Digest Logo

🎥 გაიცანით თეიმურაზ დავითაძე, მასწავლებელი მაღალმთიანი აჭარიდან, რომელიც 55 წელია დაბა შუახევში მათემატიკას ასწავლის

1762108984
 თეიმურაზ დავითაძე

ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც სკოლაში მათემატიკას ასწავლის. ისეთივე მონდომებით და ენერგიით, როგორც წლების წინ, სულ პირველად სკოლაში პირველი გაკვეთილის ჩასატარებლად რომ მივიდა.

პედაგოგობაზე არასოდეს უოცნებია. უნდოდა ექიმი გამოსულიყო, მაგრამ მამისა და ბიძის გავლენით, ბოლოს ისევ მასწავლებლის პროფესია  აირჩია.

სკოლა მისთვის ყველაფერია. მოსწავლეები და კოლეგები სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარებიან. გასახსენებელი და მოსაყოლიც ბევრი აქვს იმ წლებზე, როცა სოფელს ბევრი არაფერი ჰქონდა, მაგრამ სკოლებს აჭარაში მაინც აშენებდა. ხშირად საკუთარი ხელითაც.

მათემატიკურ ამოცანებსა და ფორმულებში დაკარგულს, სჯერა, რომ ბავშვებისთვის ცხოვრების მასწავლებელიც არის და ხშირად მათი პრობლემის, საიდუმლოებების ერთადერთი გამზიარებელიც.

ვინც გაკვეთილზე ახსნილს ვერ იგებს, სთხოვს ტელეფონზე დაურეკონ.

მზად არის, ნებისმიერ დროს დამატებითი გაკვეთილი სრულიად უსასყიდლოდაც ჩაუტაროს. ბავშვებს რომ საქართველო და მისი კუთხეები კიდევ უფრო შეაყვაროს, ხშირად დაჰყავს ექსკურსიებზე.

ბაბუკი - ასე მიმართავს აქ ყველა, დიდიც და პატარაც. ალბათ, მასში ყველა საკუთარ ბაბუას ხედავს და მიმართვის ეს ფორმაც ყველასთვის ბუნებრივია.

ბაბუკი მასწავლებელს ახლა უკვე არამხოლოდ ეს პატარა სოფელი, არამედ მთელი საქართველო იცნობს. ის ქვეყნის10 საუკეთესო პედაგოგს შორის შეარჩიეს და მასწავლებლის ეროვნული პრემიით დააჯილდოვეს.

მათემატიკის მასწავლებლის დიდი გამარჯვების ამბავი მალევე ჩავიდა პატარა სოფელშიც, სადაც ისე ელოდებოდნენ ბაბუკი მასწავლებელს, როგორც არსად. ემოციებიც შესაბამისი იყო.

თეიმურაზ დავითაძის ხელში უკვე არაერთმა თაობამ გამოიარა, უწინ მოსწავლეები რომ იყვნენ, დღეს კი ბაბუკი მასწავლებლის კოლეგებად რომ იქცნენ.

უყვარს პოეზია, ლექსებს თავადაც წერს და არც იუმორში მოიკოჭლებს.

ასაკს არ გვიმხელს, სურს, რომ საიდუმლოდ დარჩეს. ეს ერთუცნობიანი განტოლება, ვერც მათემატიკური ფორმულებით გამოვთვალეთ, თუმცა არ დაგვიმალა ის, რომ სიცოცხლის გახანგრძლივების ელექსირი იოგა და ყოველდღიური ვარჯიშია.

დილას 6 საათზე ვარჯიშით იწყებს, ცხოვრობს მაღალმთიანი აჭარის სოფელ სხეფში. ამბობს, რომ მისი სიცოცხლე 36 წლის წინ ნაჩუქარმა წიგნმა გადაარჩინა. მაშინ, როცა ექიმმა სულ რაღაც 6 თვის სიცოცხლე მისცა.

სახლში ფუსფუსიც უყვარს, ჰყავს ფუტკრები, აქვს პატარა ბაღი, რომელსაც თავად უვლის.

გაკვეთილების შემდეგ სახლში ბრუნდება, იქ, სადაც მეუღლე ელოდება. სკოლიდან რამდენიმე კილომეტრს ხან ფეხით, ხანაც ავტომობილით გადის.

ოჯახს ზეიმის მიზეზი აქვს. მთელი სოფელი ულოცავს. პედაგოგებიც დაპატიჟა და ქართულ სუფრასთან არც მუსიკალურ იმპროვიზაციაში შეირცხვინა თავი

ხვალ ისევ შუახევის საჯარო სკოლაშია წასასვლელი, იქ, სადაც უყვართ და ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კარგია, კარგია, კარგია“ - რა იმალება ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზის მიღმა და ვინ არის „ზურა ბიძია“, რომლის TikTok კონტენტი ძირითადად ბავშვებთან კომუნიკაციაზეა აგებული

„წელს ის უფრო თბილი იქნება, ვიდრე გვახსოვს...“ - კობა ფარტენაძე ნოემბრის ამინდის პროგნოზზე

ანუკი არეშიძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან - „განსაკუთრებით გიხდება შავი“