მოძღვარი გურამ ოთხოზორია საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა. იგი გადაცემა „პირველი სტუდიის“ სტუმარი იყო, სადაც მან თავისი პირველი სიყვარულისა და იმ მძიმე პერიოდის შესახებ ისაუბრა, რომელმაც, მისი თქმით, ფსიქიატრიულ კლინიკამდე მიიყვანა.
როგორც იგი ამბობს, პირველი სიყვარული ნინო იყო – პოეტ ტიციან ტაბიძის შვილიშვილი, რომლის მიმართაც განსაკუთრებული გრძნობები ჰქონდა.
„ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ტიციან ტაბიძეზე, კერპი იყო ჩემი. ჯერ არც კი ვიცოდი, რომ გოგო, რომელიც მომწონდა, მისი შვილიშვილი იყო. როცა გავიგე, ვიფიქრე, რომ ჩემთვის სრულიად მიუწვდომელი სამყარო იყო. მე გლეხი ბიჭი ვიყავი, თუმცა ყოველთვის ასეთი მიუწვდომელი რაღაცები მიზიდავდა“, – იხსენებს მამა გურამი.
მისი თქმით, ნინოს შესახებ ყველაფერი იცოდა, თუმცა თავად ვერ ბედავდა დაახლოებას. ერთ დღეს კი გოგონამ, შეცდომით, იფიქრა, რომ მას უთვალთვალებდა და მეგობრებსაც სთხოვა, ჩამოეშორებინათ. მოგვიანებით, როდესაც გაიგო, რომ ახალგაზრდა მამაკაცს გულწრფელად უყვარდა, ნინომ მას ბოდიში მოუხადა და საკუთარ ოჯახშიც მიიწვია.
„მასთან სულ ახლოს ვიყავი. გამოდიოდა სახლიდან იქ ვიჯექი, სულ ვხვდებოდი ყველგან და ერთხელ სამი ბიჭი დამახვედრა, უთქვამს, ყაჩაღი დამდევს მომაშორეთო.
ვუთხარი: „გოგო როგორი თვალებით გიყურებდი, ეს როგორ ვერ მიხვდითქო?“. როცა ბიჭებთან ეს საუბარი შედგა და გაიგეს, რომ ნინო მომწონდა. მეორე დღეს ნინო მოდის, უნივერსიტეტის ეზოში ვდგავარ და ხელებგამოწვდილი მოდიოდა ჩემკენ, მიხადა ბოდიშები დედიკომ დაგპატიჟა ამოდი ჩვენთანო“, - იხსენებს გურამ ოთხოზორია.
სასულიერო პირმა გადაცემაში ის დიალოგიც გაიხსენა, რომელმაც, მისი თქმით, ყველაფერი შეცვალა. მისი თქმით, საბოლოო უარმა უმძიმესი ფსიქოლოგიური კრიზისი გამოიწვია.
„ნინომ მითხრა: „გურამ, მე ის არ ვარ, ვინც შენ გიყვარს. შენ სულ სხვა ადამიანი გიყვარს. მე ვერ მოგცემ იმ სიყვარულს, რომელსაც ეძებ. ვერც შენ იქნები ბედნიერი და ვერც მე“. მე ქალში დიდ სიყვარულს ვეძებდი და ყველაფერი ამ გოგოში მოვაქციე, ამას მერე მივხვდი როცა ქრისტე ვირწმუნე. არანორმალური იყო ეს სიყვარული, რაღაც მიზიდავდა და როგორც კი მისაწვდომი ხდებოდა უკვე აღარ მინდოდა, სასწაული იყო. ტრაგიკულად დამთავრდა ეს სიყვარული, ფსიქიატრიულში მოვხვდი ავლიპ ზურაბიშვილთან, სადაც ვიყავი 2 თვე და ავლიპი მიკვლევდა მე, როგორც სიყვარულისგან და ღმერთისგან გაგიჟებული. დამიდგინეს რეაქტიული ფსიქოზი, როცა ნინომ ბოლო უარი მითხრა, ჩემთვის სამყარო დაიკარგა არ ვიცოდი სად წავსულიყავი. ღამის პირველ საათზე, მის დაბადების დღეზე, საბოლოო უარი მითხრა. იმ მომენტში ჩემში ყველაფერი გადატრიალდა“, – იხსენებს მამა გურამ ოთხოზორია.
მან მის ახლანდელ მეუღლეზე ისაუბრა და მისი გაცნობის ისტორია მოჰყვა:
„როცა ფსიქიატრიულიდან გამოვედი, ჩემებს ეშინოდათ, რამე არ დამმართნოდა და დაქორწინება უნდოდათ ჩემი. თუმცა ჩემთვის ნინოს მერე სულ ერთი იყო, არ ვიცოდი როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება. მეუღლე კი, რომელიც ახლა მყავს ბიბლიოთეკაში მუშაობდა, რომელსაც შორიდან ვიცნობდი და არც მიფიქრია მასზე. ერთხელ ქალაქში გულგატეხილი მოვდივარ და სახელმა ნატომ იმდენად ამავსო, საოცარი გრძნობებით ავივსე და სახლში რომ მოვედი, ბიბლიოთეკის დაკეტვამდე ცოტა იყო დარჩენილი სასწრაფოდ გავიქეცი, რომ მივსულიყავი. ჩვენი შინაგანი ხედვები დაემთხვა და 2 კვირაში ვიქორწინეთ“, - ამბობს მამა გურამ ოთხოზორია.
მისი თქმით, ნინოსთან მის პირველ სიყვარულთან დღემდე ახლოს არიან ოჯახებით და ერთმანეთის ბავშვებსაც იცნობენ.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით