Geo Team-ის დამფუძნებელი საბა საპანაძე „დაიჯესტთან“ ინტერვიუში პირველად ჰყვება, როგორ დაიწყო პოპულარული სპორტული პლატფორმის შექმნა, რა სირთულეები და პასუხისმგებლობები მოჰყვა მოულოდნელად გაზრდილ პოპულარობას და რატომ გახდა ქართული ფეხბურთი მისი ცხოვრების მთავარი სტიმული. ინტერვიუში იგი ქომაგების კულტურაზე, ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობაზე, კარიერის ყველაზე დიდ იმედგაცრუებებსა და ემოციებზე გულწრფელად საუბრობს.
– სამი სიტყვით რომ დაგახასიათონ, ვინ არის საბა საპანაძე?
საბა საპანაძე: კეთილი, რადგან არასდროს გამიხარდება ვინმეს ცუდი; ყველას წარმატებას ვუსურვებ. მხიარული და კომუნიკაბელური.

- როგორი ბავშვობა გქონდათ და რაზე ოცნებობდით?
საბა საპანაძე: ბავშვობიდან, დაახლოებით 7 წლიდან ვოცნებობდი იმ სფეროზე, სადაც ახლა ვარ. მაშინ მინდოდა სპორტული კომენტატორობა, მერე „მწერალ-ჟურნალისტი“ ვიყავი, საბოლოოდ კი სოციალურ ქსელებში ჩამოვყალიბდი. საუკეთესო ბავშვობა მქონდა თუ არა? - არა. ბევრი ცუდი და მძიმე პერიოდი გადავლახე, ბევრი სირთულე მქონდა ბავშვობაში. იმ ფონზეც იყო შანსი, ცუდ გზაზე წავსულიყავი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ასე არ მოხდა. მონეტას ორი მხარე აქვს და მძიმე პერიოდმა ცხოვრება კარგისკენ შემომიტრიალა.
სპორტზე ვფიქრობდი, თუმცა ამას ფინანსები სჭირდებოდა. ფეხბურთელობა მინდოდა, როგორც ბავშვების 90 პროცენტს, მაგრამ არ გამომივიდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთელობის ნიჭი არასდროს მქონია. ამ ყველაფერმა დამტოვა ფეხბურთის სიყვარულით ფეხბურთში.

@sabasapanadze პატარა საბა 🧸🥹❤️
♬ cardigan - Taylor Swift
– როდის დაიბადა Geo Team-ის შექმნის იდეა და რატომ?
საბა საპანაძე: ერთა ლიგა რომ მოვიგეთ 2018-ში, შემდეგ 2019 წლის იანვარში აღმოვაჩინე გვერდი „433“ და ზუსტად ასეთი იდეა გამიჩნდა. ვიფიქრე, რამდენი ადგილას დავდივარ, რატომ არ გავაკეთო გვერდი სამოყვარულო დონეზე. ვფიქრობდი, სადაც წავალ, იქიდან „სთორებს“ დავდებ-მეთქი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი სამოყვარულოს ფარგლებს გასცდა. უცებ ხალხმა ისე აიტაცა, რომ პასუხისმგებლობა გამიჩნდა მათ მიმართ.

– თქვენი აზრით, პოპულარობა კარგია თუ არა და, რამ მოგიტანათ ის?
საბა საპანაძე: პოპულარობა ნებისმიერ სფეროში კარგია იმ მხრივ, როცა შენ საქმეს აკეთებ, და ხალხი პატივისცემას გამოხატავს შენ მიმართ.
Geo Team-ი მაშინ დავიწყე, როცა ბევრს არ სჯეროდა, რომ ქართულ ფეხბურთს წარმატებისთვის შეიძლებოდა მიეღწია. მე ამის ბავშვობიდან მჯეროდა და სიყვარულით ვაკეთებდი ყველაფერს. პოპულარობა ასევე განაპირობა, კონტენტმა, რომელიც გულისხმობს ჩემს ურთიერთობას ფეხბურთელებთან. ფეხბურთელები ახლა ითვლებიან საქართველოში ერთ-ერთ მიუწვდომელ და სასურველ პიროვნებებად, ყველას უნდა მათთან კომუნიკაცია. ის შიდა კონტენტი, რაც არსებობს, ზრდის ჩემს მიმართ ყურადღებას.

– დაასახელეთ ფეხბურთელების ყველაზე მხიარული და ყველაზე სერიოზული 5-ეული?
საბა საპანაძე: მხიარული ფეხბურთელების ხუთეულში თუ ვერ ჩაეტევა ხუთი კაცი, მაგაზე რა ვქნათ? რთული კითხვაა, მაგრამ პირველი ხუთეული ასეთია:
⚽ ჩაკვე (გიორგი ჩაკვეტაძე),
⚽ მიქაუტაძე (გიორგი მიქაუტაძე),
⚽ ზურიკო (ზურიკო დავითაშვილი),
⚽ კვარა (ხვიჩა კვარაცხელია)
⚽ გოჩოლა (გიორგი გოჩილეიშვილი)
გიორბელიძეც (გურამ გიორბელძე) ძალიან მხიარულია, თუმცა ბუდუ (ბუდუ ზივზივაძე) მრჩება.
რაც შეეხება სერიოზული ფეხბურთლების ხუთეულს:
მამარდა (გიორგი მამარდაშვილი) მაგალითად, მხიარულიც არის, მაგრამ სერიოზულში ჩავრთე, რადგან მისი აურა ამას განაპირობებს, შემდეგ კაკაბაძე (ოთარ კაკაბაძე), კიტეიშვილი (ოთარ კიტეიშვილი), დვალი (ლაშა დვალი) და, ალბათ, გამოცდილი და ასაკოვანი გურამ კაშია.

– ქართული ფეხბურთის ქომაგებზე რას გვეტყვით, რით განსხვავდებიან ისინი უცხო ეროვნების ქომაგებისგან?
საბა საპანაძე: სხვათა შორის, ქართველ ქომაგებს და ამას ჩემს თავზეც ვიტყვი, ხანდახან ძალიან მალე იპყრობთ ამბიციები. ევროპაზე რომ გავედით, სანიოლი ამბობდა, შეიძლება ფანებმა მსოფლიოს მოგება მოითხოვონო. ჩვენ მართლაც გვინდა მეტი და მეტი.
ყველაზე განსაკუთრებული ფანობა, რაც მინახავს, იყო ევროპის ჩემპიონატში, საბერძნეთთან მატჩზე. როდესაც „ქართული სპორტის ქომაგები“ მღერიან და მთელი სტადიონი ჰყვება, ეს წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა იყო, განსაკუთრებით 50 ათასიანი „დინამო არენაზე“. გადამწყვეტი თამაში თუ არ არის, ქომაგები ისე აქტიურობენ, როგორც შეუძლიათ.
ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთის სიყვარული აშკარად არსებობს, ეს დიდი ხანია დამტკიცებულია.
საბოლოო ჯამში, ვისურვებდი, რომ ჩვენი სტადიონი, როგორც უცხოეთში მღერიან და ხმაურობენ, ყველა მატჩის დროს ასე იყოს.

– რა არის ყველაზე დიდი სტიმული თქვენთვის?
საბა საპანაძე: ყველაზე დიდი სტიმული არის ხალხის მხრიდან ჩემ მიმართ გამოხატული პატივისცემა და მადლიერება, პლუს ჩემი ურთიერთობა ბიჭებთან. ბევრი მეკითხება: „ამდენს რომ დადიხარ, როგორ ძლებო?“ ისე ვძლებ, რომ ხალხის მხრიდან პოზიტიურ დამოკიდებულებას ვგრძნობ და ეს ძალას მაძლევს.
- ყველაზე დიდი იმედგაცრუება?
საბა საპანაძე: „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე მივდიოდი ხვიჩასთან და ნიცასთან ერთად სექტემბერში. ჩავფრინდი პარიზში, დავჯექი, ინტერნეტი რომ ჩაირთო, მომდის კვარას დიდი ვოისები. ისე არასდროს მიგზავნის დიდ ვოისებს, ორწუთიანს და ასე შემდეგ. ამბობდა, რომ „უიღბლობა დაგვემართაო. მარსელში ჩავედით, წვიმა იყო ისეთი, ხალხი გარეთ ვერ გადიოდა, და უკან დაგვაბრუნეს პარიზში. ხვალ თავიდან უნდა გავფრინდეთო და ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ვეღარ მივდივართო“. უკვე ჩასული ვიყავი პარიზში. ისე „გამიტყდა“, რომ ვერც აღვწერ.
ასევე დიდ იმედგაცრუებასთან ვიყავი ახლოს, მაისში ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც გადამყიდველისგან ვიყიდე ბილეთი. საკმაოდ ძვირი ღირდა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ვიდეოს რომ ვიღებდი, კვარამ რატომ არ მომცა ბილეთი. გვქონდა მაგაზეც საუბარი; მითხრა, რომ ცოტა ბილეთს გვაძლევენო. მას ოჯახის წევრი იმდენი ჰყავს, ჯერ მარტო დედა, მამა, ძმები, ბიძაშვილები და დეიდაშვილები...აღარ მიმიწერია მეთქი, ვიყიდი.

თამაშის დღეს, როდესაც ბილეთი არ მომივიდა, ნიცამ მომწერა დილით: „რას შვრებიო, რომელ სექტორში ხარო?“ მივწერე, რომ „გადამაგდეს და ვეღარ მოვდივარ.“ უკვე შეგუებული ვიყავი, რომ ვერ მივიდოდი. ხვიჩამაც მითხრა: „შენზეო, ნეტა ადრე გეთქვა, გავეცი ყველა ბილეთიო.“ ორ საათში ნიცამ თავისი ბილეთი გამომიგზავნა, დამითმო, თავად კი სამაჯურით შევიდა. ფინალი რომ გამომეტოვებინა, ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუება იქნებოდა ჩემთვის.
შარშან, 2024 წელს მამარდასთან ერთად ვიყავი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე წასული.

– ხართ თუ არა ემოციური და რამდენად მძაფრად აღიქვამთ თამაშის წაგებას?
საბა საპანაძე: ემოციური ვარ უზომოდ. აი, ძალიან, და ეს ბევრ რამეში მიშლის ხელს. ძალიან ემოციური ვარ.
წაგებას, რა თქმა უნდა, განვიცდი. თუმცა ბოლო თამაშები ისე ცუდად წავაგეთ, რომ გულისწყვეტა არ ყოფილა, რადგან ყველა თამაშში პირწმინდად დაგვჩაგრეს. გაბრაზებული უფრო ვიყავი, ვიდრე იმედგაცრუებული.
ისე, ძალიან განვიცდი ყველაფერს, მაგრამ ყველა მოგება ძალიან მიხარია. ვიდეოებშიც ჩანს ჩემი ღრიალი, მეორე დღეს ხმა მაქვს ხოლმე ჩახლეჩილი, ხან ყელი მტკივა. ევროპის ჩემპიონატი საოცრება იყო. ვისურვებდი, რომ ასეთი ემოციები კიდევ ბევრჯერ გამოგვეცადოს.
View this post on Instagram
– ხშირად გაკრიტიკებენ, ხან გაქებენ, მიმებსაც აკეთებენ, ამაზე როგორ რეაგირებთ?
საბა საპანაძე: 5 ათასი გამომწერი რომ მყავდა, ყველას ვუყვარდი. 10 ათასიც, 20 ათასიც. 50 ათას გამომწერზე უკვე ხუთმა–ათმა ადამიანმა გამაკრიტიკა. შემდეგ თხუთმეტმა, ოცმა. შემდეგ მათი რიცხვიც გაიზარდა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც საქმეს აკეთებს, ბევრი გამომწერი ჰყავს და ყველას უყვარდეს. მონეტას ორი მხარე აქვს. ვიღაცას არ მოეწონება შენი გაკეთებული, ვიღაცას მოეწონება. ფეხბურთელებსაც ხანდახან აკრიტიკებენ, ხანდახან აქებენ. ეს ჩვეულებრივი მომენტია.
მწყინს, რაღაც ცუდს თუ დავინახავ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი კომენტარები არის, მოგონილია. მაგალითად, ჩარტერის თემები, „ფედერაცია ჩარტერში სვამს“ და ა.შ. მთლიანობაში არასდროს ვარ ჩარტერში. ზოგი იმასაც წერდა, რომ ფედერაცია აფინანსებსო. ეგეც ტყუილია. ასეთ ადამიანს სურს, რომ ეგრე სჯეროდეს, თუმცა იცის, რომ ტყუილია. ფეხბურთელებთან დაკავშირებითაც მოიგონა ვიღაცამ, რომ Geo team-ს ფედერაცია ულაგებს ინტერვიუების თემასო. ტყუილია.
რაც შეეხება მიმებს, მეც ხან ვხალისობ. არ მწყინს, პირიქით, სახალისოა.

– და ბოლოს, ალბათ, ბევრი გოგოსთვის საინტერესო საკითხი: საბა საპანაძის გული დაკავებულია?
საბა საპანაძე: საბა საპანაძის გული Geo team-ით არის დაკავებული, მეტი არაფრით. მადლობა ყურადღებისთვის.

ავტორი: ნინი ჭიჭინაძე.