზეზი შინაგანი განწყობა და ოპტიმიზმია. ოპტიმისტი რომ ხარ, ყოველთვის ეძებ გზებს, თავი უკეთესად იგრძნო, ყოველთვის აკეთებ სიკეთეს, რომ იგივე დაგიბრუნდეს და ბედნიერი იყო. სიკეთეს სიკეთე მოაქვს, ბოროტებას კი – სიბოროტე, ანუ ცხოვრებაში ყველაფერი ბუმერანგია. ასე რომ, უნდა ეცადო, იყო ჯანმრთელი და ბედნიერი და ეს უნდა გაითავისო თინეიჯერობის ასაკიდან, რასაც ოჯახი უყრის საფუძველს.
– არის ისეთი რამ, რასაც ნანობთ?
– ერთადერთი რასაც ძალიან ვნანობ, არის ის, რომ არ მყავს ბევრი შვილი. მეორედ რომ გავითხოვდი, შვილის გაჩენა ჩარევების გარეშე არ გამოვიდოდა, პრობლემები მქონდა და ახლა ვნანობ, რომ არ ვიბრძოლე. მეც მყავდა შვილი, მეუღლესაც და ვამბობდი, თუ ღმერთს უნდა, საერთო შვილსაც მოგვცემს-მეთქი. ახლა ძალიან ვნანობ, რადგან ღმერთი გაძლევს შანსს და შენ უნდა იბრძოლო. ამას ახლა მივხვდი, არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი და ახლა ამას ვნანობ. ყველას მოვუწოდებ: სანამ შანსი გაქვთ, იბრძოლეთ, ყველაფერი გააკეთეთ და არ დანებდეთ! მითხრეს, ცხრა თვე უნდა იწვე და არ ვიცით, შეგრჩება თუ არა ბავშვიო. მე იმდენად აქტიური ადამიანი ვარ, რომ წარმოვიდგინე, ცხრა თქვე უნდა ვწოლილიყავი, ცოტა შიშიც იყო, ცოტა დაბნევაც და ამიტომ უარი ვთქვი. მიუხედავად ყველაფრისა, იღბლიანიც ვარ და ბედნიერიც. უბრალოდ, ზოგს შესაძლოა, ადვილად მოსდის წარმატება, მე ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომო, ბევრი ბარიერი გავიარო და ბოლოს ვაღწევ. ერთი სიტყვით, წარმატება მოდის ჩემთან, მაგრამ მძიმედ. ამისთვის, უნდა ვიბრძოლო, ვიშრომო და დასახული მიზნისთვის ვიყო ორიენტირებული. თან, ერთი თვისება მაქვს: თუ რამეზე ავიყარე გული და ვთქვი არა, იქ მიბრუნება არ ვიცი. ადამიანებთანაც ასე ვარ – შეიძლება, ბევრი მოვითმინო, ვაპატიო, წავიყრუო, ვითომ არ გამიგია და არ დამინახავს, მაგრამ თუ ის ადამიანი არ გაჩერდა, ურთიერთობაც მეცვლება. არადა, სულ მინდა, ადამიანებში კარგი დავინახო და ცუდზე თვალი დავხუჭო. ძალიან უნდა მიყვარდეს ადამიანი, რომ ბევრი მოვითმინო. სრულყოფილი არავინაა, მეც მაქვს შეცდომები, მაგრამ შეცდომას გააჩნია. თუ წყენა დამეუფლა, მირჩევნია, დისტანცია დავიჭირო. ბუნებით ერთგული ადამიანი ვარ, დამიკარგავს ადამიანი, მაგრამ ბევრი არა, თითზე ჩამოსათვლელი. თუ მიყვარს, მიყვარს ბოლომდე. მიმტევებელი ადამიანი ვარ, მივუტევებ, მაგრამ ის გრძნობა აღარ მექნება და ურთიერთობაც ცივდება. საბედნიეროდ, დღეს გვერდით, მყავს ერთგული ადამიანები. ზოგადად, ყველანაირი ურთიერთობა თუ არ კვებე, თუ არ ასაზრდოვე, მეგობრულია ის, ცოლქმრული თუ დედაშვილური, იქ ურთიერთობა ცივდება. ამიტომ, თუ ადამიანი შენთვის ძვირფასია, აუცილებელია მისთვის ენერგიის გაცემა, მოფერება, სიყვარული, რომ უკან იგივე მიიღო. სიყვარული სულ უნდა კვებო და ურთიერთობა არ გააცივო. მეგობრებსაც სულ ვეუბნები, დიდ დისტანციაზე მეგობრობა და ურთიერთობა არ გამოდის, სიხლოვე არასდროს დაკარგოთ-მეთქი. და, მთავარი – თუ შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებ, ესაა ადამიანის ყველაზე დიდი მიღწევა. და, მე ეს მოვიპოვე. შინაგანი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა წლებთან ერთად მოდის და გამოცდილების ხარჯზე, შენი ინტელექტის, განათლებისა და მდიდარი სულიერი სამყაროს საფუძველზე. არასოდეს არ უნდა გაჩერდე, არ უნდა გააჩერო შენი თავის პროგრესიერება. ესაა ჩემი წარმატების ფორმულა. როგორც კი გაჩერდება, იქ ბერდება ადამიანი. ჩემი თავისთვის დრო არ მაქვს – ამ სიტყვებს ვერცერთ ქალს ვერ ვაპატიებ. თუ შენი თავი გიყვარს, შეუძლებელია, შენი თავისთვის ოცდაოთხი საათიდან ვერ გამონახო ერთი ან ორი საათი, რომელსაც შენს ჯანმრთელობას, ფიზიკურ აქტივობას, თავის მოვლას არ მიუძღვნი. რომ წამოვწვე და ვინერვულო, ვაიმე, რა მეშველება-მეთქი, ეს დიდი სისულელეა. ადექი, მოიფიქრე საშუალება, დაძაბე ტვინი, შეაწუხე ადამიანები და გააკეთე ის, რაც გინდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕5 წლის ანა ტრაგიკულად დაიღუპა - „საბედისწერო აღმოჩნდა მაიამის ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზი“
⭕„...დანარჩენს აღარ ვიტყვი, თორემ ორივეს დაგვიჭერენ“ - რას ჰყვება ბედინა
წყარო: tbiliselebi.ge