მომღერალი ნინო ჩხეიძე კანადელი სიძის ახალგაზრდა სიდედრი გახდა. მისი შვილი, მარიკო 22 წლის გათხოვდა, იმ ასაკში, დედამისმა რომ მარიკო გააჩინა. მართალია, ენის ბარიერის გამო მომღერალს უჭირს სიძესთან კომუნიკაცია, თუმცა, ამაში მისი ქალიშვილი ეხმარება და თარჯიმნობას ის უწევს. ამ ახალ წელს მომღერალი განსაკუთრებული განწყობითა და ახალი სტატუსით ხვდება და რაც მთავარია, თვის ბოლოს გვიმზადებს სიურპრიზს, რომელიც ძალიან გაგვაკვირვებს და გაგვახარებს.
ნინო ჩხეიძე: 22 წლის ასაკში გავხდი დედა და ამაზე დიდი ბედნიერება ქალისთვის არ არსებობს. ამ გადმოსახედიდან ის შეგრძნება რომ მახსენდება, ახლაც ბედნიერების გრძნობა მეუფლება. ახლა უფრო სენსიტიურად აღვიქვამ დედობის შეგრძნებას, ვიდრე მაშინ, 22 წლის ასაკში. ახლა მარიკო 22 წლისა, ანუ იმ ასაკში, როცა მე გავხდი მისი დედიკო. ბევრი დედა ამბობს: შვილი რაც არ უნდა დიდი იყოს, მაინც პატარა მგონიაო. მე ასე არ ვარ. მარიკო პატარაც რომ იყო, მაშინაც არ მქონდა ეს შეგრძნება, იმდენად დიდი იყო აზროვნებით, ქცევით, მეტყველებით. ყოველთვის ჭკვიანი იყო და არის. ასე რომ, ის შეგრძნება რომ მარიკო პატარაა, არ მაქვს. მე რომ გავყევი ცოლად, გიორგი ჩემზე ერთი წლით დიდი იყო, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემზე ათი წლით იყო უფროსი და მარიკოც მამას ჰგავს.
– შეყვარებულობის პერიოდში თუ იცოდა, რომ მისი საცოლის დედა მომღერალია და თუ ჰქონდა მოსმენილი შენი სიმღერები?
– ალბათ, იცოდა, მაგრამ შარშან რომ იყო ჩამოსული, მაშინ მოვასმენინე ჩემი სიმღერები და მოეწონა. მე და ჯერემი არა მარტო როგორ სიდედრი და სიძე, მუსიკალური გემოვნებითაც კარგად ვუგებთ ერთმანეთს (იცინის). თუმცა, არის ჩვენს შორის ენის ბარიერი. მე თავისუფალი და გახსნილი საუბარი მიყვარს, იუმორით და შინაურულად. ძალიან ვიწვალე და ამიტომ მარიკოს ვუთხარი: ძალიან ვწვალობ, ვერ ვაგებინებ ვერაფერს და შენ იყავი თარჯიმანი-მეთქი (იცინის). ასე რომ, მარიკოს წყალობით ინგლისურად საუბრის სწავლება თავიდან ავიცილე.
– ქორწილს, ხელის მოწერასა და ჯვრისწერას როდის გეგმავენ?
– იმედია, მალე იქნება ქორწილიც, ხელის მოწერაც და ჯვრისწერაც და იმედია, ეს საქართველოში მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დეკანოზი აკაკი მელიქიძე გარდაიცვალა
წყარო: tbiliselebi.ge