
ქართველი ემიგრანტი, მედიატორი და თარჯიმანი მაკა ხაჩოშვილი, რომელიც უკვე ერთი წელია იტალიაში ფაგოთერაპიის ცენტრის კოორდინატორია, ქართულ მედიცინასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს - ხაჩოშვილი ამის შესახებ თავად ავრცელებს ინფორმაციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისთვის ეს არა მხოლოდ პირადი, არამედ ეროვნული მნიშვნელობის წარმატებაა.
ამასთან, ხაჩოშვილი აღნიშნავს, რომ მადლიერია ნდობისა და შესაძლებლობისთვის, რომელმაც მისცა შანი, უნიკალური ქართული სამედიცინო ცოდნა, კერძოდ ფაგოთერაპია, საერთაშორისო სივრცეში გაეტანა.
საუბარია თბილისის ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის წარმომადგენლობაზე იტალიაში, კერძოდ – ჰიპოკრატეს აკადემიის საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე, სადაც კლინიკის დირექტორმა დავით სტურუამ და მთავარმა ექიმმა დეა ნიჟარაძემ ფაგოთერაპიის თემაზე ისაუბრეს.
„ამბავი საქართველოდან იტალიამდე - როცა შენი საქმე ქვეყნის ამბად იქცევა
თბილისის ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკა იტალიაში, ჰიპოკრატეს აკადემიის მოწვევით გამართულ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას ესწრებოდა, სადაც კლინიკის დირექტორმა ბატონმა დავით სტურუამ და მთავარმა ექიმმა, ქალბატონმა დეა ნიჟარაძემ, ფაგოთერაპიის შესახებ ისაუბრეს.
ზუსტად ერთი წელია, რაც ფაგოთერაპიის ცენტრის კოორდინატორი ვარ იტალიაში, რომელმაც საშუალება მომცა ჩავრთულიყავი იმ დიდ საქმეში, რომელიც უნიკალურ ქართულ მეცნიერებას, ფაგოთერაპიას, მეტად უხსნის საერთაშორისო საზღვრებს.
ეს წარმატება ჩემთვის არა მხოლოდ პირადი პატივია, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ეს არის ქართული მეცნიერების, მედიცინის და ხედვის წარმატება მსოფლიო მიმართულებით.
გულწრფელად ვუხდი მადლობას ბატონ დავით სტურუას და ქალბატონ დეა ნიჟარაძეს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ დავრწმინდი: როცა იდეები საზღვრებს სცდება, ეს გზა ნდობაზე და ერთგულებაზე უნდა აიგოს.
ეს ლექცია, ეს გამოჩენა საერთაშორისო სამედიცინო სივრცეში ბევრს ნიშნავს მაგრამ ყველაზე მეტად ნიშნავს ერთს:
ქართულ საქმეს აქვს ძალა, როცა მას გულით ემსახურები.
ვგრძნობ, რომ ჩემი წვლილი, თუნდაც მცირე, მიეკუთვნება იმ ქვეყნის ისტორიას, რომელიც ჯერ კიდევ წერს თავის დიდ მომავალს“, - წერს მაკა ხაჩოშვილი.