Digest Logo

„ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, ღმერთმა მეორედ მაჩუქა სიცოცხლე“ - რას ამბობს მერიკო კარტოზია

1741082439
მერიკო კარტოზია

მერიკო კარტოზიას ამერიკული ცხოვრება საინტერესო სიახლეებით გრძელდება. მართალია, შტატებში ამდენ ხანს დარჩენას არ აპირებდა, თუმცა, ფეხზე მიღებულმა მძიმე ტრავმამ ყველაფერი შეცვალა და რადგან დარჩენა გახდა საჭირო, მერიკო ამერიკული ცხოვრების რიტმშიც ჩაება. 

მერიკო კარტოზია: ამერიკა მუდმივად სიურპრიზებს გთავაზებს და უამრავ შესაძლებლობას გაძლევს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ტრამპის ინაუგურაციაზე ვიყავი, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. ბილეთიც მქონდა, მაგრამ უამინდობის გამო აქტივობები შეიცვალა და ღონისძიებამ მხოლოდ დახურულ სივრცეში გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ყინვა -15 გრადუსი იყო, მაინც წავედი, რომ ამ ისტორიული მომენტის მომსწრე ვყოფილიყავი. არ ვნანობ, საოცარი სანახავი იყო იმ დღეს ვაშინგტონი – საომარი და სადღესასწაულო ვითარება ერთდროულად პირველად ვნახე.

– ესე იგი, მალე მსახიობის ამპლუით მოგვევლინები.

– ძალიან მინდა, რომ ჩემი საქართველო მსოფლიო დონეზეც ვასახელო და თქვენც უფრო მეტად გაგახაროთ. ვნახოთ, რა იქნება ცოტა ხანში. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ძალიან კარგი ამბები მექნება მოსაყოლი.

– ამის გარდა, კიდევ გაქვს კარგი სიახლეები...

– აქაურ სამთავრობო რადიოში ვიყავით შეხვედრაზე. ძალიან უნდათ, ქართულად წავიყვანო გადაცემა. აქ ძალიან დიდ პატივს სცემენ ნაციონალობას, რწმენას, კულტურას, როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე სხვისას. აქვთ იდეა და ძალიან უნდათ, გავაკეთო ქართულენოვანი გადაცემა, რომელიც ემიგრანტებსაც გაახარებს და აბსოლუტურად იქნება დაცული ჩვენი ენა, კულტურა, ტრადიცია, რელიგია. უნდათ, ჩვენი ქვეყნის შესახებ ადამიანებს ქართულ ენაზე მივაწოდო ინფორმაცია.

– ცოტა რთული იყო მიზეზი, რის გამოც დარჩენა მოგიწია, მაგრამ როგორი კარგი ამბები მოჰყვა და რამხელა პერსპექტივები.

– სიმართლე გითხრათ, არც პორტფოლიოს გაგზავნაზე ვფიქრობდი. ოცნება თბილისშიც მქონდა. რატომაც არა, როცა სერიოზული კომპანია დიდ პროექტს გთავაზობს, მაგრამ ამისთვის არ მეცალა. მე ჩემს გადაცემას ვემსახურებოდი, საქართველოში წამოსასვლელად ვემზადებოდი და მერე, უცებ ასეთი უბედური შემთხვევა დამემართა.

ჩემი ცხოვრება მართლა ორ ნაწილად იყოფა: ამერიკამდე და ამერიკის შემდეგ. ღმერთმა მეორედ მაჩუქა სიცოცხლე. ჯერ იყო ავტოავარია, მერე ფეხის ტრავმა, ორი ოპერაცია.

- 6-7 თვე რომ გადის, უკვე ფიქრობ, რომ ფეხზე უნდა დადგე და ამ დროს გეუბნებიან, რომ არა, მეორე ოპერაციაა საჭირო. ამ ყველაფერმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ძალიან შევიცვალე, თუმცა კარგი მხრივ. არ ვფიქრობ, ვაიმე, ეს რა დამემართა-მეთქი. პირიქით, მადლიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ, მადლიერი ვარ, რომ გადავრჩი და ვფიქრობ, ალბათ, ამქვეყნად კიდევ მაქვს მნიშვნელოვანი მისია შესასრულებელი, ტყუილად ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი?! რაც ამერიკაში ჩამოვედი, საერთოდ დავკარგე კონტროლი ჩემს ცხოვრებასა და გეგმებზე. ცოტა მისტიკური ქვეყანაა, თითქოს, თვითონ გკარნახობს, როგორ მოიქცე. რამდენჯერაც ვთქვი, მორჩა, ბოლო გადაცემას ვწერ და საქართველოში ვბრუნდები-მეთქი, იმდენი ახალი მიზეზი გამოჩნდა დასარჩენად... 17 აპრილს გაცნობიერებული მქონდა, რომ 20-ში ბოლო გადაცემას ჩავწერდი და მაისში უნდა წამოვსულიყავი. უკვე ყველანაირი დრო მეწურებოდა და საბუთების გაფუჭება არ მინდოდა. 20 აპრილს ისეთი ინციდენტი შემემთხვა, 7 უმძიმესი თვე გავიარე. ახლა ბევრად უკეთ ვარ, ჯოხით გადაადგილებაზე გადავედი. კვირაში სამჯერ მავარჯიშებენ ჩემი ფიზიოთერაპევტები და სახლში თვითონაც ვვარჯიშობ. ახლა მთავარია, რვა თვის განმავლობაში მოდუნებული კუნთები აღდგეს. ყოველდღიურად უკეთ ვგრძნობ თავს. ტკივილები მაქვს, ჯოხის გარეშე ვკოჭლობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ჩვეულებრივად გავივლი, როგორც მანამდე. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ხანდახან მავიწყდება, რა მჭირს, წამოვხტები ხოლმე სადმე გასაქცევად, მაგრამ სად გაიქცევი, ფეხი მაშინვე მაჩერებს (იცინის). ტვინმა ჯერ კიდევ ვერ მიიღო ის ფაქტი, რომ ამხელა მოტეხილობა მქონდა და ამდენი თვე ამ მდგომარეობაში გავატარე. არ დავითრგუნე, პირიქით, უკეთ ვირწმუნე, რომ შეუძლებელი არაფერია და ზოგჯერ ადამიანს ოცნებაც არ გჭირდება, უბრალოდ, უნდა ადგე და გააკეთო. მით უმეტეს, ამერიკაში ბევრი შანსი გეძლევა და მთავარია, საკუთარ სურვილებზე უარი არ თქვა სიზამაცის გამო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მთელი ცხოვრებაა ჩემს ეგოიზმსა და სიჯიუტეს ებრძვის, მეხუმრება ხოლმე, ეს რქები ვერ მოგამტვრიეო“ - რას ამბობს თაკო მჭედლიშვილი

„წესით საჩუქრებს უნდა გჩუქნიდე და შენს ბედნიერ სახეს ვუყურებდე, ლამაზს და მოღიმარს“ - ოთო ფოლადაშვილის ემოციური პოსტი

რა გავლენას ახდენს ადამიანზე კვირის კონკრეტულ დღეს დაბადება - „მას სჭირდება აღიარება და არა სიყვარული“

წყარო: tbiliselebi.ge