
ქართველ მსახიობს, მოცეკვავესა და სპორტსმენს, გივი სიხარულიძეს 28 თებერვალს 81 წელი შეუსრულდა.
იგი თბილისში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში განაგრძო. სწავლის პარალელურად, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეორგაფიულ სტუდიაში დადიოდა.
1961 წელს სუხიშვილისა და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი გახდა. ქორეოგრაფიაში გაწეული ღვაწლისთვის 70 წლის იუბილეზე რაინდის წოდება მიენიჭა. ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი მსახიობი სპორტითაც სერიოზულად იყო გატაცებული. საქართველოს პრიზიორი წყლის თხილამურებში, ტანმოვარჯიშე და ჩოგბურთელი - ასეთია გივი სიხარულიძის სპორტულ მიღწევათა ჩამონათვალი.
დაბადების დღე მსახიობს ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრმა მიულოცა:
„ვულოცავთ!
დღეს, 28 თებერვალს, 81 წლის გახდა გივი სიხარულიძე - ქართული ქორეოგრაფიის ერთ-ერთი პატრიარქი, სუხიშვილების ოქროს თაობის ერთ-ერთი ბაჯაღლო მსახიობი მოცეკვავე, სპორტსმენი, მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, პოეტი, პროზაიკოსი, ნოველისტი, სცენარისტი, მრავალი წიგნის ავტორი, სატელევიზიო და რადიოგადაცემების ავტორი და წამყვანი, მრავალი პრემიისა და საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსების ლაურეატი, ქორეოგრაფი და ბალეტმაისტერი, მომღერალი, მხატვარი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, საზოგადო მოღვაწე, ყველას შემწე და მეოხი, ვარსკვლავოსანი... 2024 წელს წოდებათა ამ არასრულ ნუსხას კიდევ ორი წოდება დაემატა - ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარდგინების საფუძველზე გივი სიხარულიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა, ამასთან, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა, გაზეთ „ქართული ფოლკლორის“ რედაქციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, ცნობილ ხელოვანს თბილისის კოლორიტის საპატიო წოდება მიანიჭა. ერთ-ერთი გაზეთი იმასაც წერს, რომ გივი სიხარულიძე არჩეულია ქართველ მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსად.
ბატონი გივი სიხარულიძე, ვფიქრობთ, არ გვისაყვედურებს, თუ მისალოც ტექსტში მისი რომელიმე რეგალია გამოგვრჩა.
ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ უდასტურებს მისდამი პატივისცემას ბატონ გივი სიხარულიძეს და, ცენტრის მრავალრიცხოვან საპატიო წევრებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან ერთად, 81-ე დაბადების დღეს ულოცავს ამ დიდებულ ადამიანს! დღეგრძელობა, მხნეობა, სიკეთე და ბედნიერება ვუსურვოთ!“, - წერია გავრცელებულ მიმართვაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕წინასწარი შენატანი 10%-მდე შემცირდა - იპოთეკური სესხის აღების წესი იცვლება