მომღერალმა და ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან დაახლოებით სამი კვირის წინ მიიღო, თუმცა, ამის შესახებ საჯაროდ დღეს განაცხადა.
ნინი ბადურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს მის ძირითად პროფესიას დაუბრუნდეს და კარიერა კვლავ მუსიკალურ სფეროში გააგრძელოს, თუმცა, ამის მიუხედავად მომღერლის გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურად აფასებს.
ფაქტის გადასამოწმებლად „დაიჯესტი“ ნინი ბადურაშვილს ესაუბრა.
მომღერალი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონია არანაირი პოლიტიკური საბაბი.
ნინი ბადურაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მისი ტელეკომპანია „იმედიდან“ წასვლა არ დაუკავშირონ პოლიტიკას:
„დიახ, ვადასტურებ, რომ ტელეკომპანია „იმედში“ აღარ ვარ, დაახლოებით, 3 კვირის წინ ბოლო გადაცემა ჩაიწერა და ახლა ჩაწერილი გადაცემები გადის. თებერვლიდან ეკო ფანგანი წაიყვანს გადაცემას ჩემს მაგივრად“, - აღნიშნა ბადურაშვილმა.
კითხვაზე, მოახდინა თუ არა მის გადაწყვეტილებაზე გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა, ბადურაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ „პოლიტიკა არაფერ შუაშია“.
„ჩემი თხოვნაა, ამას არ დაუდონ პოლიტიკური სარჩული, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, ეს ეტაპი იყო ჩემ ცხოვრებაში, დიდი გამოცდილება მივიღე იმ ადამიანებთან ერთად, ვინც იყო „პრაიმშოუში“, ამ წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ გადამხდა ტელეკომპანია „იმედში“ ჩემ მეგობრებთან ერთად.
ახლა კი მინდა ჩემს ძირითად პროფესიას დავუთმო დრო, რასაც აქამდე ვაკეთებდი... კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონია არანაირი პოლიტიკური სარჩული“, - ამბობს ნინი ბადურაშვილი.
ნინი ბადურაშვილს ეკო ფანგანი ჩაანაცვლებს. გადაცემის წამყვანებად რჩებიან ნინო ნადირაძე, ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე და ირაკლი მაქაცარია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: