თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში დეკანოზ შალვა კეკელიას ქადაგებიდან ამონარიდს გვიზიარებს:
„მინდა დღევანდელ სახარებას შევეხო, საოცარია დღევანდელი სახარება. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამ სახარების განმარტებაზე, რომ მაცხოვარი ამბობს ასეთ რამეს — რა არის იმაში სიკეთე, რომ ადამიანი შენ მოყვარეს შენც ისევე სიკეთით ექცევი, ვისაც უყვარხარ ისინი შენც გიყვარს, ამაში რა არის განსაკუთრებული ? ასე ჰო წარმართებიც იქცევიან, ასე ჰო ყველანი აკეთებენ ანუ ვისაც უყვარხარ ბუნებრივია ისიც შენ შეიძლება გიყვარდეს. ვინც სიკეთეს გიკეთებს, შენც რომ სიკეთე გაუკეთო. ასე ჰო ყველა იქცევა? — და თქვენ, თქვენი მტრები შეიყვარეთ. საოცარი რამ არის და საოცარ რამეს ამბობენ წმინდა მამები ამ მუხლთან დაკავშირებით. (მათეს სახარება 5:43 — „გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.“)
ეს არის უკვე ზენიტი ქრისტიანობისა, უმაღლესი საფეხური ქრისტიანობისა, როცა შენ შეგიძლია შენი მტერი შეიყვარო. შენი მაყვედრებელი, მაგინებელი, შენი მლანძღველის შეყვარება შეძლო — ეს არის დაუჯერებელი რამ. არათუ მტრების ჩვენ ზოგჯერ ჩვენი უახლოესი ადამიანი არ გვიყვარს. ქმარს ცოლი არ უყვარს, ცოლს ქმარი არ უყვარს, დედას შვილი არ უყვარს, შვილს დედა არ უყვარს, შვილს საკუთარი მშობელი არ უყვარს. ერთმანეთზე გადაკიდებულები არიან, ერთ პატარა მიწის ნაგლეჯზე და ერთ პატარა ბინაზე, ერთმანეთს ხოცავენ ამის გამო, ხმას არ სცემენ და არ ელაპარაკებიან, წარმოიდგინეთ მიწის გამო?! ხომ შეიძლება თუ ქრისტიანი ხარ სხვა თვალით მიუდგე. ასეთი რამის გამო მეგობარს მეგობარი დაუკარგავს, უახლოეს მეგობარს უახლოესი მეგობარი დაუკარგავს პირადი რაღაცის გამო.
წარმოიდგინეთ ჩვენ ვლაპარაკობთ მტრის შეყვარებაზე. მეგობრის და ძმის კი არა, ის ვინც მთელი ცხოვრება გებრძვის, გაანადგურებს, შენს მიმართ მტრობით არის განწყობილი — იმის შეყვარებას გეუბნება ღმერთი. ასეთი ადამიანები ძე ღვთისად იწოდებიან, მაცხოვარი ამბობს — ღმერთის შვილები არიან, ვინც ამას შეძლებს და მოახერხებს.
ქრისტიანობაზე დიდი სარწმუნოება დედამიწაზე არ არსებობს. ამხელა საფეხურზე ასწიო ადამიანის მდგომარეობა გონება, ამ მდგომარეობამდე მიიყვანო ადამიანის გონება — ეს არის როგორი დიდი შრომის შედეგი იცი? ადამიანმა საკუთარ თავს უნდა გადააბიჯოს და რამხელა სიმაღლეზე უნდა ავიდეს, რომ ეს შეძლოს. რამხელა საშრომი აქვს ქრისტიანს, რომ ამხელა სიმაღლეზე ავიდეს, რომ — მტრის შეყვარება მოახერხო.
ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წმინდა გაბრიელ ქიქოძე ამბობს ასეთ რამეს, რომ — ზოგი მეკითხება, თუ ადამიანი მტრობით მოდის შენთან, გებრძვის, უკეთებ სიკეთეს და ვერაფრით ვერ უბრუნებ — ასეთი ადამიანი რატომ უნდა გიყვარდესო? წმინდა მამა განმარტავს, რომ — შენ მისი ცოდვა და საქციელი არ უნდა გიყვარდეს, როგორ შეიძლება ცუდი საქციელი მოგწონდეს, ნებისმიერი ცოდვა მოგწონდეს, მაგრამ ადამიანი არ გიყვარდეს — წარმოუდგენელია. ადამიანი არ გიყვარდეს ნიშნავს იმას, რომ შენ ღმერთი არ გიყვარს, შენ თუ ქრისტიანი ხარ და თუ გესმის ღმერთმა როგორ შექმნა ადამიანი? შენ იცი, რომ ის ადამიანი, რომელიც ღმერთმა გააჩინა — უდიდესი სიყვარულით ჰყავს ღმერთს შექმნილი. როდესაც ღმერთი იმ ადამიანს ბადებდა, როცა ის ადამიანი არ არსებობიდან არსებობაში შემოიყვანა და დედის მუცელში ჩაისახა — ეს იყო ღმერთის უდიდესი სიყვარული, რომელიც გამოხატული იყო იმ ადამიანის მიმართ“, - ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია ვიდეოში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან გიხდება...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს გვიზიარებს
⭕„შვილიც ღმერთისგან არის და შვილის სიცოცხლეც, აბსოლუტურად, ღმერთის ხელშია“ - თეოდორე გიგნაძე