ესპანეთში მოიხაზა ბოლო კონტურები წიგნისა, რომელიც მსოფლიოს დაუჯერებელ ისტორიას მოუყვება ქალზე, რომლის შვილიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქალზე, რომელმაც სოხუმიდან ალიკანტემდე დიდი და ტრაგიკული გზა გაიარა და ამ გამარჯვების თანაზიარი გახდა.
აღნიშნული წიგნი ინგა ბენდელიან-თოფურიაზე, UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას დედაზე იწერება.
წიგნიდან მიღებული ჰონორარის ნაწილი, ქართველი გმირის, აგვისტოს ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული, გიორგი ანწუხელიძის შვილებს დაენიშნებათ.
წიგნიდან ამონარიდს მწერალი, წიგნის ავტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ყოველთვის მინდოდა, ჩემი დაუჯერებელი ისტორია ისეთი ადამიანისთვის მომეყოლა, რომლისთვისაც ეს ახლო და გასაგები იქნებოდა, თანაც შესაბამის მხატვრულ დონეზე შეძლებდა მის გადმოცემას. როცა მწერალს საკუთარ ამბავს უყვები, თითქოს ფსიქოლოგს ელაპარაკები - უნდა ენდობოდე. გიორგისთანაც ასეა. როცა მეკითხებიან, როგორია გიორგი კეკელიძე, როგორია მასთან მუშაობა, მე პირდაპირ ვპასუხობ, რომ გიჟთან, არანორმალურ ვმუშაობ - ვუყვები, მისმენს, უცებ მაწყვიტინებს, სულ სხვა რამეს მკითხვას, მგონია, ეს ძირითადი არ დაავიწყდეს და მეორე დღეს ჩემი ამბები სრულად და საოცრად მხვდება აწყობილი.
ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ამ ისტორიებს, რომელიც თან ჩემია და თან თითქოს ამ წიგნის უცნობი მკითხველი ვარ, რომელსაც ძალიან ეტკინა ეს ტრაგიკული ამბავი. ვზივარ, საკუთარ წარსულს დავსტირი და თან ძალიან ამაყი ვარ, რომ ამას გავუძელი. მადლობა ღმერთს, რომ სრულიად შემთხვევით ჩემს სოხუმელ მეგობართან, დედა თინათინთან შევხვდი გიორგის და ასე სპონტანურად დაიბადა ჩემი სულის ამოძახილის, ცრემლით გაჟღენთილი ფაზლის აწყობა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ავტორმა გაითავისა ჩემი გზა, ჩემი აფხაზეთი, რადგან ეს ისტორია არ არის მხოლოდ ჩემი ტკივილის ნაწილი - ეს არის საქართველოს რეალური მატიანე, ოთხმოცდაათინები, ომი, მარცხი, კრემლისგან ოკუპაცია, ტკივილი, გადარჩენა და გამარჯვება.
ილიას ჩემპიონობა კი ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია სულ იბრძოლო, არ დაეცე, თუ დაეცი - წამოდგე და შეუძლებელია არ გაიმარჯვო. მე ამ ჩემპიონობის მონაწილე ვარ. მე და ილიამ ეს გზა ერთად გავიარეთ და იმ დღეს ჩემი დიდი ოჯახი მიხვდა, რომ სიცოცხლე ღირდა. თუნდაც ამ გამარჯვებისთვის."
ინგა ბენდელიანი-თოფურია
მალე:“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ფეხბურთის თამაშის დროს კარში მაყენებდნენ“ - ნონა გაფრინდაშვილის უდიდესი წარმატების ისტორია