Digest Logo

🎥 „ღმერთის მწამს და მეშინია, რაც ჩემს ლექსებში ჩანს...მწუხარება კი პოეტის თანამდევი მეგობარია...“ - „დაიჯესტის“ ინტერვიუ პოეტ გაგა გომართელთან

1748017339
გაგა გომართელი

გაგა გომართელი 21-ე საუკუნის პოეტია, რომლის ლექსები საზოგადოებამ მალევე აიტაცა და შეიყვარა. მის შემოქმედებაში მრავლად ნახავთ ისეთ სიტყვებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ღმერთთან და სიყვარულთან. შემოქმედება დატვირთულია მრავლისმთქმელი სიტყვებით, რომლებიც მკითხველის გულს და გონებას ზოგადსაკაცობრიო თუ პირადულ საკითხებზე დააფიქრებს - მოწოდებები სიყვარულისკენ, ღმერთის გზით ცხოვრებისკენ, სიკეთისკენ და რაც მთავარია სამშობლოს სამსახურში ყოფნისკენ.

როგორც თავად ამბობს, ერთი უბრალო პოეტია, თუმცა საზოგადოება ასე ნამდვილად არ ფიქრობს და ბევრი ადამიანი მისი შემოქმედებით საზრდოობს. პოეტის თქმით, ყველაზე დიდი ჯილდო და გვირგვინი სწორედ ხალხის სიყვარულია.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ გაგა გომართელთან გულახდილ ინტერვიუს, რომლის საშუალებით მასზე უფრო მეტს შეიტყობთ:

1. ვინ არის გაგა გომართელი?

- გაგა გომართელი არის ხვედრის ტყვე, სიზმრების მდევარი, ტკივილით მოღიმარი ქარი.

„ვიზეპირებდი ცხოვრების სტროფებს
რომელიც თავად ზეპირად მცნობდა
და როგორც სუსტი ნიავი ღობეს
ბედს გავყოლოდი უომრად სჯობდა“.

2. როგორი ბავშვობა გქონდათ?

- საოცარი, მისტიკური ბავშვობა მქონდა.

3. მკაცრად გზრდიდნენ?

-  საკმაოდ მკაცრად მზრდიდა დედა. მამა ყოველთვის ლმობიერი იყო.

4. როდის დაიწყეთ ლექსების წერა?

- ლექსების წერა 9 წლის ასაკში დავიწყე.

5. ზოგადი განათლების მიხედვით, საქართველოს განათლების დონის შესაფასებლად, 100-დან რამდენ ქულას დაუწერდით?

- საქართველოს ამჟამინდელ განათლებას 40 ქულას დავუწერდი. ბევრი ინფორმაცია - ეს განათლება არ არის.

6. კაცობრიობის მთავარ გამოგონებად რას მიიჩნევთ?

- კაცობრიობის მთავარ გამოგონებად მიმაჩნია ხელოვნება. მუსიკა ლექსი მხატვრობა. თუ ნივთზეა საუბარი მაშინ წიგნი.

7. ვინ არის ყველაზე დიდი ქართველი და რატომ?

- ყველაზე დიდი ქართველის დასახელება ძნელია, თუმცა უახლესი ისტორიიდან თუ გადმოვიხედავთ ცხადია, ილია ჭავჭავაძე.

8. გწამთ ღმერთის და რა ადგილი უკავია თქვენ შემოქმედებაში რწმენას?

- ღმერთის მწამს მჯერა და მეშინია. ჩემს ლექსებში ჩანს ღვთის შიში. მეშინია ჩემი ცოდვების. 

„ახლა ვხვდები ყველაფერს, მაგრამ არის გვიანი,

ყურთან ღმერთის ხმა მესმის, შენ ხარ ადამიანი?

სინანულის მჭამს განცდა, ყველა ნამოქმედარის,

მინდა სული გავრეცხო, ღმერთის გავხდე მხედარი,

მაგრამ ერთხელ დალაქულ ვეღარ ვშველი გონებას,

უბადრუკი ცრემლები, აი ჩემი ქონება,

ზამთარია ჩემს გულში, სევდისფერად მთოვარი,

აი, ჩემი მეფობის, ოქროს მონაპოვარი.

უფლის კვალზე იარეთ, ნაცვლად ძმათა ომისა,

მორჩილებით შეაღეთ კარი ამბიონისა“.

9. რას მიიჩნევთ მძიმე დანაშაულად, რის გამოც ადამიანებს მკაცრი სასჯელი უნდა მიეზღოთ?

- ამპარტავნებას და სხვა ადამიანის მიმართ ამ გადმოსახედიდან ყურებას. ყველანი შიშვლები ვიბადებით და არავინ არავისზე მეტი არ ვართ. 

„სულ რომ გვატყვია ლაქები სევდის
და მწუხარების გვმოსავს მანტია
რა შუაშია მითხარით ბედი
თუ თავი ჩვენი უკუღმართია
ან რა დავთესეთ კეთილი თესლი
მომკილის გემოს და ფერს ვიწუნებთ
გადამთიელთა ვიპკურეთ გესლი
და სუფთა სისხლი გამოვიწურეთ“.

10. კოსმოსში რას გააგზავნიდით?

- კოსმოსში გავაგზავნიდი ფურცელზე დაწერილ სიტყვას „სიყვარული“.

11. როგორ შეაფასებთ ახალი თაობის პოეტებს?

- მიხარია ახალი თაობის პოეტების არსებობა. უდიდესი პოტენციალი აქვთ და მეიმედებიან.

„დამანახეთ ქართველი ერი როგორ აშენდა,

ჩამომძახეთ რომ დილა ბედნიერი გათენდა.

მამაპაპის ნასისხლარს ფუჭად არ ჩაუვლია,

რომ ქართველის მოშურნე ყველა დამარხულია“.

12. ყველაზე დიდი მწუხარება რამ ან ვინ გამოიწვია თქვენში?

- მწუხარება პოეტის თანამდევი მეგობარია. შეიძლება ითქვას ცხოვრების ხერხემალი ამ მწუხრითაა აშენებული. ყველაფრის განცდაა ჩვენი ჯილდო.

13. ვინ ან რა იყო თქვენი შემოქმედების მთავარი მუზა?

- ჩემი ლექსების მუზა თავად ცხოვრებაა და თქვენ წარმოიდგინეთ სიკვდილიც.

     „პოეტი მქვია თქვენ ფიქრობთ განა?
      სიცოცხლე მიყვარს აფრის აშვებით
      და როგორც დიდმა ჩალაბამ ბრძანა
      მხოლოდ სურვილებს ვეთამაშები“.

14. რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი?

- ჩემი მიზანი, ან უფრო სწორად დიდი სურვილი არის, ერთი დიდი სუფრა გავშალო ყველა დავსვა ამ სუფრასთან მოვასიყვარულო ერთმანეთს და ეს სუფრა არასოდეს არ ალაგდეს.

15. თქვენი ლექსები საზოგადოებამ აიტაცა, რას გრძნობთ, როდესაც ამდენ სიყვარულს და დადებით შეფასებას იღებთ?

- არ არსებობს პოეტისთვის უკეთესი ჯილდო და გვირგვინი, ვიდრე ეს ხალხის სიყვარულია. გულში მომდის ცრემლი სიხარულის.

16. დღევანდელი ახალგაზრდები და მათი აზროვნება თუ მოგწონთ?

- დღევანდელი ახალგაზრდების რაღაც ნაწილი ძალიან მომწონს, რაღაც არა. მე ვთვლი, რომ ჩვენ ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ.

17. რას ურჩევდით მათ?

-  ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ გამოიჩინონ მეტი სილაღე, მეტი კეთილი სიგიჟეები, ზომიერად გაჯეტები და ბევრი ურთიერთობა. ურთიერთობა ეს არის ის ფოტოალბომი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს წარმოაჩენს.

ავტორი: ნინი ჭიჭინაძე.