Digest Logo

🎥 „ძალიან დიდი ბრძოლა გავიარე და ზუსტად ეს მარხვა დამეხმარა და გამომიყვანა უმძიმესი სულიერი მდგომარეობიდან“ - მამა შალვა კეკელია

1723903288
მამა შალვა კეკელია

მარიამობის მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და მარხვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„გილოცავთ დედა ღვთისმშობლის მარხვის დაწყებას, ძალიან მნიშვნელოვანი მარხვაა და სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ადამიანს, ამ მარხვის მნიშვნელობა არ ესმის.

რადგან ზაფხულია, სხვათა შორის, მრევლის წევრებიც, ამ მარხვას არ იცავენ და თავს იმართლებენ იმით, რომ ზაფხულია და დასასვენებლად მიდიან. პატივისცემას არ გამოხატავენ ჩვენი დედა ღვთისმშობლის მიმართ.

ეს მარხვა ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რატომ ვმარხულობთ ამ მარხვას.

ყველას გვჭირდება ღვთის შეწევნა და განსაკუთრებით ყველას გვჭირდება, დედაღვთისმშობლის მეოხება და შემწეობა, რადგან დედა ღვთისმშობელი არის ჩვენი დედა, ყველაფერია ჩვენთვის.

როგორც დედა შვილს არ გაწირავს და ყველანაირი შვილი მისაღებია, ისე გვეხმარება დედა ღვთისმშობელი…

ჩემთვის ეს მარხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა შარშან. როდესაც მარიამობის მარხვა დაიწყო, დიდი სულიერი განსაცდელის წინაშე ვიდექი, სულიერი პრობლემები მქონდა ცოდვასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ბრძოლა გავიარე და ზუსტად ეს მარხვა ძალიან დამეხმარა და გამომიყვანა უმძიმესი სულიერი მდგომარეობიდან.

რომ არა დედა ღვთისმშობელი და რომ არა ეს მარხვა, დღეს შეიძლება მღვდელიც არ ვყოფილიყავი და ჩემი ცხოვრება დღეს სხვანაირად წასულიყო.

მადლობა ღმერთს, დედა ღვთისმშობელს და ამ მარხვას, რომელიც ბოლომდე კიდევ გააზრებული არ მქონდა. შარშანდელმა ამ მარხვამ კიდევ დამანახა მისი ძალა და ღვთისმშობლის საოცარი წყალობა, მისი დედური განცდა და ზრუნვა, რომელიც პირადად ჩემს თავზე გამოვცადე. ამ მარხვამ ჩემში სულიერი ბრძოლები ძალიან გადატეხა და ეს ყველაფერი დაასრულა.

მინდა თქვენს ცხოვრებაშიც ეს მარხვა გარდამტეხი იყოს, კიდევ უფრო დაგაახლოვოთ ღმერთთან და დედაღვთისმშობელთან“, – აღნიშნავს ეკანოზი შალვა კეკელია ვიდეომიმართვაში.