Digest Logo

🎥 ემუქრება თუ არა ნეპალის მსგავსი კატასტროფა კავკასიის რეგიონს? - ვასილ გაბუნიას განმარტება

1788271424
ვასილ გაბუნიავასილ გაბუნია

2026 წლის 26 აგვისტოს ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე, ლანტანგ ლირუნგის მწვერვალის მიდამოებში, მასშტაბური სტიქიური უბედურება განვითარდა, რასაც 1000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და უდიდესი ნგრევა მოჰყვა.

გეოლოგ ვასილ გაბუნიას განმარტებით, მომხდარი კატასტროფა გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მყინვარების დნობის თვალსაჩინო მაგალითია.

როგორც გეოლოგმა აღნიშნა, თავდაპირველი ვარაუდი, თითქოს სტიქია მიწისძვრამ გამოიწვია, მცდარი აღმოჩნდა - სინამდვილეში მოვლენები საპირისპირო თანმიმდევრობით განვითარდა.

„USGS-ის მონაცემებით, დაფიქსირდა 5,5 მაგნიტუდის სეისმური ბიძგი. თავდაპირველად ეგონათ, რომ მიწისძვრამ გამოიწვია ვარდნა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა - პირიქით, გიგანტური მასის ვარდნამ გამოიწვია მიწისძვრა. 5 200 მეტრზე მოწყდა დედაქანისა და ყინულის მასა, რომელიც 3 700 მეტრზე დაეცა. 1 500 მეტრის სიმაღლიდან ამ კოლოსალური მასის ჩამოვარდნის დარტყმამ წარმოშვა ეს სეისმური ბიძგი“, - ამბობს ვიდეოში ვასილ გაბუნია.

გაბუნიას თქმით, ჩამოშლილი მასისა და მდინარის შერწყმით წარმოქმნილი ნიაღვარი წარმოადგენდა „თხევად ბეტონს“, რომელმაც 21 კილომეტრიანი მანძილი საზღვრამდე სულ რაღაც 7 წუთში დაფარა, რაც საათში 200-220 კმ სიჩქარეს შეესაბამება.

გეოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმ პროცესებზეც, რაც მსგავს ტრაგედიებს უდევს საფუძვლად და განმარტავს, თუ რატომ ხდება მყინვარები საფრთხის შემცველი:

„როდესაც კლიმატი თბება, მყინვარებს ეცლებათ ის საყრდენი, რომელიც მათ ქვემოთ აკავებდა. ეს საყრდენი დნება და მყინვარი გადაიქცევა ეგრეთ წოდებულ დაკიდებულ მყინვარად. გარდა ამისა, როდესაც თეთრი ზედაპირი ნაშალი ქანებით ბინძურდება, ალბედო მცირდება, ეს ადგილები ძლიერად ხურდება და მყინვარის ძირში წარმოიქმნება წყლის ფენა, რომელზეც ყინული უბრალოდ ცურდება“,- ამბობს ვასილ გაბუნია.

ამასთან, ვასილ გაბუნიამ პარალელები საქართველოში მომხდარ სტიქიურ მოვლენებთანაც გაავლო - გაიხსენა შოვის ტრაგედია, დევდორაკის მყინვარის ჩამოწოლა და 2002 წლის კოლკას მყინვარის კატასტროფა კარმადონის ხეობაში.

მისი თქმით, პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობიანი მიდგომა და სპეციალისტების მხარდაჭერა.

„დაუსრულებლად შეიძლება იმის გამეორება, რომ არ შეიძლება მშენებლობა ხეობებში - ეს არის შენელებული სიკვდილის ქრონიკა. აუცილებელია ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება, მაღალმთიან რეგიონებში სწორი განაშენიანება და ასეთი ადგილების მუდმივი მონიტორინგი. ასევე, მეცნიერებისა თუ გლაციოლოგების ხელშეწყობა, რომლებიც ამ რისკებს სწავლობენ. სასმელ წყალს ჩვენ ვიღებთ მყინვარებიდან, აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ მას სახლშიც“, - აღნიშნავს ვასილ გაბუნია.