
19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირდება.
ამ დღეს, მაცხოვრის დიდება, ბრწყინვალება გამოცხადდა.
ფერისცვალების დღესასწაულს სულიერი მნიშვნელობა არა მხოლოდ ტრადიციულ მნიშვნელობაში, არამედ პირად გამოცდილებაში აქვს. თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია საკუთარ სულიერ გარდასახვაზე ამ დღისადმი მიძღვნილი წირვის შემდგომ ქადაგებაში საუბრობს:
„ფერისცვალების შემდეგ, სულ მქონდა იმედი, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო ჩემს ცხოვრებაში. დაფიცება არ შეიძლება, მაგრამ მაშინ ვთხოვე ღმერთს, რომ ფერისცვალების შემდეგ ჩემი ბაგებიდან აღარ ამოვიდეს ბილწსიტყვაობა - რაც მქონდა ჩვევად ბავშვობაში და სტუდენტობის პერიოდში. როდესაც წმინდა ზიარება მივიღე, 20 წელი გავიდა, იმის შემდეგ არ ამოსულა ჩემი პირიდან ბილწი სიტყვა. ამით მინდა ვთქვა, რომ ფერისცვალებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა დეკანოზმა.
დეკანოზი ხაზს უსვამს, რომ ფერისცვალება სულიერი ცვლილებების დღეა, რომელიც ადამიანს შეუძლია შეცვალოს შინაგანი ძალების დახმარებით და გარდაქმნას საკუთარი ქცევა, ჩვევები და გრძნობა ღვთისკენ.