7-9 მარტის აქციების დროს დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა მედიასთან პირველ ვრცელ ინტერვიუში პროტესტზე, ციხეში ცხოვრებაზე, თვითდაზიანების მცდელობებსა და სხვა თემებზე ისაუბრა.
„რადიო თავისუფლების“ სტატიაში აღნიშნულია, რომ პატიმრობის მეშვიდე თვეს, ოქტომბრის ბოლოს, მათ ლაზარე გრიგორიადისს გლდანის ციხეში 15 კითხვა გაუგზავნეს, პასუხები კი მისგან 15 ნოემბერს მიიღეს.
მედიასთან წერილობითი ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ადამიანებს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული და თუკი აქციაზე ძალადობრივი აქტები ხდება, მისი აზრით, ეს მთავრობის მიდგომების ბრალია.
კითხვის პასუხად, უფიქრია თუ არა იმაზე, რომ ის შეარჩიეს, როგორ „მსხვერპლი“ სახასიათო გარეგნობის, ტატუების, გვარის და წარსულში ნასამართლობის გამო, ლაზარემ მმართველი პარტიის წარმომადგენლების ჰომოფობიურ განცხადებებზეც გააკეთა კომენტარი.
„დიდად არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ღარიბაშვილის და კობახიძის დამოკიდებულება ყველაფერს ხსნის. თან პროკურორმა აშკარად „ჭამა” კობახიძის ნარატივი, შევატყვე სასამართლოზე.
რადგან სასამართლო ახარვეზებს ჩვენს სარჩელს ღარიბაშვილის და კობახიძის წინააღმდეგ, მე მინდა გავცე ორივეს პასუხი: ვიცი, რომ „აგეწვათ“ ყველას მარტში თქვენი მიღებული კანონის უკან გაწვევა რომ მოგიწიათ. ისიც ვიცი, რა დამოკიდებულება გაქვთ უმცირესობის წარმომადგენელი ჯგუფების მიმართ. თქვენ არ იცავთ მათ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას… ირაკლი, დიდი ალბათობით ჩემზე გინდოდა გეთქვა განსხვავებული ორიენტაციის მქონე, ჰომოსექსუალი, გეი ან ბისექსუალიაო და თან ამით რეპუტაციული ზიანის მოყენება გინდოდა. ფორმულირება „ორიენტაცია არეული“ არის შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადება. ამით მხოლოდ მე კი არ მაყენებ შეურაცხყოფას, არამედ თითოეულ განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირს. არეული არავინ არის. ყველა ჩამოყალიბებულია. არც ის არის სწორი, მიზეზშედეგობრივ კავშირს ეძებდე კრიმინალურ ქმედებას და სექსუალურ ორიენტაციას შორის“, - დაწერა ლაზარემ კითხვის პასუხად.
მან ასევე თქვა, რომ საპატიმროში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ თუკი აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, თავის მეგობარს დაიჭერდნენ. ასევე ისაუბრა ციხეში მიყენებულ თვითდაზიანებებზე, რაც მისი თქმით, პროტესტის ნიშნად გააკეთა, რადგან ციხეში მისთვის სასურველი პროდუქტები არ მიჰქონდათ.
„3 კვირის განმავლობაში ვითხოვდი მაგალითად ელემენტებს. ელემენტებზე მომუშავე რადიოს ყიდიან და ელემენტები ვერ შემოჰქონდათ. ბოლოს სათვალთვალო კამერა დავწვი და 6-თვიანი საყვედური შედგა მაგაზე. მერე თვითდაზიანებებზე გადავედი. შეამჩნევდით კვალს მარცხენა ხელზე“, - წერს ლაზარე.
მან ასევე დაწერა, რომ დიდად არ აღელვებს, თუკი სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
„როგორც ეს 7 თვე გავიდა, ისე გავა წლებიც“, - დაწერა ლაზარემ შესაბამისი კითხვის პასუხად, საზოგადოების მისამართით კი თქვა:
„საზოგადოებას ვეტყვი, რომ იბრძოლონ უკეთესი მომავლისთვის. ჩვენს თაობას მემკვიდრეობით გადმოგვეცა მთავრობა და სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც წინა თაობებმა ვერ მოაგვარეს. წრე შეგვიძლია ჩვენ გავარღვიოთ. როდემდე უნდა გაგრძელდეს პრობლემებისგან თავის არიდება. ჩვენ თუ არ მოვაგვარეთ, ჩვენ მომავალ თაობას მოუწევს. უფროსებმა მაქსიმალურად შეუწყვეთ ხელი თაობას. მე მაგალითად ეგ მაკლდა. ერთად ყველანაირ მიზანს მივაღწევთ, რაც მოგვინდება“.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტის აქციების დროს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე პოლიციელების მისამართით ე.წ მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ისროლა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
25 სექტემბერს კი მას სხვა საქმეზე, მამამისის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის ფაქტზე, 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „მადლობელი ვარ ყოველი დღისთვის...“ - ლელა წურწუმიას შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს