საქართველოს სახალხო არტისტს, იმედა კახიანი იღბალს არ უჩივის, პირიქით, ხშირად ამბობს, ჩემი წარმატებები შრომასთან ერთად იღბლის დამსახურებაცააო. ასაკმა მოგონებების გაღვიძება იცის. მოგონებებში კი ყველაზე მეტად ბავშვობის წლები ეძვირფასება. სასიხარულო ბევრი კი არაფერი იყო ნახევრად მშიერ ბავშვობაში, მაგრამ იყო მთავარი – სიყვარული.
ბავშვობაზე, განვლილ წლებსა და თავის პროფესიულ არჩევანზე იმედო კახიანი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
– თქვენი ბავშვობა ომის პერიოდს დაემთხვა. შემდგომ წლებში ქვეყანას ტექნიკური სპეციალისტები ძალიან სჭირდებოდა, თქვენ კი მსახიობობა აირჩიეთ. თქვენს ბავშვობასა და პროფესიულ არჩევანზე მიამბეთ.
– როცა უკან ვიხედები, ყველაზე მეტად ბავშვობა მენატრება. მამა რეპრესირებული იყო. სასწაულად გადარჩა, დაავადებული დაბრუნდა ციმბირიდან, გადასახლებიდან. ქალაქსა და ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრება ეკრძალებოდა, ამიტომ სოფელში გადავსახლდით. ომი იყო, ნახევრად მშიერი იყო დიდი და პატარა, მამაკაცები ომში იბრძოდნენ და ქალების ამარა იყო დარჩენილი სოფელი.
დედა მასწავლებელი იყო. განთიადზე დგებოდა, პირუტყვი, ფრინველი, ეზო-კარი, სამი ბიჭი, ავადმყოფი ქმარი – ყველაფერი მის კისერზე იყო. შემდეგ ორ კილომეტრზე დაშორებულ სკოლაში ლამის სირბილით მიდიოდა, ასევე სირბილით ბრუნდებოდა და გვიან ღამემდე ციბრუტივით ტრიალებდა.
მძიმე წლები იყო, მაგრამ რწმენა და სიყვარული იმარჯვებდა გაჭირვებაზე. ოთხი კლასი დავამთავრე სოფლად და სწავლა თბილისში გავაგრძელე. პლეხანოვზე (ამჟამინდელი აღმაშენებელი) გვქონდა ერთი ოთახი, სადაც მამიდა ცხოვრობდა. მის იმედად გამომიშვეს მშობლებმა. სახლი დიდი იყო, თავად დადიანის აშენებული, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დადიანის მეუღლე, დიდი თავადის, გურიელის, ქალი თამარი. ღრმად მოხუცებული მახსოვს – დიდებული იერითა და საუცხოო სიტყვა-პასუხით.
ჩემი ეზო მრავალეროვანი იყო, როგორც ყველა ძველი თბილისური ეზო. მარტო დარჩენილ ბიჭზე მეზობლები ზრუნავდნენ. ზოგი დილით მაღვიძებდა სკოლისთვის, ზოგს კერძი მოჰქონდა… სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხი ერთი ცხოვრებით ცხოვრობდა და ერთი ენით – სიყვარულის ენით საუბრობდა.
დედა ჩემს ექიმობაზე ოცნებობდა და მეც სამედიცინო ინსტიტუტს მივაშურე. ქულები დამაკლდა და გარეთ დავრჩი. ჩემი მეზობელი ნოდარ ფირანიშვილი თეატრალურ ინსტიტუტში პირველ კურსზე სწავლობდა. ისე დამიხატა ის გარემო, რომ დამითანხმა იქ ჩაბარებაზე. საბუთები შევიტანე, მეორე დღეს კი შესარჩევი ტური იყო დანიშნული.
ერთ დღეში რა უნდა მესწავლა, წარმოდგენა არ მქონდა. ფირანამ, ასე ვეძახდი ნოდარს, მითხრა, საჭიროა, ისწავლო ლექსი, იგავ-არაკი, ნაწყვეტი პროზიდანო. ავირჩიე იგავ-არაკი, ვაჟა-ფშაველას „არწივი“ და „ამოდის, ნათდება“. ფირანამ მითხრა, მთავარია, ხმამაღლა, გაბრწყინებულმა წაიკითხოო.
მოვიდა ჩემი რიგი. შევედი დარბაზში, სადაც მაგიდას ჩემთვის უცნობი ადამიანები უსხდნენ, მომანათეს პროჟექტორები და მითხრეს: „აბა, დაიწყეთ“. დავჭექე. დავამთავრე, მაგრამ ხმას არავინ იღებს.
დიდი პაუზის შემდეგ მელოტმა, შავგვრემანმა კაცმა მითხრა: „აიღე სკამი, მოდი და ჩვენ წინ დაჯექი“. დავჯექი. „იცი, რა წაიკითხე?“ – მეკითხება. „როგორ არა, ვაჟას „არწივი“,- ვპასუხობ. „მერე?“… ვფიქრობ, რა უნდა. როგორც ფირანამ მასწავლა, დავჭექე, არ შემშლია.
„ახალგაზრდავ, რა სჭირს არწივს?“ – ისევ მეკითხება. „დაჭრილია“, – ვპასუხობ. „ჰოდა, ეს ძლიერი ფრინველი, თავისუფლების სიმბოლო თუ დაჭრილია, სტკივა და უღირსი მტერი ძიძგნის, არ გეცოდება?“ – მკითხა. „დიახ“, – ვუპასუხე. ჰოდა, მაშინ რა გიხარია, რა გაყვირებსო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, სხვა ნომრებიც დიდად არავის მოსწონებია. არაფერი მითხრეს, ისე გამომიშვეს. ვბრაზობდი, ეს სად მომიყვანა ფირანამ, თავი შევირცხვინე-მეთქი.
მეორე დღეს, როგორც წესი, პლეხანოვზე „ვაბირჟავებდი“. რუსთაველისკენ გახედვაც არ მინდოდა. ისედაც არ დავდიოდით პლეხანოველები რუსთაველზე, უბნის ღალატად ითვლებოდა. მოვიდა ფირანა და ძალით წამიყვანა. თეატრალურ ინსტიტუტის კედელზე, სარკმელში სიები იყო გამოკრული, 450 კაციდან 40 კაცამდე დასულიყო. ჩემი გვარი ეწერა, პირი დავაღე გაოცებისგან. ორი კვირა ვიმეცადინე და დრამის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი.
– ამის მერე მალე გამოჩნდით კინოში.
– დიახ, პირველ კურსზე ვიყავი. რეჟისორი შოთა მანაგაძე იღებდა “საბუდარელ ჭაბუკს”. თეატრალურში გვითხრეს, მთავარი გმირი, გოგიტა, უკვე არჩეულია, მისი თანატოლი ბიჭები გვჭირდება და ხვალ პირველკურსელები გასინჯვაზე მოდითო. ყველანი წავედით. რეჟისორი გვესაუბრა. უცებ გვერდით მდგომს მიუბრუნდა და უთხრა, ამ ყმაწვილს გაუკეთეთ გრიმი და სასინჯი ფოტოები გადაუღეთო. რამდენიმე ხნის შემდეგ შემატყობინეს, მთავარ როლზე დაგამტკიცესო.
– ამავე პერიოდში მოხდა თქვენს ცხოვრებაში მთავარი მოვლენა – გაიცანით მომავალი მეუღლე.
– ჩემი ქალბატონი „საბუდარელი ჭაბუკის“ სინჯებზე გავიცანი. ციცინოს როლის სინჯებზე მთელი თბილისის ლამაზი გოგოები მიდიოდნენ. მეორე დღეს პლეხანოვზე შემხვდა და თითქოს ვერ მიცნო, ისე ჩამიარა. მე კი ისე მომეწონა, გადავწყვიტე, დავახლოებოდი და შევძელი კიდეც, თავი შევაყვარე… (იცინის).
– დღეს რა არის თქვენი მთავარი სათქმელი?
– ნუ დავგესლავთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს, ნუ ვეთამაშებით სიტყვებს „სამშობლოს მოღალატე“, ადამიანებს დაუფიქრებლად ნუ შევასხამთ ტალახს. მოვუაროთ საქართველოს და გვიყვარდეს ერთმანეთი.
ფლორა (იმედო კახიანის მეუღლე): იმედო სიმპათიური ბიჭი იყო, ხალისიანი, ნიჭიერი. დროის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან „ბირჟაზე“ ატარებდა. როგორ გავბედავდი, სახლში მეთქვა, ასეთი ბიჭი მიყვარს-მეთქი. 5 წელი გვიყვარდა ერთმანეთი, მხოლოდ ბოლო წელს გავუბედე მამას და ვთხოვე, ნება დაერთო, ცოლად გავყოლოდი. მაშინ გაპარვა იყო მოდაში, მაგრამ ამას ჩემს ოჯახს ვერ ვაკადრებდი. ვარჩიე, საყვედურები ამეტანა, მაგრამ სიმართლე მეთქვა, რომ მიყვარდა.
– ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთად მოდიხართ. მსახიობ მამაკაცს, მით უმეტეს, სიმპათიურს, ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლებოდა, იქნებოდა მუდმივი გადაღებები, ქეიფები… არ ეჭვიანობდით? როგორი ქმარი იყო ბატონი იმედო?
ფლორა: საუკეთესო მეუღლე იყო და არის, ასევე – კარგი მეოჯახე, მზრუნველი მამა და ბაბუა. კი, ყველაფერი იყო ჩვენს ოჯახში. თვეობით გადაღებებზე იყო, უყვარდა ქეიფი, თამადობა, დროსტარება. ბევრჯერ ღამის 2 საათზე მოსულა მეგობრებთან ერთად და დილამდე მოულხენიათ. მე არ ვარ ეჭვიანი და არც არასდროს მოუცია ამის საბაბი. ეტყობა, ძალიან ჭკვიანი იყო და ოდესმე თუ გვერდზე გაუხედავს, მე არასდროს გამიგია.
გვიკამათია კიდეც, გავბუტულვარ, მაგრამ დიდხანს ვერ ვებუტებოდი, ამის საშუალებას არ მაძლევდა. საუცხოო იუმორი აქვს და ისეთ რამეს იტყოდა, ღიმილს ვერ ვიკავებდი. ასე, იუმორით ვრიგდებოდით. როცა ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარს, ყველა სიძნელე დაიძლევა.
მეც ყოველთვის დაკავებული ვიყავი. ამოსავლეთმცოდნე ვარ, უნივერსიტეტში ვმუშაობდი, ლექციებს ვკითხულობდი, დისერტაციას ვიცავდი. ჩვენი ქალიშვილი, ეკა, ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, ოჯახს ყურადღება სჭირდებოდა და სულელურ ეჭვიანობაზე დროს როგორ დავკარგავდი?
დღემდე ვთვლი, რომ ჩვენი შეხვედრა ბედნიერი იყო და საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ სიძე. დედაჩემმა 102 წელი იცოცხლა და სულ გვეუბნებოდა, ბოღმით არ უნდა იცხოვრო, ბოღმა აბერებს და კლავსო.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მსახიობ იმედა კახიანს 87 წელი შეუსრულდა - „არც მეგონა რომ ამ ასაკს მივაღწევდი“
⭕„...და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“ - 12 მაისს კვირაცხოვლობა აღინიშნება