
ქართველმა ფსიქოლოგმა დიმიტრი უზნაძემ ქართულ მეცნიერებას მსოფლიოში გაუთქვა სახელი, მაგრამ მის განწყობის თეორიას ქართველთა უდიდესი უმრავლესობა არც კი იცნობს, მით უმეტეს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იყენებს. არადა განწყობის თეორია ერთადერთი ზოგად ფსიქოლოგიური თეორიაა, რომელიც ერთი და იგივე თეორიული საფუძვლით წარმატებით მუშაობს ფსიქოლოგიის ყველა დარგში - სოციალურ ფსიქოლოგიაში, პიროვნების ფსიქოლოგიაში, განათლების ფსიქოლოგიაში, სამედიცინო ფსიქოლოგიაში, იურიდიულ ფსიქოლოგიაში და ა.შ. ზურაბ ვახანია განწყობის თეორიის თითზე ჩამოსათვლელ სპეციალისტებს შორის ერთ-ერთია, ვისაც წვლილი მიუძღვის მის განვითარებაში.
ის გადაცემის „სალომე კასრაძის პოდკასტი“ სტუმარი იყო, სადაც მრავალ საინტერესო თემაზე, მათ შორის ისაუბრა რა ბედი ეწია დიმიტრი უზნაძის დაარსებულ „საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოებას“ და კვლევით ინსტიტუტს:
„განწყობის ცნება მარტივად რომ განვმარტოთ, ეს არის ინდივიდის მოქმედების წინასწარი მზაობის მდგომარეობა, მთავარი აქ არის ის, რომ არც ერთი განცდა, მოქმედება არ იქნება წინასწარი განწყობის გარეშე. ეს განწყობა არ განიცდება, არ ცნობიერდება, მაგრამ მაინც აღძრავს და წარმართავს მოქმედებას.
დიმიტრი უზნაძე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. მან დააარსა „საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება“. ეს საზოგადოება კიდევ არსებობს, ორ წელში 100 წლის თავი იქნება. დიმიტრი უზნაძეს ასევე ჰქონდა კვლევითი ინსტიტუტი, თუმცა დღეს არ ფუნქციონირებს. ეს დაიხურა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო, შემდეგ „ქართული ოცნების“ მოსვლის დროს სასამართლო მოვიგეთ.
განწყობის თეორია მნიშვნელოვანია, მსოფლიო ფსიქოლოგიაში არის 5-6-7 ისეთი გადაუჭრელი შინაგანი წინააღმდეგობა, რისი დალაგებაც ვერ ხერხდება, მაგალითად: ნიჭი და მიდრეკილება, თანდაყოლილია თუ შეძენილია, ანუ გარემოა თუ შინაგანი ადამიანია მთავარი. ამ ორი საწყისის ლოგიკური მოგვარება ვერ ხერხდება. ეს მხოლოდ განწყობის თეორიით ლაგდება. დაპირისპირება ცნობიერის და არაცნობიერის, ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისები, რაც ვერაფრით თავსდება, მაგრამ მხოლოდ „განწყობის თეორიით“ აიხსნება ეს ყველაფერი“, - ამბობს ზურაბ ვახანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
ოფიციალური განქორწინება, ორი შვილი, მექალთანის რეპუტაცია - ჯასტინ ტიმბერლეიკის უცნობი ამბები