
„რუსთაველის თეატრის წინ, გარეთ ვდგავარ და მინდა პასუხი გავცე იმ ინციდენტს, რაც მოხდა გუშინ, რუსთაველის თეატრში, როდესაც დამთავრდა სპექტაკლი და როგორ მოიქცა რამდენიმე მსახიობი სპექტაკლის შემდეგ“, –რუსთაველის თეატრის მსახიობის მანანა აბრამიშვილს ამ ვიდეო მიმართვას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
იგი კოლეგებს მიმართავდა, რომ თეატრის სცენიდან სხვადასხვა მოწოდებებისგან თავი შეეკავებინათ, რასაც მსახიობები ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მისი მანანა აბრამიშვილის შვილი საპროტესტო აქციებში იყო ჩართული.
მომხდარს სოციალურ ქსელში მსახიობ მანანა აბრამიშვილის შვილი, მსახიობი თეკლა სულაქველიძე ეხმაურება და წერს, რომ მისი სახელი „ზოგისთვის მხოლოდ იარაღია“, რომელსაც დედამისის წინააღმდეგ იყენებენ.
„მე ვარ მსახიობი. ეს არის ჩემი გზა, ჩემი სახელი, ჩემი არჩევანი. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ზოგისთვის ჩემი სახელი მხოლოდ იარაღია, რომელსაც დედაჩემის წინააღმდეგ იყენებს. დედა – ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მომცა – ხდება სამიზნე მათთვის, ვინც ცდილობს, ჩემით მანიპულაცია მოახდინოს, მასზე. მაგრამ ჩემი სახელი მხოლოდ მე მეკუთვნის და მას ვერავინ გამოიყენებს ჩემგან დამოუკიდებლად.
ბოლო დროის მოვლენებში მეც ვიდექი რამდენჯერმე იმ ქუჩებში, სადაც დღეს უამრავი ხმა ისმის. ვიდექი, რადგან მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, გამეგო, მეგრძნო. მაგრამ მალევე მივხვდი – ეს არ იყო ჩემი ადგილი. ეს არ იყო ის ბრძოლა, რომელშიც ჩემი თავი ვიპოვე. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ადგილი, სადაც დავიბადე, რომელმაც შემიფარა და რომელიც უძვირფასესია ჩემთვის. როგორც კი ვიფიქრებ, რომ მას საფრთხე ემუქრება, მაშინვე ჩავერთვები ბრძოლაში, მაგრამ ჩემი თვალით ნანახმა, დამარწმუნა რომ ეს ის ბრძოლა არ იყო, სადაც ხმალამოღებულს მინდოდა მეომა.
ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო. დედაჩემი თავიდანვე წინააღმდეგი იყო და ამაზე ხშირად გვიკამათია. მაგრამ რაც უნდა მომხდარიყო, ერთი რამ ყოველთვის ვიცოდი – დედაჩემი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, ეს არასდროს შეცვლის ჩემს სიყვარულსა და პატივისცემას მის მიმართ.
ჩვენ არ ვართ ერთი ადამიანი, მაგრამ არც მტრები ვართ. დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე – მისას. არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან, და არც არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს. ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, რაც ცხოვრებამ მაჩუქა და არავის არასდროს არ მივცემ უფლებას მას შეურაცხყოფა მიაყენოს და მით უმეტეს ეს ჩემი სახელის გამოყენებით განახორციელოს.
მე ვარ თავისუფალი. მე მაქვს ჩემი ხმა, ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი ცხოვრება და ამას ვერავინ შეცვლის.
მადლობა და ნახვამდის“, - წერს თეკლა სულაქველიძე.
შვილის პოსტს აზიარებს მანანა აბრამიშვილი და წერს:
„ჩემი შვილის პასუხი ყველას ახლაც თეატრში ვარ ჯერ კიდევ და უცებ ვხედავ ჩემი შვილის პასუხს ყველას მიმართ და დიახ! მე ბედნიერი დედა ვარ, რომ გავზარდე სწორად ჩემი ორივე შვილი და რომ ვერასდროს შეძლებს ვერავინ ეს ყველაფერი ილუზია გახადოს!!!! ყველაფერი ამისთვის ღირს ცხოვრება და მე ვცხოვრობ.
ყველა დედას და შვილებს სიკეთე... სამყაროში“, - წერს მსახიობი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სასწაულებს მხოლოდ ღმერთი ახდენს, ეს დაიმახსოვრეთ, ეს შემთხვევაც ამის მაგალითია“ - ნუცა ბუზალაძე