Digest Logo

ილია მეორე - „ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დალოცეთ სრულიად საქართველო, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი, მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს“

1767732649
საქართველოს პატრიარქი

„ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ზეციურნო ძალნო, დაგვლოცეთ და დალოცეთ სრულიად საქართველო, მკვიდრნი მას შინა, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი, მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს სისხლის ღვრა და ომი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი.

„ქრისტეს სახარებით გახარებულო, ზეციური მადლითა და უფლის წყალობით აღვსილო რჩეულო მართლმადიდებელო ერო, ცხოველსმყოფელი რწმენით, იმედითა და სასუფევლის დამკვიდრების სურვილით აღძრულო სამწყსოვ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცისა და ქვეყნის მოლოდინის გამობრწყინებას, – უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს შობას!

დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართოს წმინდა მიწისკენ, რათა, ქალდეველ მოგვთა და ბეთლემში მყოფ მწყემსებთან ერთად, ანგელოზთა გუნდს შევუერთოთ ჩვენი ხმაც და სიხარულით აღმოვთქვათ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“

ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ზეციურნო ძალნო, ყოველნო წმინდანო ღვთისანო, დაგვლოცეთ და დალოცეთ სრულიად საქართველო, მკვიდრნი მას შინა, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი; მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს, განგვაშორეთ სიმძიმე ჩვენი დაცემული ბუნებისა, ერთობითა და ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭით გვაკურთხეთ და ღვთის თანაზიარნი გვყავით ყოველნი“, – ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ილია მეორე - „სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, პატიებას“

⭕ილია მეორე - „თანამედროვე ადამიანი ხშირად ვერ წვდება უფლისმიერ ჭეშმარიტებას, ვერ ხვდება თავისი სიცოცხლის აზრს და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვისმიერ მიწიერ კეთილდღეობაზე“

⭕სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე