
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ თბილისში, ე.წ ლოტკინის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებულ პირს სხეულის თერმული დამწვრობა აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით. მას აღენიშნებოდა სხეულის თერმული დამწვრობა 48 პროცენტით. დაზიანებული ჰქონდა თავი, გულმკერდი, ზურგი, ზემო კიდურები. სავარაუდოდ ტრავმა ჰქონდა მიყენებული გაზის აფეთქების შედეგად. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში. ამ წუთისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაზიანება საკმაოდ სერიოზულია“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, ე.წ. ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში „დაიჯესტს“ განუცხადეს მომხდარის შედეგად დაშავდა 19 წლის გოგო.
შემთხვევა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕87 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე გარდაიცვალა