წლების შემდეგ გელა დაიაური გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ იმ საშინელ ტრაგედიას იხსენებს, რომელმაც მისი ოჯახი შეიწირა.
მუსიკოსი მუცოს სალოცავიდან დაბრუნებისას მომხდარ ფატალურ ავარიაზე საუბრობს და დეტალურად ჰყვება იმ დღის შესახებ, როცა მძღოლის სავარაუდო გულის შეტევის გამო მანქანა მდინარეში გადავარდა.
დაიაური იხსენებს გადარჩენისთვის ბრძოლის უმძიმეს წუთებს, დაკარგული შვილის ძებნის ისტორიასა და იმ საზარელ რეალობას, როცა ბავშვის ნაცვლად, მიწისთვის მისაბარებლად ნაპოვნი ნივთი სულ სხვა აღმოჩნდა:
„დიდი ხანია, ამ თემაზე არ მისაუბრია. ჩვენი ტრადიციის მიხედვით, ყველა დაბადებული ბავშვი უნდა მიაბარო სალოცავს. ჩვენთან არის მუციოს მთავარანგელოზის სალოცავი და დღეობაზე წასვლა გადავწყვიტეთ. ჩემს მეჯვარესთან, ბერდია არაბულთან ერთად წავედით. პირველ დღეს შატილში დავრჩით ნათესავებთან, მეორე დღეს კი სალოცავში გადავედით.
მოვილოცეთ და უკან რომ მოვტრიალდით, ბერდიას უთქვამს სოფოსთვის, გული ვერ მაქვს კარგადო. არ ვიცი, გული აწუხებდა თუ ნაბახუსევი იყო. უკვე რთული გზიდან ჩამოსული ვიყავი და სწორი გზა იწყებოდა.
სოფოს შეუთავაზებია, დავჯდები საჭესთან, თუ გინდაო, მაგრამ ბერდიას უთქვამს, არა, გეხუმრეო და გზა გააგრძელა. ცოტა ხანში თავი უკან გადავარდნია. გულის მხარე გაშავებული ჰქონდა. სავარაუდოდ, გულის შეტევა მიიღო.
მე და ჩემი ცოლის ძმა თორნიკე ვისხედით საბარგულში. თორნიკემ მითხრა, ბავშვები დაიძახე და წინ გადახტიო, მაგრამ ეს არ მახსოვს. შემდეგ მახსოვს, რომ ვიხრჩობოდი. მანქანა მდინარეში ზურგზე დაეცა. უკან სხვა მანქანებიც მოგვყვებოდნენ, საბედნიეროდ, მათ ავტომობილის უკანა ნაწილი ჩაუმტვრიეს, რომ იქიდან გამოვეყვანეთ. თორემ, ვინც გადავრჩით, ისინიც ვერ გადავრჩებოდით.
ერთი რამ მახსოვს: ბავშვის მოშვებული ხელი დავიჭირე ხელში და ვიფიქრე, არ დავახრჩო-მეთქი, შემდეგ კი ხელი გავუშვი.
მუცოში რომ ჩამოგვიყვანეს, გამეღვიძა და სიცივისგან ვკანკალებდი. ბიძაშვილი მეჯდა გვერდით და ვკითხე, გადარჩენილი მყავს ვინმე-მეთქი? მიპასუხა, არაო. ჩვენთან ასეთ წესია - პირდაპირ უნდა უთხრა ადამიანს და არაფერი დაუმალო.
შემდეგ შატილში დაუსვენებიათ ჩემი მეუღლე და ბავშვი. მეორე ბავშვი კი დაკარგული იყო. დიდი ხანი ვეძებდით. შემდეგ რაღაც პატარა ნაწილი იპოვეს, გაგზავნეს ექსპერტიზაზე. გავიხარე, რომ რაღაც ვიპოვე. ყველაფერი ვიყიდე, რომ მიწისთვის მიმებარებინა. რატომღაც ვიფიქრე, რომ ბავშვის ნაწილი იყო. ბედნიერი ვიყავი, რომ ვიპოვე. შემდეგ მითხრეს, ცხვრის ბატკნის ნაწილები და თმა აღმოჩნდაო“, - იხსენებს გელა დაიაური.
ინფორმაციისთვის, გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და მათი ორი ვაჟი, 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო“ - გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეზე