საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ლევანტეს“ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში ახალი ტალანტების აღმოსაჩენად 19-20 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს.
გიორგი ქოჩორაშვილი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ის გამოცდილება, რომელიც თავად მას დაეხმარა კარიერულ განვითარებაში.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ამბავი საქართველოში „ლევანტეს“ საწვრთნელი ბანაკის შესახებ. 19-20 აგვისტოს „ლევანტე“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში უმასპინძლებს 2006-2011 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. საწვრთნელი ბანაკის შემდეგ შეირჩევა 10 ფეხბურთელი, რომლებსაც საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ლევანტეს პროექტ PLAYER EXPERIENCE-ში და ორი კვირა გაატარონ ლევანტეს აკადემიაში და მიიღონ ის ცხოვრებისეული და სპორტული გამოცდილება, რაც დაეხმარებათ, რომ გახდნენ უკეთესი ადამიანები და პროფესიონალები. პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციას იხილავთ ლევანტეს პოსტში.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს ექნებათ იმ ყველაფრის ნახვისა და საკუთარ თავზე გამოცდის შანსი, რაც მე დამეხმარა, რომ მივსულიყავი ჩემს მიზნებთან. დიდი მადლობა ლევანტეს ამ ინიციატივისთვის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის. შეხვედრამდე!“, - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მინი ვლოგი“ – როგორ ატარებს დროს გიორგი მამარდაშვილის მეუღლე