
დღეს ვლაქერნობაა. დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული.
ღვთისმშობლის კვართთან ერთად მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოილოცონ წმინდა დიდმოწამე მარინეს, წმინდა მოწამე კვირიკეს, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელთან მეუფე კირილესთან და სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.
ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესასწაულს მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებიან.