ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი უვნებელი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
მღებრიშვილის განცხადებით, 3 წლის გოგონა დაახლოებით მეორე და მესამე სართულებს შორის ნანგრევებში იყო მოყოლილი, მას ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და კონტაქტურია.
მისივე თქმით, კიდევ 6 პირის ძებნა-შველის ოპერაციას ნაშალი მასალის ძალიან მცირე ფრაგმენტებად ჩამოშლა ართულებს.
„3 წლის გოგონაა ამოყვანილი ნანგრევებიდან. ჯანმრთელობის ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ბავშვი კონტაქტურია. დაახლოებით, მესამე და მეორე სართულებს შორის ნანგრევებში იყო.
ამ დროისთვის მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში ძებნა-შველის ღონისძიება. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედს არ ვკარგავთ. დაველოდოთ შედეგებს. სიტუაციას ართულებს ის, რომ ჩამოშლილია ძალიან მცირე ფრაგმენტებად ნაშალი მასალა. შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს შენობის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა ჯერ კონტაქტზე არავინ გამოსულა. სადაც ბავშვი იქნა ნაპოვნი, ზუსტად, იმ კვადრატში მიმდინარეობს ამწუთას დამატებითი ძალების მობილიზებით ტერიტორიის გადამოწმება“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ადგილზე სამაშველო ღონისძიება 9 საათია მიმდინარეობს და ამ დროისთვის კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა ცვლილებები ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 2027 წელს? - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი