დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ივნისს, თბილისში დაიბადა. ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი, ფინალისტი და თასების მფლობელთა თასის მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი , საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.
იგი 1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს სპორტული საზოგადოების, სპორტული ჟურნალისტების, საფეხბურთო სპეციალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების საყოველთაო აღიარებით — თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ ფიგურად რჩება. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა განსაკუთრებული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით.
ყიფიანი პირველად ეროვნული ნაკრების მაისურით 1974 წლის 17 აპრილს, იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ქალაქ ზენიცაში, სტადიონ „ბილინო პოლეზე“ გაიმართა. დავით ყიფიანი მინდორზე შეხვედრის მეორე ნახევარში გამოვიდა ვლადიმერ ფედოტოვის ნაცვლად და უკვე ოთხ წუთში შეძლო მეტოქის კარის აღება — თავისი პირველი და ამავე დროს გამარჯვების მომტანი გოლი პირველივე სანაკრებო შეხვედრაში. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და შეხვედრაც საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 46-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული დავით ყიფიანი 68-ე წუთზე მანუჩარ მაჩაიძემ შეცვალა, რომლისთვისაც აღნიშნული შეხვედრა, ასევე სადებიუტო იყო სანაკრებო კარიერაში. მაჩაიძისა და ყიფიანის გარდა, თბილისის დინამოელთაგან საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა რევაზ ძოძუაშვილიც.
ფეხბურთელმა სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო.
იყო თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“, იაროსლავლის „შინიკის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპერდო“ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე „დინამომ“ და „ტორპედომ“ საქართველოს თასი მოიპოვეს.
დავით ყიფიანი დღეს, 18 ივნისს 73 წლის გახდებოდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რომელ ქვეყანაში არ უნდა იმოგზაუროთ მაისიდან - ოქტომბრამდე? - სეზონები და დაბალბიუჯეტური მოგზაურობა
🎥 „რატო გეცინებათ? მეც დავდიოდი ფეხბურთზე“ - გიგი დედალამაზიშვილის სახალისო ისტორიას იხსენებს