„ვსარგებლობ შემთხვევით და სრულიად საქართველოს მეც მინდა, ვუთხრა სამძიმარი. ჩვენგან წავიდა ისეთი განუმეორებელი ადამიანი, ყველანაირად სამაგალითო - უწმინდესი და უნეტარესი, რომელსაც მე პირადად ძალიან კარგად ვიცნობდი“, - განაცხადა მუსიკოსმა, თემურ ყვითელაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მან ერის ცხოვრებაში პატრიარქის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ არ დავკარგეთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სულიერი მამა, ან სულიერო წინამძღვარი, ჩვენ დავკარგეთ არა მარტო საზოგადო მოღვაწე, ასევე ის გახლდათ ბრწყინვალე დიპლომატიც და ბრწყინვალე ხელოვანიც. საერთოდ ძალიან მრავალმხრივად ნიჭიერი და მრავალმხრივად დიდი ადამიანი“, - განაცხადა ყვითელაშვილმა.
მისივე თქმით, თითქმის, მთელი მისი ბავშვობა სიონის ეკლესიის ეზოში გაატარა. აღნიშნა, რომ გაიზარდა, შემდეგ მიხვდა, რომ კომუნისტურ ეპოქაში როგორ სარისკო იყო, თუნდაც ჯვრის ტარება და რელიგიური მსახურება.
„მე ამას ჩემი თვალით ვხედავდი. ამიტომ მინდა, უწმინდესის მიმართ გამოვხატო ძალიან დიდი მადლიერება, რომ სწორედ უწმინდესისა და უნეტარესის დამსახურებაა, რომ მრევლი მობრუნდა ეკლესიისკენ. რომ ადამიანებმა ისევ ირწმუნეს, ღმერთისკენ მობრუნდნენ ადამიანები, ამდენი ეკლესია აშენდა. უწმინდესმა თავის თავზე იტვირთა ასეთი მძიმე ტვირთი და მან ისეთი გზა გაკვალა, რომ საერთოდ შეიცვალა ადამიანის დამოკიდებულება. ის ადამიანებს შორის სულ ურთიერთპატივისცემას ქადაგებდა“, - განაცხადა მუსიკოსმა.
მისივე თქმით, იგი არაერთხელ სტუმრობდა უწმინდესს და მომსწრეა, თუ როგორ დიპლომატიური იყო და სწორად არეგულირებდა, რომ ადამიანებს შორის მშვიდობა და ურთიერთპატივისცემა ყოფილიყო. ქვეყანაში არ ყოფილიყო შუღლი.
„მას ძალიან უყვარდა ჩემი შემოქმედება და ხშირად ვსტუმრობდი როგორც ახლობელი, როგორც სტუმარიც და როგორც არტისტიც“, - განაცხადა თემურ ყვითელაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი ჩაკ ნორისი
⭕ასტროლოგიური ახალი წელი: სინათლის გამარჯვება და დიდი განახლება - რა უნდა გავაკეთოთ?