დღეს რუკაზე არსებობს 22 არაბული სახელმწიფო და ერთი ებრაული.
რატომ არ შექმნეს პალესტინელებმა თავიანთი სახელმწიფო?
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საფუძვლებსა და ისტორიული რაკურსზე ლექსო მაჭავარიანი ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„უგრძელესი პოსტია, მაგრამ ვისაც "პალესტინის სახელმწიფოს" და "პალესტინელი ერის" თაობაზე მიმდინარე დისკუსიისთვის ფაქტები და არგუმენტები დაგჭირდებათ, გამოგადგებათ )
ახალი ეპოქიდან რომ დავიწყოთ ამბის მოყოლა, 400 წელი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაშია პალესტინა.
I მსოფლიო ომის შემდეგ გადაეცა დიდ ბრიტანეთს თანამედროვე იორდანიის ტერიტორიასთან ერთად მანდატით სამართავად. ანუ მდინარე იორდანეს ორივე სანაპიროზეა საუბარი.
მანდატის მიღებისას, ინგლისელებმა ერთა ლიგისგან (ანუ მაშინდელი გაეროსგან) თან ამ ტერიტორიაზე "ებრაელი ხალხის ეროვნული სახლის" შექმნის დავალება მიიღეს.
და ებრაელებმაც დაიწყეს პალესტინაში ჩასვლა. სრულიად კანონიერად, საერთაშორისო სამართლის და ერთა ლიგის მანდატის თანახმად.
და ისე კი არ იყო თან, რომ იქ რამე არაბული სახელმწიფო არსებობს, 400 წელი არაფერი მსგავსი.
ჯერ ოსმალეთის იმპერიაა, მერე დიდი ბრიტანეთი. ეს 1921 წელს აძლევენ ინგლისელები თავის მოკავშირე ჰაშიმიდებს იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე ტერიტორიას იორდანიის შესაქმნელად. ორივე ნაპირზე მცხოვრები არაბები ერთი ერია ოღონდ ჯერ.
ამასობაში, ებრაელები ჩადიან და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე რაც დარჩა, იმ ტერიტორიაზე სახლდებიან.
ყიდულობენ მიწებს, აშენებენ ქალაქებს და მოთმინებით ელიან ებრაული სახელმწიფოს შექმნას.
ინგლისელები თავიდან ასრულებენ ერთა ლიგის მანდატს, ხელს უწყობენ "ებრაელი ხალხის სახლის" შექმნას, მაგრამ მერე არაბების და ებრაელების დაპირისპირება იწყება, არაბები ინგლისელების წინააღმდეგაც ჯანყდებიან და 1939 წელს ინგლისელები აწესებენ ქვოტებს ებრაელების პალესტინაში იმიგრაციაზე, ერთა ლიგის მანდატის დარღვევით.
ანუ მთელი II მსოფლიო ომი, სანამ გაზის კამერებში ახრჩობენ, ებრაელებს პალესტინაში იმიგრაცია შეზღუდული აქვთ. ამიტომ არიან 600 ათასი და არა 6 მილიონი იქ 1947 წლისთვის.
ახლა უკვე ებრაელები ჯანყდებიან და ინგლისელებს ებრძვიან. იმის მიუხედავად, რომ დიდი ბრიტანეთი პარალელურად ნაცისტურ გერმანიასთან ომობს. თან არაბებთან ომიც არ ავიწყდებათ.
მთავრდება II მსოფლიო ომი, იქმნება გაერო და ინგლისელებსაც ერთი სული აქვთ პალესტინა მოიშორონ. სამოქალაქო ომი იქ გრძელდება და თან არაბულ ქვეყნებში მცხოვრებ ებრაელებს არბევენ.
ემიგრაციის მსურველებს კიდევ მთელ ქონებას ატოვებინებენ ან უფრო უარესი, გამოსასყიდს ახდევინებენ, ქვეყნიდან რომ გაუშვან.
ებრაელ ლტოლვილებზე რამე გსმენიათ? დიახ, პალესტინელ ლტოლვილებთან ერთად, ებრაელი ლტოლვილებიც არსებობენ, 800 ათასი დაახლოებით, რომლებმაც თანამედროვე დაანგარიშებით 100-დან 300 მილიარდ დოლარამდე ქონება დატოვეს მუსლიმურ ქვეყნებში.
2008 წელს მიიღო აშშ-ის კონგრესმა რეზოლუცია, რომელიც არაბული ქვეყნებიდან დევნილი ებრაელების უფლებების დაცვას შეეხება. და სხვათა შორის, ეს ებრაელები სხვა ებრაელებს ლტოლვილთა ბანაკებში არ ჩაუსახლებიათ და 75 წელი იქ არ აცხოვრებენ.
ამიტომაც არ გსმენიათ, ალბათ )ასეთ ვითარებაში, 1947 წელს გაერო იღებს პალესტინის გაყოფის გეგმას. ოღონდ, როგორ გეგმას - ებრაელებს აძლევენ ხმელეთის წვრილ ზოლს ხმელთაშუა ზღვასთან და სამხრეთში უდაბნოს, სადაც კაციშვილი არ ცხოვრობს.
თან ეს ზოლი იმდენად წვრილია, რომ არაბული არტილერია ნებისმიერ წერტილში მიწვდება. და თელ-ავივთან კიდევ არაბულ ანკლავს ტოვებენ, რომ თუ რამეა ზღვიდან დესანტიც გადმოსხან იაფას პორტში )უფრო უარესი, არაბებით დასახლებული ტერიტორიით გარშემორტყმულ იერუსალიმს ცალკე გამოყოფენ, რაღაც სტატუსს უგონებენ, ოღონდ კაციშვილს არ აგზავნიან იქ, არცერთ შეიარაღებულ ადამიანს, ვინც წესრიგს დაიცავს.
ანუ ინგლისელები როგორც კი გავლენ, იერუსალიმსაც არაბები დაიკავებენ.
გაეროა, მოკლედ, არაფერი ახალი ) ებრაელები ამ გეგმასაც კი ეთანხმებიან, ოღონდ სახელმწიფო ეღირსოთ. სამაგიეროდ, არაბული ქვეყნები არ ეთანხმებიან და 1948 წელს, როგორც კი ისრაელი სახელმწიფოს შექმნას აცხადებს, ყველა მხრიდან თავს ესხმიან.
პირველივე კომენტარში რუკაზე ნახავთ, რას მოიცავდა ბრიტანეთის სამანდატო პალესტინა. ერთა ლიგის მანდატით, დასავლეთით უნდა შექმნილიყო ისრაელის სახელმწიფო. არაბები, რომლებსაც ისრაელში ცხოვრება მოუნდებოდათ, დარჩებოდნენ. ვისაც არა, გადავიდოდნენ მდინარის მეორე ნაპირზე არაბულ სახელმწიფოში. და ამით უნდა დაიწყოს, წესით, ის 4 რუკა რომ არის მიყოლებით დალაგებული, რომ, თურმე, ეს იყო ოდესღაც პალესტინელი არაბების სახელმწიფო და ნახეთ, რა დარჩა დღეს )გეგონება, ოდესმე არსებობდა ეგ პალესტინის სახელმწიფო.
მიუმატეთ, აბა, იორდანეს აღმოსავლეთ სანაპირო იმ რუკაზე რაც არის ახლა მწვანედ, იმას და მერე ებრაელებს რა დაუტოვა გაერომ 1947 წელს იქიდან, სადაც ერთა ლიგის მანდატით ისრაელის სახელმწიფო უნდა შექმნილიყო, იმას შეადარეთ.
დიდი მადლობა ინგლისელებს, მოკლედ )არაბ ლტოლვილებს რაც შეეხება, ნახევარმა სახლები 1948 წლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე დატოვა, ძალით არავის გაუსახლებია. არაბული სახელმწიფოების ლიგა აცხადებდა, ისრაელის სახელმწიფო თუ შეიქმნება, სისხლით მოირწყება პალესტინის მიწაო და ვინ დარჩებოდა იქ, ჯერ ერთი და მეორე, მოუწოდებდნენ არაბებს, წადით ერთი-ორი კვირით, ხელს ნუ შეგვიშლით ებრაელებთან ბრძოლაშიო.
გაითვალისწინეთ თან, რომ 5-10 კილომეტრის მანძილზე გადაადგილებაზეა საუბარი.
ჰაიფაში გოლდა მეირიც კი ჩავიდა, არ წახვიდეთო, პორტში ამშვიდებდა არაბებს, მაგრამ მაინც წავიდნენ. ნახევარმა, კი ბატონო, ომის დაწყების შემდეგ დატოვა პალესტინა, იძულებით. სოფელ დეირ იასინის აღებისას სამოქალაქო მოსახლეობაც დახოცეს, 100-ზე მეტ ადამიანზეა საუბარი.
ეს ამ ომში ისრაელის ყველაზე მძიმე დანაშაულად მიიჩნევა.
4 დღეში არაბები ჰადასის საავადმყოფოს ბადრაგს დაესხნენ თავს და 80 ებრაელი ექიმი და მედდა გამოწვეს ავტობუსებში. ანუ არცერთი მხარე აკლებდა. ბევრი არაბი დარჩა ოღონდ ისრაელის ტერიტორიაზე, ეგეც არ დავივიწყოთ და ისრაელის მოქალაქეც გახდა.
ლტოლვილები კიდევ ბანაკებში დაასახლეს და როგორ ექცეოდნენ არაბული სახელმწიფოები, ალბათ, იცით.
თან 1962 წელს არაბული სახელმწიფოების ლიგა იღებს დადგენილებას, რომლითაც ყველა არაბულ ქვეყანას პალესტინიდან დევნილებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას უკრძალავს.
ერთადერთი, იორდანიამ 1950-ში დასავლეთ სანაპიროს ანექსია რომ მოახდინა, იქ ვინც ცხოვრობდა ლტოლვილი, მოქალაქეობაც მისცა. სხვა დევნილებს არასდროს არავინ. ეგ ამბავიც ცუდად დამთავრდა ოღონდ, მეფე ჰუსეინის მკვლელობის მცდელობით, სამოქალაქო ომით და 150 ათასი პალესტინელის ქვეყნიდან გაგდებით. "შავი სექტემბრის" სახელითაა ეს ამბები ცნობილი.ამის გარდა, კიდევ მნიშვნელოვანია, რომ გაეროს 1952 წლის დადგენილებით, პალესტინელ ლტოლვილად განისაზღვრა პირი, რომელიც პალესტინაში ცხოვრობდა 1946-დან 1948 წლამდე.
ანუ 2 წელი პალესტინაში ცხოვრება პალესტინის მკვიდრ მოსახლეობას გაუთანაბრდა.
რატომ? იმიტომ, რომ არაბი მოსახლეობის დიდი ნაწილი გასტარბაიტერად ჩამოვიდა პალესტინაში იმის შემდეგ, რაც იქ ებრაულმა დასახლებებმა დაიწყო გაჩენა და 1946 წლამდე იქ არ ცხოვრობდა უბრალოდ, საიდანაც 1948-ში წასვლა მოუხდა.
და კიდევ უფრო საინტერესო, პალესტინელი ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა ლტოლვილების შვილებს, შვილიშვილებს და საერთოდ ყველა შთამომავალს )მსოფლიოში 50 მილიონი ლტოლვილია და არავის პალესტინელების გარდა, მსგავსი სტატუსი არ აქვს.
ამიტომაა, რომ ისრაელი ლტოლვილებად მარტო იმ 420 ათასამდე პალესტინელს აღიარებდა, ვისაც მიიჩნევდა, რომ საკუთარი სახლი 1948 წელს დატოვა და მზად იყო ყველას დასაბრუნებლად.
არადა, 5 მილიონზე მეტის დაბრუნებას სთხოვენ.
უამრავი რამეა საინტერესო ამ ამბავში, მოკლედ, კარგად რომ ჩაეძიოს კაცი. მაგალითად, ის რომ პალესტინელი ლტოლვილის საშუალო ასაკი 16 წელია და ა.შ.ფაქტი კი ისაა, რომ არცერთ მეზობელ არაბულ ქვეყანას უნდოდა პალესტინაში კიდევ ერთი არაბული სახელმწიფოს შექმნა.
ფიქრობდნენ, ისრაელს გავანადგურებთ და პალესტინის ტერიტორიას გავიყოფთო. ეგ გააკეთეს კიდეც, 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადებიდან მეორე დღეს ომი გააჩაღეს და ეგვიპტემ ღაზას სექტორი წაიღო და იორდანიამ დასავლეთ სანაპირო თავისი აღმ. იერუსალიმით. რით არიან ისრაელზე ნაკლები ოკუპანტები, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ისრაელი თავდაცვით ომს აწარმოებდა და ისე დაიკავა ეგ ტერიტორია 1967 წელს?
და საერთოდ, ეგ მეზობელი არაბული სახელმწიფოები 1948 წლის ომის მერე პალესტინიდან დევნილ არაბებს ისევე რომ მოქცეულიყვნენ, როგორც ისრაელი მოექცა იმ არაბებს, რომლებიც დარჩნენ და ისრაელის მოქალაქეები გახდნენ, ეს კონფლიქტი დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა.
არაფრით განსხვავდებოდნენ 1948 წელს პალესტინაში მცხოვრები არაბები არაბულ სახელმწიფოებში მცხოვრები არაბებისგან. ვერავინ იტყვის, რომ არაბეთ-ისრაელის პირველი ომის დროს, რავი, ეგვიპტეში, სირიაში, იორდანიაში და პალესტინაში ოთხი სხვადასხვა არაბი ერი ცხოვრობდა.
ლტოლვილთა ბანაკებში 75 წლით გამოკეტვის და ინდოქტრინიზაციის მაგივრად, პალესტინიდან დევნილი არაბებისთვის საკუთარ ქვეყნებში ცხოვრების და ინტეგრაციის საშუალება რომ მიეცათ, არც "ჰამასი" იარსებებდა დღეს და არც ომი იქნებოდა.
მაგრამ არავის აწყობდა ეგ.
ახლა კიდევ ისეთი ვითარებაა, რომ ვერანაირი ორი სახელმწიფო ვერ იარსებებს პალესტინაში. ისეთი არაბული სახელმწიფო რომ შეიქმნას იქ, როგორიც პალესტინელ არაბებს დააკმაყოფილებს, ისრაელის სახელმწიფო უნდა გაქრეს. იმიტომ, რომ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტთან აქვს ბმა 1948 წელს ლტოლვილი პალესტინელი არაბის შვილიშვილს.
კონკრეტულად იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც 75 წლის წინ მისი წინაპარი წამოვიდა, სხვანაირად არ ითვლება და იმ ადგილზე ებრაელების მესამე თაობა ცხოვრობს უკვე, რომლის მეზობლობაც ამ პალესტინელს არ უნდა, იმიტომ რომ 75 წელი იმ ლტოლვილთა ბანაკში თავში უდებდნენ, რომ ებრაელი უნდა მოკლა )
ისე არ იფიქროთ, რომ ყველაფერი ნათელია ამ კონფლიქტში ჩემთვის, უპასუხო კითხვებიც მაქვს )მაგალითად, 1945 წელს აღმოსავლეთ პრუსიიდან საბჭოთა ოკუპაციას გაქცეული 2 მილიონი გერმანელი დღემდე ლტოლვილთა ბანაკებში რატომ არ ცხოვრობს და 1948 წელს პალესტინიდან გაქცეული არაბები რატომ ცხოვრობენ?
საკმარისი დრო არ იყო ამ ხალხისთვის ადამიანური პირობების შესაქმნელად? შესაძლებლობა არ ჰქონდათ არაბულ სახელმწიფოებს? დასავლეთიც არ დაეხმარა?
ან 1948-დან 1967 წლამდე ღაზას სექტორი და აღმოსავლეთ სანაპირო იორდანიას და ეგვიპტეს რომ ჰქონდათ ოკუპირებული, ისრაელი რანაირად უშლიდა ხელს პალესტინელებს სახელმწიფოს შექმნაში?
ან 1970 წლის "შავი სექტემბრის" დროს იორდანიაში ათასობით პალესტინელი რომ მოკლეს და 150 ათასი დევნილად აქციეს, რატომ არავინ უხსენებს ამას იორდანიას, ისრაელს სათითაოდ ყველა ტერორისტის მკვლელობაზე რომ დასდევენ?
ან ისრაელის მხრიდან ღაზას ბლოკადაზე რომ საუბრობენ, არაბულ ეგვიპტეს რატომ ჰყავს ღაზა ბლოკადაში?
ისრაელში თან სეზონურ სამუშაოებზე მაინც გადმოდიოდნენ პალესტინელები იქიდან, ეგვიპტე რას სთავაზობს ბეტონის კედლის გარდა?
ან ისრაელის მოქალაქე 2 მილიონ პალესტინელ არაბს რატომ არავინ უწყობს იქ გენოციდს და ვინმე თუ მოუწყობს, რატომ ისევ "ჰამასი"?
ან რომ გამოიყვანა ისრაელმა ღაზიდან ჯარი და ებრაული დასახლებებიც აყარა, რატომ არ შექმნა იქ სახელმწიფო დემოკრატიულად არჩეულმა "ჰამასმა"?
კანალიზაციის გაყვანას და ნაგვის გატანას რატომ ურჩევნიათ, მიღებული მილიარდები ისრაელისთვის სასროლ რაკეტებში დახარჯონ?
ვინაა პასუხის გამცემი? )“,- წერს მაჭავარიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეპოქების ცვლის ზღვარზე ვდგავართ“ - როგორი იქნება დაბნელების კორიდორი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის?