ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
შს სამინისტროს ცნობით, ჩამოშლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, ნაპოვნია 3 ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
„ძალიან დიდი მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. დასაწყისში ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, 1 ადამიანი ცოცხალია. სამწუხაროდ, სამი ცხედარი ვიპოვეთ, დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკა, რომელსაც ამ ლოკაციაზე შეუძლია იმუშაოს, ცოცხალი ძალაც, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს“, - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მერაბ გამყრელიძის განცხადებით, გამოძახებული არის შესაბამისი გეოლოგიური სამსახურები, რომლებიც ჩაატარებენ სრულყოფილ კვლევას რის შედეგადაც დაიდება შესაბამისი დასკვნა.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მიმდინარეობს სამაშველო-საძიებო სამუშაოები. დაახლოებით 200-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. სამუშაოები მიმდინარეობს ყველა შესაძლო ტექნიკის გამოყენებით, მათ შორის ძაღლების, დრონებით და სხვა საშუალებებით. საბედნიეროდ მოხერხდა ერთ-ერთი ადამიანის გადარჩენა, 3 ცხედარია ნაპოვნი და მიმდინარეობს 6 ადამიანის ძიება. გამოძახებული არის შესაბამისი გეოლოგიური სამსახურები, რომლებიც ჩაატარებენ სრულყოფილ კვლევას რის შედეგადაც დაიდება შესაბამისი დასკვნა“, - აცხადებს მერაბ გამყრელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: