საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას“ აკადემიის თანამშრომლობით საქართველომ ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ისტორიაში პირველად უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბანაკში მონაწილეობა 100-მა სპორტსმენმა მიიღო. ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ.
ბანაკის დახურვის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი ესწრებოდნენ.
ბანაკის მონაწილე ხელბურთელებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
„ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკის ფარგლებში აკადემიის ხელბურთის სპეციალისტებმა მონაწილეებთან ინტენსიური პრაქტიკული და თეორიული ვარჯიშები ჩაატარეს.
„ბარსელონას“ აკადემიის მწვრთნელებმა გადაამზადეს ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებიც, გაუზიარეს მათ თანამედროვე ხელბურთის მეთოდოლოგია, ინდივიდუალური ტექნიკა და გუნდური ტაქტიკის პრაქტიკა.
ბანაკის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობა, ევროპული სტანდარტების დანერგვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც ქართველი ხელბურთელების პროფესიულ ზრდასა და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადებას შეუწყობს ხელს.
„ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკს საქართველოში 26 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ 2026 წლის აგვისტოს პირველი ნახევარი: ძირითადი ასტრო-მოვლენები - ხათუნა ნოელის პროგნოზი