ახალი პლატფორმა „მონა.ჯი“ უკვე რამდენიმე დღეა ოფიციალურად მუშაობს და როგორც მისი შემქმნელები - ზურა გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ამბობენ, საიტზე ყველა იმ პირის შესახებ დაწერენ, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალების შემსრულებელია.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საიტის მიზანია გამოააშკარაონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს მიზანმიმართულად შეუშლიან და რუსული წესებით ითამაშებენ.
დღეს „mona.ge“-მ ახალი სია გამოაქვეყნა, სადაც მოხვდა ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია.
„ა(ა)იპ საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, დირექტორთა კომისიის წევრი - პოლიტიკური წმენდის ავტორი დირექტორთა კომისია, რომლის წევრი და არაფორმალური ხელმძღვანელიც არის გია მურღულია, ახორციელებს საჯარო სკოლების დირექტორების სერტიფიცირებას“ ,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიის გამოქვეყნების შემდეგ, „დაიჯესტი“ გია მურღულიას დაუკავშირდა და როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, ეს ამბავი ძალიან სასაცილოა.
„მადლობის მეტი რა მეთქმის, თუ ასეთი ყურადღების ცენტრში მოვხვდი. ძალიან სასაცილო ამბავია, დღეს ასე თუ გამეცინებოდა არც მეგონა. არც შენი იცოდე და არც სხვისი გაგეგონებოდეს, დაახლოებით, ასეთი ამბავია. ეს ისეთი სიმართლეა, რომ თქვან - დედამიწა ოთხკუთხედიაო“ ,- ამბობს გია მურღულია.
ფილოლოგიის დოქტორი პლატფორმის და სიის შემქმნელებს ურჩევს, მეტი დრო დაუთმონ პოლიტიკას და ემსახურონ საქართველოს.
„მე მათ ვურჩევ, რომ მეტად განვითარდნენ და მიხედონ პოლიტიკას, თუ სურთ რომ საქართველოს ემსახურონ და დროს ნუ დაკარგავენ ისეთ ამბებზე, სადაც წინასწარ წაგებულები არიან“, - ამბობს გია მურღულია.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებიდან - ფოტოები