
დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამ ოთხოზორია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა თავი შენი“ - ამ ფრაზის რეალურად შესრულება შესაძლებელია.
მისი თქმით, აბსოლუტური სიყვარულის დახმარებით ყველაფერი შესაძლებელია, რადგან „ღმერთი სიყვარულია“.
„უფალი ისეთ მცნებას არ მოგვცემდა, ჩვენში რომ მისი შესრულების შესაძლებლობა არ იდოს. მაშინ, რა არის პრობლემა და რატომ გვიჭირს იმის დატევა, რისკენაც მაცხოვარი მოგვიწოდებს? სხვათა შორის, სხვაგან კიდევ უფრო მძაფრად ამბობს ქრისტე: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, ვისაც ჩემი სწამს, იმაზე მეტსაც გააკეთებს, ვიდრე მე ვაკეთებო. ეს ხომ, ერთი შეხედვით, საერთოდ სიგიჟეა?! და, მართლაც, ადამიანებს რომ მოუწოდებ, გიყვარდეს მტერი, აპატიე – გპასუხობენ, ის ქრისტე იყო, მე კი ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ და ამას ვერ შევძლებო. და ეს, სულაც, არ არის სიმდაბლე. ეს ურწმუნოებაა, ქრისტეზე უარის თქმა, იმიტომ რომ დაგავიწყდა, ვინ ხარ შენ, ანუ ვის ეუბნება ამას ქრისტე!
დაგავიწყდა, რომ ღვთის შვილი ხარ და ღმერთივით სრულად და მოწყალედ ყოფნა შენი ვალდებულებაა და არა ამბიცია და ამაო ძალისხმევა. თუ ჩემი ადამიანური ბუნება არ შემიცნია, ქრისტეს მცნებებს ვერ მივყვები. როდესაც თავს აიგივებ წარმავალ ბიოლოგიურ არსებასთან, ვიღაცის საკუთარი თავივით შეყვარება, მართლაც, ძალიან ძნელია.
შეიძლება, მიყვარდეს საკუთარი თავი, დედაჩემი, მამაჩემი, ძმა, და, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ნათესავები, მეზობლები, ჩემი ერი, ჩემი რელიგიის მიმდევრები, მაგრამ როგორ მიყვარდეს უცხო, მით უმეტეს მტერი?!
მაგრამ, როდესაც გაიხსენებ, რომ ღმერთი ხარ, ყველა გიყვარს, იმიტომ რომ მოყვასიც შენ ხარ და მტერიც, ვინაიდან ერთ ადამში ვიყავით ყველანი. შესაბამისად, ის სხვაც მე ვარ, ოღონდ სხვა სხეულში; გადაფარული კულტურული, რელიგიური, ტრადიციული, ეპოქალური საფენებით, ანუ იდენტობებით, რომელთა მიღმაც ერთიანი არსია – ღმერთი, სადაც ერთად ვიყავით.
იმიტომაც გეუბნება მაცხოვარი, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, რომ ღმერთში ერთნი ვიყავით. იოანე პეტრიწი ამბობს, ის არსთა გვარები, რომლებიც აქ მოწინააღმდეგეები, განსხვავებულები და ერთმანეთის მტრებიც კი არიან, იქ, გონიერ კოსმოსში, ძმები და მოყვრები არიანო. ჩვენ, ღმერთში ერთნი, ცხოვრებამ, სოციუმმა, ურთიერთობებმა დაგვშალეს, მაგრამ იმ ერთიანის ხსოვნა ყველაშია. ამდენად, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, არ არის შეუძლებელი...“ - წერს მამა გურამ ოთხოზორია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 კოსტა სანიკიძე გიორგი კეკელიძესთან საქმის გასარჩევად მივიდა
🔵„დღეს მოიმატებს სექსუალური ენერგია“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„მე ვარ საქართველოში ყოფილების თემის წარმომადგენელი“ - სალომე კაპანაძე