მეტაფიზიკოს ვატო მსხილაძის განმარტებით, მოვლენების მოზიდვა და რეალობის მანიფესტაცია არა უბრალო აფირმაციები ან სურვილები, არამედ ღრმა ფსიქოფიზიოლოგიური და ენერგეტიკული პროცესია. მისი თქმით, უმეტესობა უშვებს შეცდომას, როდესაც ფიქრობს სასურველზე მაგალითად, სიუხვესა თუ სიყვარულზე, თუმცა შინაგანად დანაკლისს, შფოთვასა და სიმარტოვეს განიცდის.
მეტაფიზიკოსის თქმით, ეს მექანიზმი ათასწლეულების წინ იყო კოდირებული სხვადასხვა ტრადიციასა თუ მოძღვრებაში:
მოვლენების მოზიდვა. სამყაროსთან, კვანტურ ველთან ურთიერთობა, ფიქრისა და ემოციის მეშვეობით. ოღონდ არა ისე, როგორც ჩვენ გვასწავლეს.
ფიქრი ელექტრული მუხტია. როდესაც ფიქრობ, ტვინში ნეირონები აქტიურდება და იქმნება ტალღა, რომელიც შენს თავში კი არ რჩება, არამედ გარეთ, ველში ვრცელდება. ფიქრი არის შენი მოთხოვნა სამყაროსადმი, შენი სურვილის კოორდინატები. მაგრამ მხოლოდ ფიქრი არ კმარა. ემოცია არის მაგნიტური მუხტი, ამ სურვილის ჩამრთველი და მომზიდავი. ეს ის ენერგიაა, რომელიც მოვლენებს შენკენ იზიდავს.
სწორედ აქ უშვებს უმეტესობა შეცდომას. შენ ფიქრობ, რომ გინდა მაგალითად რადგან ყველას ასე უყვარს, ბევრი ფული. ეს უბრალოდ ელექტრული სიგნალია. მაგრამ რას გრძნობ ამ დროს? დანაკლისს, შფოთვას, შიშს, რომ ეს არ მოხდება, და იმედგაცრუებას, რომ ფული ახლა არ გაქვს. გამოიცანი, რას აღიქვამს კვანტური ველი? არა ფიქრს, არამედ ემოციას. შენ ველში აგზავნი სიგნალს, რომ ფული არ გყოფნის და ველიც გიბრუნებს ზუსტად იმავეს მეტ სიტუაციას, სადაც ფული არ გყოფნის.
ეს სამყაროს მხრიდან სასჯელი არ არის. უბრალოდ ფიზიკაა. ველი, რომელსაც ვედებში ბრაჰმანს ან საინფორმაციო აკაშას უწოდებენ, აბსოლუტურად ნეიტრალურია. ის არ განგსჯის, უბრალოდ ირეკლავს იმას, რასაც შენ ასხივებ და შენს სიხშირესთან რეზონირებს.
თუ ფიქრობ სიუხვეზე, მაგრამ გრძნობ დანაკლისს, ველი გიგზავნის დანაკლისს. თუ წარმოიდგენ სიყვარულს, მაგრამ შინაგანად სიმარტოვეს გრძნობ, ველი აღიქვამს სიმარტოვეს. აი, რატომ არ მუშაობს ცარიელი აფირმაციები, ვიზუალიზაცია, ლოცვა თუ ა.შ. გრძნობის გარეშე დროის ფუჭი კარგვაა. ველს არ ესმის სიტყვები, მას ესმის ვიბრაცია. ჰერმეტიზმის უძველესი პრინციპიც ხომ ამას ამბობს „არაფერია უძრავი, ყველაფერი ვიბრირებს“.
დასავლურ მაგიაშიც ზუსტად ამას ასწავლიდნენ ჯადოსნური სიტყვა და რიტუალი ფუჭია ემოციური ეგზალტაციის, ანუ უზარმაზარი ენერგეტიკული მუხტის გარეშე.
ეს მექანიზმი ათასწლეულების წინ ვედურ და ტანტრულ ტრადიციებშიც იყო კოდირებული. იქ ფიქრი და სუფთა ცნობიერება არის შივა, მამაკაცური და მიმართულების მიმცემი პრინციპი. მაგრამ შივა შაქტის გარეშე პასიურია. შაქტი არის ენერგია და ემოცია, ქალური პრინციპი. რეალობის მანიფესტაცია ხდება მხოლოდ მაშინ, როცა შივა და შაქტი, ელექტრობა და მაგნეტიზმი ერთიანდება.
როდესაც ფიქრობ მიზანზე და ამავდროულად გრძნობ, რომ ის უკვე შენია, იქმნება უძლიერესი ვიბრაცია. ნათელი ფიქრი და ამაღლებული ემოცია ერთად უდრის კვანტურ მოვლენას. შენი გული ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც ხუთი ათასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ტვინის ველი. როცა გული და ტვინი უნისონში მუშაობენ, იქმნება ერთიანი ძლიერი სიგნალი. ამას ფსიქოფიზიოლოგიური კოჰერენტულობა ჰქვია.
ქრისტიანულ მისტიციზმში, კერძოდ ისიქაზმში, ეს არის უმთავრესი მიზანი, რომელსაც „გონების გულში ჩაყვანას“ ეძახიან. მამათა სწავლებით, მხოლოდ ტვინით წაკითხული ლოცვა მშრალი და უნაყოფოა. ის რეალურ ძალას იძენს მხოლოდ მაშინ, როცა გულში ჩადის და ღრმა შინაგან განცდას უერთდება. სწორედ ამ მდგომარეობაში ხდები შენ სასურველი მოვლენების ცოცხალი მაგნიტი.
მაგრამ არსებობს ერთი დიდი პრობლემა. ადამიანების უმეტესობა შინაგან ქაოსში ცხოვრობს. ფიქრობენ ერთს, გრძნობენ მეორეს, სხეული კი სულ სხვა რამეს ითხოვს. არ არის ერთიანობა, არ არის სუფთა სიგნალი და შესაბამისად არც შედეგი ჩანს. კვანტურმა ველმა რომ გაგიგონოს, საჭიროა სიცხადე. შენი სხეულის თითოეული უჯრედი ერთსა და იმავე სიხშირეს უნდა ასხივებდეს.
თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი უნიკალური ელექტრომაგნიტური ხელმოწერა, რომელსაც ყოველ წამს ვაგზავნით ველში. ეს ხელმოწერა შენი დომინანტური ფიქრებისა და გრძნობებისგან შედგება. თუ დღის უმეტეს ნაწილს პრობლემებზე ფიქრობ და შფოთვას გრძნობ, შენი ხელმოწერა პრობლემებთან რეზონირებს და ველიც ზუსტად ამას გიბრუნებს. თუ შესაძლებლობებზე ფიქრობ და მადლიერებას გრძნობ, ველიც მეტ სიუხვეს გაძლევს.
ეს ზუსტად რადიოსადგურს ჰგავს. შეუძლებელია 102 FM ზე იყო მომართული და 89 FM გესმოდეს. ასეა ცხოვრებაშიც. შეუძლებელია ასხივებდე დანაკლისის სიხშირეს და სანაცვლოდ იღებდე სიუხვეს, მიუხედავად იმისა, რომ სიუხვეზე ფიქრობდე.
ჰერმეტიზმშიც ხომ ეს არის მთავარი კანონი „როგორც შიგნით, ისე გარეთ“. თუ შენი შინაგანი სამყარო ქაოსურია, გარესამყაროც ზუსტად ამ ქაოსს დაგიბრუნებს. ველი გაძლევს იმას, რაც შენს ხელმოწერას შეესაბამება.
გულის მათემატიკის ინსტიტუტმა უამრავი კვლევა ჩაატარა და გაზომა, რომ როცა ადამიანი მადლიერებას, სიყვარულს ან სიხარულს განიცდის, მისი გულის ელექტრომაგნიტური ველი რამდენჯერმე ფართოვდება და უფრო მოწესრიგებული ხდება. ტვინი და გული სინქრონულად იწყებენ მუშაობას.
მიუხედავად ამისა, ადამიანების უმეტესობამ საერთოდ არ იცის რა ხელმოწერას აგზავნის სივრცეში. ისინი უბრალოდ ავტოპილოტზე ცხოვრობენ და გარშემომყოფ სამყაროზე რეაგირებენ. გზაზე ვიღაცამ ჩაგიჭრა და გაბრაზდი. ბანკმა ანგარიში გამოგიგზავნა და შეშფოთდი. კოლეგამ რაღაც გითხრა და გეწყინა. თითოეული ეს რეაქცია ველში გაგზავნილი სიგნალია. ველმა კი არ იცის, რომ შენ ეს არ გინდა. ის უბრალოდ გაძლევს მეტ ბრაზს, მეტ შფოთვას და მეტ წყენას და ა.შ. სიხშირის შესაბამისად.
ამიტომ არის აუცილებელი შენი ამჟამინდელი ხელმოწერის გაცნობიერება. უბრალოდ ჰკითხე საკუთარ თავს თუ რომელ ემოციას განვიცდი ყველაზე ხშირად?
რაზე ვფიქრობ დროის უმეტეს ნაწილს?
რა ისტორიებს ვუყვები საკუთარ თავს ჩემი ცხოვრების შესახებ?
ამ კითხვებზე პასუხები პირდაპირ დაგანახებს შენს ხელმოწერას. და თუ არ მოგწონს ის, რასაც შენს ცხოვრებაში ხედავ, ესე იგი დროა ეს ხელმოწერა შეცვალო.
სასიხარულო ამბავი ისაა, რომ ამის შეცვლა შესაძლებელია. თანაც წლებს კი არა, კვირებს და ზოგჯერ დღეებსაც კი მოითხოვს. მთავარია როგორ მიუდგები საკითხს... მაგრამ აქ მივდივართ ყველაზე მთავარ კითხვამდე.
რატომ არის ასე რთული საკუთარი ხელმოწერის შეცვლა და ძველი შაბლონებიდან გამოსვლა მაშინაც კი, როცა იცი რა უნდა გააკეთო?
პასუხი არის შენი სხეული. აი რა არ ესმის უმეტესობას. შენი სხეული არის შენი ქვეცნობიერი გონება. თითოეული ემოცია სხეულში ქიმიურ რეაქციას ქმნის. ბრაზი ნიშნავს ადრენალინს და კორტიზოლს, შიში ნორადრენალინს, სიხარული კი სეროტონინს და დოფამინს. როდესაც ერთსა და იმავე ემოციას გამუდმებით განიცდი, სხეული ამ ქიმიას ეჩვევა.
ვედურ და იოგურ ტრადიციებში ამას სამსკარები ჰქვია. ეს არის წარსული გამოცდილებებით დატოვებული ნაწიბურები და ჩვევები ფსიქიკასა და სხეულში, რომლებიც გაიძულებენ ერთსა და იმავე კარმულ წრეზე იტრიალო.
უჯრედები ფაქტობრივად დამოკიდებულნი ხდებიან გარკვეულ ნეირომედიატორებზე.
დილას იღვიძებ და შენი სხეული ქიმიის ჩვეულ დოზას ელოდება. მას სტრესი, შფოთვა და გაღიზიანება უნდა, რადგან ეს მისთვის ნაცნობია. ნარკომანი რა.. თუ ამ დოზას არ აძლევ, იწყებს მის მოთხოვნას. ტვინში აგზავნის სიგნალებს, რომ გაიხსენო პრობლემები და იფიქრო რამე ცუდზე. შენც ავტომატურად იწყებ სანერვიულოს ძებნას. ეს შენ არ ხარ, ეს შენი სხეულია, რომელიც გონებას მართავს. შენ საკუთარი სხეულის ქიმიის მსხვერპლი გახდი.
გნოსტიციზმში ამას მატრიცის პარაზიტულ ბუნებას უწოდებენ. მათი სწავლებით, ფიზიკური სხეული ისეა მოწყობილი, რომ დაბალი ვიბრაციის ემოციებს გამოიმუშავებდეს, რითაც სისტემა, ანუ არქონტები იკვებებიან. ქრისტიანულ ასკეტიკაში კი სხეულის ამ ქიმიურ მიჯაჭვულობას სტრესსა და ბრაზზე ვნება ჰქვია. სხეული, რომელიც ცოდვას, ანუ დაბალ ვიბრაციას მიეჩვია, ითხოვს მის გამეორებას და სულს ებრძვის. ქრისტიანული მარხვა და ასკეტური პრაქტიკებიც ზუსტად ამ ნერვული პატერნების გადაპროგრამების ტექნოლოგიაა.
ამიტომ არის შეცვლა ასე რთული. შენ შეიძლება გონებით ყველაფერი იცოდე, მაგრამ როცა ცვლილებას ან მედიტაციას იწყებ, სხეული, ჭკუა, სამშვინელი და ა.შ. საბოტაჟს გიწყობს. იწყება ქავილი, წრიალი, ფიქრები წარსულში მიგაქანებს.
გნოსტიკური ენით რომ ვთქვათ, სისტემას არ აწყობს შენი მაღალ სიხშირეზე გადასვლა. ეს ნებისყოფის ნაკლებობა არ არის, არამედ სუფთა ბიოლოგიაა. შენმა სხეულმა წარსული უკეთ დაიმახსოვრა, ვიდრე შენ მომავალს წარმოიდგენ. სანამ სხეულს ძველ ქიმიას არ გადააჩვევ, სულ უკან დაბრუნდები.
რა არის გამოსავალი? სხეულის ხელახალი პროგრამირება. მას ახალი ქიმია უნდა ასწავლო. როდესაც მადლიერებას, სიხარულს და სიყვარულს განიცდი მანამ, სანამ სასურველი მოვლენა მოხდება, შენი სხეული ახალი ქიმიის გამომუშავებას იწყებს. ეს პრინციპი პირდაპირ იმეორებს ქრისტეს სიტყვებს მარკოზის სახარებიდან „რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ უკვე მიიღეთ და მოგეცემათ“. ეს უბრალოდ რწმენა კი არ არის, ეს სასურველი რეალობის წინასწარი ემოციური ათვისებაა.
თავიდან სხეული წინააღმდეგობას გაგიწევს. მას ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნება სურს. მაგრამ თუ ამას ისევ და ისევ გააკეთებ, ყოველ დილით და საღამოს, უჯრედები ახალ ქიმიაზე გადაეწყობა. რაღაც დროის მერე ხდება სასწაული, სხეული იწყებს მომავალში ცხოვრებას მანამ, სანამ ის რეალობად იქცევა. აქ შემოდის ერთი პარადოქსი, აწყმოს მომავლიდან გადაწერა. როცა სხეულს სჯერა, ველიც გეხმიანება, რადგან ის კითხულობს შენი არსების მთლიან მდგომარეობას. მთელი სხეული ახალ რეალობასთან უნდა რეზონირებდეს.
სწორედ ეს არის ნამდვილი მედიტაცია. არა უბრალოდ ჯდომა და კარგზე ფიქრი, არამედ სხეულის ფიზიკურად გადამზადება ტანჯვის ჩვევისგან.
ძველ ალქიმიაში ამ პროცესს დიდი ნაშრომი ერქვა. ეს არის უხეში მატერიის, ანუ სტრესზე დამოკიდებული მხეცი სხეულის, ტრანსმუტაცია სულიერ ოქროდ, ანუ მაღალვიბრაციულ კოჰერენტულ მდგომარეობად. ეს არის ნამდვილი გათავისუფლება, როცა მატრიციდან ითიშები და საკუთარი რეალობის დამოუკიდებელი შემოქმედი ხდები.
წყარო: მეტაფიზიკოსი, ვატო მსხილაძე.