„ის, რაც ოლიმპიადის გახსნაზე ვიხილეთ, ცალსახად მიუთითებს ე.წ. განვითარებული სამყაროს დღემდე არნახულ დეგრადირებაზე. დექრისტიანიზაცია, როგორც ჩანს, იქცა მიზნად ძლიერთა ამა სოფლისა“, - ამის შესახებ დეკანოზი ანდრია კემულარია სოციალურ ქსელში წერს.
„გასაკვირი არცაა ‒ გაერთიანებული კაცობრიობა, რას შექმნასაც მიზნად ისახავს გლობალიზმი და რაც არის წინაპირობა ანტიქრისტეს მოსვლისა, აუცილებლად გულისხმობს რელიგიურ განსხვავებათა მოსპობას. ამისთვის კი აუცილებელია ზნეობის ცნების მოშლა. ახალი ამაში არაფერია და დიდად მოულოდნელიც არაფერი მომხდარა. საგულისხმო და გულსატკენი სხვა რამ არის; ათი ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს ოლიმპიადაში. უმეტესობა იმ ქვეყნებიდან არის, სადაც ქრისტიანობა საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავდა ღირებულებებს. 500-ზე მეტი სპორტსმენი რომელიმე გაუკუღმართების მიმდევარია, მაგრამ დანარჩენი ათასებიდან არავის ჰქონია მცდელობა გამოეთქვა პროტესტი (იქნებ მე ვერ ვნახე). განსაკუთრებით გულსატკენია მართლმადიდებელთა პოზიცია, როცა ხედავ, როგორ დასცინიან საღმრთო ისტორიას, თავს გახვევენ სქესობრივი და მენტალური გაუკუღმართების იდეოლოგიას და ხმას არ იღებ ‒ აქაოდა, ეს სპორტია, რა შუაშია რელიგია და მორალიო. „რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა“ (მთ.10:33) ‒ ბრძანებს მაცხოვარი. უარყოფა არ არის მხოლოდ ქრისტეს პიროვნების უარყოფა, არამედ ყველაფრისა, რაც გვიქადაგა და რასაც შეეწირა მაცხოვარი; უარყოფა იმ ღირებულებისა, რომლებიც უფლის სიტყვაზე დაფუძნებით ჩამოაყალიბა კაცთა მოდგმამ. „ჟამი არს დუმილისაჲ და ჟამი სიტყჳსაჲ“ (ეკლ.3:7) ‒ გვამცნებს ეკლესიასტეს წიგნი ძველი აღთქმიდან. როცა უნებლიედ იქცევი ბოროტისეული შაბაშის მონაწილედ, ნამდვილად არის „ჟამი სიტყვისაჲ“, რათა არ შეირაცხო თანამონაწილედ.
ზოგადად, ცბიერი მიდგომა ჩამოყალიბდა თანამედროვე ადამიანში, თითქოს თეატრი და კინო, მუსიკა და მხატვრობა, მეცნიერება, სპორტი და ზოგადად, ადამიანის მოღვაწეობის მრავალი სფერო განყოფილია მორალისაგან, მრწამსისაგან. არ არის ასე! ადამიანი ავლენს თავს ისეთად, როგორიც არის შინაგანად და როცა არ იღებს ხმას უკეთურების სამხილებლად, როცა თავს უფლებას აძლევს იყოს მონაწილე, თავის ნამდვილ არსს წარმოაჩენს.
თავმოკვეთილი მარია-ანტუანეტა ‒ საფრანგეთის ბოლო დედოფალი, რომელიც იმსხვერპლა რევოლუციამ, სისხლის შხეფები, საიდუმლო სერობის პაროდია, აპოკალიფსური მხედარი, ცისფრად შეღებილი გაშიშვლებული მამაკაცი, წვერებიანი „დედაკაცი“ ‒ ნუთუ ეს არის ის საუკეთესო, რისი წარმოჩენა გადაწყვიტა საფრანგეთმა მსოფლიოს წინაშე?! რა თქმა უნდა, არიან ღირსეული ფრანგებიც, რომელთაც აღიმაღლეს ხმა ამ საზიზღრობის წინააღმდეგ.
გასახარი კი ის არის, რომ ამ უკეთურობის მიმართ პროტესტი გამოხატეს მსოფლიოში ცნობილმა ადამიანებმა, რომელთაც ვერანაირად ვერ დავწამებთ ქრისტიანობას. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაა მსოფლიო მზად ანტიქრისტეს მისაღებად“, - წერს დეკანოზი ანდრია კემულარია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დღეს პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს