„B12 - ეს არის ენერგიის პროდუქცია, სისხლის წითელი უჯრედების ფორმირება, უჯრედების დაყოფა, თავის ტვინის ფუნქციონირება და იმუნური სისტემის მუშაობა. ეს არის მისი როლი. ვხედავთ, როგორი მნიშვნელოვანი ვიტამინია ჩვენს ორგანიზმში“, - ამის შესახებ დერმატო-ვენეროლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ზაზა თელიამ ისაუბრა.
მან გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ყურადღება B12-ის როლზე გაამახვილა.
„ვინ არიან მიდრეკილები B12-ის დეფიციტის მიმართ - ესენი არიან, როგორც წესი, კვების დარღვევის მქონე ადამიანები. მათ შორის, ყველაზე მეტად - ვეგეტარიანელები, ვეგანები. B12-ს ჩვენ ვიღებთ კვებითი რაციონიდან, ამ ვიტამინით მდიდარია კვერცხი და რძის პროდუქტები, ხორცი და თევზეული. B12-ის რეკომენდებული დღიური რაოდენობა არის 4-7 მიკროგრამი დღეში. მარტივად გასაგები რომ იყოს, მაგალითად, ერთი კვერცხი 1.4 მიკროგრამს შეიცავს, ერთი ჭიქა რძე - 1.2-ს.4-7 მიკროგრამი ზრდასრულ ადამიანებშია ნაგულისხმევი. დანამატის სახით B12-ის მიღებაც ხშირად პრობლემებს ქმნის. ადამიანებში ყველაზე ხშირად ცნობილია ვიტამინების ნაკლებობა, არავინ აქცევს ყურადღებას მატებას.
B12 ვიტამინი ჩვენ არ უნდა მივიღოთ თვითნებურად, ეს აბსოლუტურად არასწორია. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ნაკლებობა, ეს ვიტამინი უნდა მივიღოთ რაციონალურად, ადეკვატური დოზით - ეს იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე, ჩვენ ყოველთვის დეფიციტზე ვსაუბრობთ და საზოგადოებაში მუდამ დეფიციტი აღიქმება ნაკლებობად. არავინ აქცევს ყურადღებას ჰიპერვიტამინოზს, ანუ როდესაც ვიტამინების მატება არის ორგანიზმში.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ B12-ის დეფიციტზე, ის შეიძლება, იყოს მავნებელი, ასევე, მისმა მატებამაც შესაძლოა, გარკვეული ტიპის პრობლემები შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტკივილების, წელის ტკივილის გამო ხშირად ურჩევენ პაციენტებს, მათ შორის, საუბედუროდ, ექიმის რეკომენდაციითაც, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ნემსების გაკეთებას, რომლებშიც ასევე B12 შედის და ჰორმონი, სტეროიდი, ანუ კომბინაციური ნემსები, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, ყველაზე მეტად იყიდება სწორედ ასეთი სახის მედიკამენტები“,- აღნიშნა ზაზა თელიამ "დილა მშვიდობისა საქართველოსთან".
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ბათუმის წმინდა სამების ეკლესია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
წყარო: primetime.ge