16-წლიანი ლოდინის, ბრძოლის და ემიგრაციაში გატარებული რთული წლების შემდეგ, პროდიუსერ რეზიკო არჩვაძისა და მომღერალ თამუნა ამონაშვილის ოჯახში დიდი ზეიმია. წყვილს ტყუპი, ქალ-ვაჟი შეეძინა.
პატარები, სახელად იონა და მელანია 1-ელ სექტემბერს დაიბადნენ, თუმცა მშობლებმა ეს ბედნიერი სიახლე საზოგადოებას მხოლოდ სამი თვის შემდეგ გაუზიარეს.
როგორც რეზიკო არჩვაძე „ამბებთან“ ინტერვიუში იხსენებს, შვილებისთვის ბრძოლის გზა იმდენად რთული და ფინანსურად დამტვირთული იყო, რომ ოჯახი უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა — იყო მომენტი, როდესაც მიზნის მისაღწევად სახლის გაყიდვაზეც კი ფიქრობდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი ღვთის ნებით და ბედნიერი დასასრულით დაგვირგვინდა. პროდიუსერი ემოციურად საუბრობს იმ განცდებზე, რაც მშობლობას ახლავს თან და განვლილ რთულ გზას იხსენებს.
„ბავშვები 1-ელ სექტემბერს დაიბადნენ, უკვე სამი თვის არიან. უბრალოდ, ამის აფიშირება არ გვინდოდა ჯერ, ასე გადავწყვიტეთ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა ნანატრი შვილების შეძენა. ამდენი წელი სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით, რომ ამისთვის გვებრძოლა და გვემკურნალა. ძალიან ბევრი განვლილი წელი გვაქვს უკან, რომელშიც ჩადებულია დიდი შრომა. ღვთის ნებით მოხდა ყველაფერი, შეიძლებოდა ისე დასრულებულიყო, არც მომხდარიყო.
იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, ხანდახან ვერც ვარჩევ ერთმანეთს. ბიჭს ბიბლიური სახელი შევურჩიე იონა, მაცხოვარიც ახსენებს აღთქმებში, და გოგონას მელანია, ასევე წმინდანის სახელი.
ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან. ეს პერიოდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის კონტაქტისთვის მშობლებთან, გვინდა, რომ ჩვენს სითბოში და სიყვარულში იყვნენ. თამუნას კონცერტი ან ჩაწერა თუ აქვს, მოდიან მეგობრები და გვეხმარებიან.
თამუნა ძალიან შეიცვალა დედობამ. ხელოვნურ კვებაზე არიან ბავშვები და ორი თვე საოცარ რეჟიმში ვიყავით, ორი საათი გვეძინა დღეში. მადლობა უფალს, რომ ამის ძალა და ენერგია მოგვცა.
უკვე დიდი ხანია აქ ვართ. ზუსტად ამის გამო ვიყავით სხვა ქვეყანაში, რომ გვემკურნალა. იონა და მელანია ჩვენი ბიოლოგიური შვილები არიან, სუროგაციით შეგვეძინა“, - ამბობს რეზიკო არჩვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი სულის გასაღები აქვს ხელში, ასე გაირბინეს წლებმა“ - თიკა ფაცაციას შვილი 15 წლის გახდა
წყარო: www.ambebi.ge