1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„26 მაისი საქართველოს დღეა - ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი თვითშემეცნების, ჩვენი თვითიდენტიფიცირების, ჩვენი თავისუფლების, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, მსოფლიო კულტურაში ჩვენი შეტანილი წვლილის, ჩვენი დროშის, ჩვენი ჰიმნის.
ჩვენ მხოლოდ ღმერთის ვალი გვაქვს - სხვა არავის და არაფრის:
არც სხვა ქვეყნის;
არც სხვა სარწმუნოების;
არც სხვა კულტურის;
არც სხვა ენის;
არც სხვისი ნიჭიერების;
არც რომელიმე დროის.
ჩვენ დავიმსახურეთ ის, რომ გვქონდეს არა მხოლოდ სამშობლო, არამედ სახელმწიფოც.
ჩვენ დავიმსახურეთ მსოფლიო ფუნქცია და დანიშნულება - სხვაგვარად სახელმწიფო ვერ იარსებებს.
ჩვენ საინტერესო ხალხი ვართ ერთმანეთისა და სხვებისთვის - ფიქრით, ღირსებით, ქცევით, წარმატებებით და შეცდომებითაც.
არავის აქვს უფლება თავისი ნება თავს მოგვახვიოს - ისტორიამ, ათასმა გაჭირვებამ, საუკუნო თავგადასავალმა უფლება მოგვცა ჩვენი მომავალი თავად ავირჩიოთ და შევქმნათ.
ჩვენი ისტორიული არჩევანი ქრისტიანობაზე დაფუძნებული ევროპაა. „ჩვეულებისაებრ მამულის სლვა“ სწორედ ამას გამოხატავს.
რა თქმა უნდა, უფლებას ვიტოვებთ, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს მსოფლიოს ნებისმიერ ჩვენთვის ღირებულ და ჩვენს ინტერესებთან ასე თუ ისე დაკავშირებულ ქვეყანასთან.
უნდა გვახსოვდეს და ვუფრთხილდებოდეთ ყველაფერს, რაც ქართველის ისტორიულ თუ სამომავლო სახეს ქმნის დრომ ჩვენი ბუნება კი არ უნდა წაშალოს, არამედ განავითაროს და სრულქმნას. ვინ ვიქნებით ჩვენ, ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარი თუ დავკარგეთ?!
ჩვენ ვიყავით ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთის დამცველები - საუკუნეთა განმავლობაში ამ იდეას (რომელიც ჯერ კიდევ „აბოს წამებაშია“ ნახსენები) თავადაც ვემსახურებოდით და სხვებიც (ნახეთ, მაგალითად, ებსდორფის რუკა) აღიარებდნენ.
ახლაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფუნქცია გვაქვს თანამედროვე აბრეშუმის გზაზე - აღმოსავლეთსა და დასავლეთს ძლიერი ხიდი სჭირდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირებისთვის. ასეთ სიძლიერეს, გარდა თანამედროვე ცხოვრების ლოგიკისა, თავადაც უნდა ვქმნიდეთ ფიქრითაც და განწყობითაც.
საქართველოს თავისი სასიცოცხლო სივრცე უნდა ჰქონდეს და უმთავრეს ინტერესებს მუდმივად იცავდეს - მათ გარეშე და მიღმა მხოლოდ ემოციებით ვიცხოვრებთ. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ გულმა გონება არ გადაიყოლოს.
ჩვენ მშვენიერი სამშობლო და თავისუფალი სახელმწიფო გვაქვს.
ეს ბედნიერებაა, რომელსაც მუდმივი ზრუნვა, გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
შეიძლება ეს სამი სიტყვა განსხვავებულად გვესმის, მაგრამ სიყვარული ერთი გვაქვს - სამშობლოს განცდა განუყოფელია.
მეგობრებო, ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
და გვახსოვდეს, რომ დღესასწაულებს ყოველდღე ქმნიან“,- წერს გია მურღულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
⭕26 მაისთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში, თაიმს სქვერის ბილბორდზე საქართველოს დროშა გამოისახა
⭕26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
⭕🎥 „როცა მოცეკვავე ხარ, თან დედა“- სუხიშვილების მოცეკვავის უთბილესი ვიდეო შვილთან ერთად