საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ „ხეტაფეში“ განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.
„ხეტაფემ ქართველ ნახევარმცველთან გიორგი ქოჩორაშვილთან ხელშეკრულება გააფორმა. ლისაბონის „სპორტინგის“ ფეხბურთელი უკვე „ხეტაფეში“ იმყოფება, სადაც ხუთშაბათს კლუბის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და ახალ თანაგუნდელებსაც შეხვდა.
ფეხბურთელი ხეტაფეში იჯარით მოდის, შემდგომში დაახლოებით ხუთ მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით. ის გააძლიერებს გუნდის ნახევარდაცვას, სადაც ლუის მილიას და მაურო არამბარის წასვლის შემდეგ, ერთ-ერთი პოზიცია განსაკუთრებით პრობლემური იყო. ამჟამად გუნდში ცენტრალური ნახევარმცველები მხოლოდ მარიო მარტინი, ხავი მუნიოსი და ივან ნეიუ არიან, მაგრამ ხოსე ბორდალასი (ხეტაფეს მთავარი მწვრთნელი) ბოლო ორზე, განსაკუთრებით კი კამერუნელზე, იმედს არ ამყარებს. ამ პოზიციაზე კიდევ ერთი ალტერნატივა ჯენე დაკონამია.
სავარაუდოდ, კლუბი ქოჩორაშვილის ტრანსფერის შესახებ უახლოეს საათებში გამოაცხადებს“, - წერს MARCA.
ცნობისთვის, გიორგი გასულ სეზონში პორტუგალიური „სპორტინგის“ ღირსებას იცავდა, თუმცა სათამაშო დრო არასაკმარისად ჰქონდა. ესპანეთის ჩემპიონატის გახსნით მატჩს „ხეტაფე“ 15 აგვისტოს გამართავს, მისი მეტოქე „ალავესი“ იქნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან...“ - 30 ივლისის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით
⭕ „სიბერე სიკვდილის არსებობის გამართლებაა...“ - გიორგი კეკელიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს