Digest Logo

„ფასები ისე იმატებს, შენი ხელფასი აღარაფერს სწვდება. თავს ძალიან დაუცველად ვგრძნობ“ - ნანა შონია

1680718538
ნანა შონია

რა ადგილი უჭირავს ფულს მსახიობ ნანა შონიას ცხოვრებაში, როგორ ცდილობს მცირე შემოსავლის თვიდან თვემდე გადანაწილებას, რაზე ვერ აკეთებს ეკონომიას და რა მიაჩნია ფულის მთავარ დანიშნულებად, ამაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. 

ნანა შონია: საერთოდ, მფლანგველი არ ვარ, იმიტომ რომ ფული არ მაქვს და ვერ გავფლანგავ, მაგრამ ეკონომია ამ შესაძლებლობების პირობებშიც კი არ გამომდის. ფული მუდმივი პრობლემაა. ჩვენ ისეთი სიმბოლური ხელფასები გვაქვს, ფულზე ლაპარაკიც კი სასაცილოა. ჩვენი ხელფასით ცხვირს ვერ გაყოფ ვერსად, საჭმელად თუ გეყო, ეგეც დიდი ამბავია.

– გამოგდით შემოსავლის თვიდან თვემდე გადანაწილება?

– იძულებული ვარ, როგორღაც მივაღწიო მეორე ხელფასამდე. თუ დამატებით პროექტი, ანუ დაუგეგმავი ფული გამოჩნდა, ეს დიდი სიხარულია. ადამიანს აუცილებელი საჭიროებების გარდა ცოტა გახალისებაც ხომ გჭირდება. ქალს, მით უმეტეს, რამდენი რამე გინდა, კოსმეტიკა, სუნამო და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად კი გაჭირვებული ადამიანის დახმარება განიჭებს სიამოვნებას, სხვისთვის საჩუქრების გაკეთება, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და ამის საშუალება თუ გაქვს, ძალიან კარგია.

– რა არის საჭირო, დღეს რომ ნორმალურად იარსებო?

– მთავრობას გული უნდა შესტკიოდეს ადამიანებზე. ფასები ისე იმატებს, შენი ხელფასი აღარაფერს სწვდება. თავს ძალიან დაუცველად ვგრძნობ. უბრალოდ, საქართველოში კიდევ გვაქვს ის ინსტიტუტი, რასაც ახლობელი ადამიანების დახმარება ჰქვია და ამით გაგვაქვს თავი. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ უკვე ისიც დიდი ბედნიერებაა, რომ თავზე ჭერი გაქვს, არ გცივა და არ გშია. ალბათ, ამითაც უნდა დაკმაყოფილდე. ირგვლივ იმდენი გაჭირვებულია, ეს თუ გაქვს, აღარ უნდა იწუწუნო. ამიტომ არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ ის, რომ ჩვენი ხელფასი სასაცილოა, ფაქტია და არა წუწუნი. ბევრჯერ უხერხულ სიტუაციაშიც ჩავვარდნილვარ იმის გამო, რომ რაღაცის საშუალება არ მქონია. გაჭირვებული სახე არ მაქვს, არავის ვახვევ თავს ამ მდგომარეობას, რაღაცნაირად გაგვაქვს თავი, მაგრამ მინდა, არსებობდეს ადამიანი, ვინც ხალხზე და იმ გაჭირვებაზე იფიქრებს, რაც ჩვენ გარშემოა.

– ვალთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– შექსპირს აქვს ნათქვამი ასეთი სიტყვები, ფულს ნურც ისესხებ და ნურც ასესხებ, ამიტომ, რომ ასე ფულსაც კარგავ და მეგობარსაცო. ვერ ვიტან ვალის აღებას, ეს არ მასვენებს, მაგრამ ხანდახან გამოუვალი მდგომარეობაა. მე თვითონ ძალიან მსიამოვნებს ფულის გასესხება. ხშირად არ მაქვს ამის საშუალება, მაგრამ როდესაც ვხედავ, ადამიანს სჭირდება და მე მაქვს, თვითონ შემითავაზებია მისთვის, იმიტომ რომ ვიცი, რა ძნელია, ვინმეს ფული ესესხო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ამასობაში დედაჩემს დასჭირდა ოპერაცია, თავში სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი აღმოაჩნდა“ - რას ჰყვება აჩი ფურცელაძე

🎥 „მგზავრობის დროს რატომ გვერევა გული?“ - რას პასუხობს ბიძინა კულუმბეგოვი ბავშვების შეკითხვებს

🔵„კვარას თვალებში ცეცხლი ანთია“ - „ნაპოლის“ ოფიციალური გვერდი ხვიჩას ფოტოს აქვეყნებს

წყარო: tbiliselebi.ge