
მომღერალმა ელენე ფოჩხუამ ცხოვრებაში ბევრი მძიმე ეტაპი გამოიარა – ძმის, გიორგი ფოჩხუას გარდაცვალება, შემდეგ მეუღლესთან განქორწინება. ახლა, როგორც ამბობს, ცუდი აურისგან გათავისუფლება მოახერხა და შვილებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.
ტრაგედიის, განქორწინების შემდეგ ახლა როგორ ხარ?
ბავშობიდან ჩემი ზედმეტი სახელი სამეგრელოში გიჟუნაა. სულ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი ხოლმე. ჩემს მეგობრებთან ძალიან მხიარული ვარ. ჩემი ძმის ამბის მერე დიდი ხანი ქუჩაში მარტო დავდიოდი, ფეხით. დეპრესია არ ვიცი, რა არის და არასდროს მქონია, მაგრამ ფეხით სიარული ძალიან მშველოდა. თუ რამე განსაცდელის წინაშე ვდგავარ, დღესაც ასე ვარ – ჩემი წამალია, გავიქცე სახლიდან და ფეხით ვიარო. ჩიტაიას ქუჩიდან შეიძლება უცებ საბურთალოზე აღმოვჩნდე. ძმის ტრაგედიის შემდეგ ჩემს თავს თავად დავეხმარე და საკუთარ თავს დავუბრუნდი…
რაც შეეხება განქორწინებას, ამას ნამდვილად ვერ დავარქმევ ტრაგედიას… ჩვენ 18 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ხელი არ გვქონდა მოწერილი, მაგრამ ჯვარი დაწერილი გვქონდა…
აიყარეთ ჯვარი?
ჯერ არა, მაგრამ ახლა ვაპირებთ. მისი დაჟინებული მოთხოვნაა და მემუქრება ადვოკატებით, ჯვრის ახსნას ადვოკატი რაში სჭირდება, არ ვიცი. მე თანახმა ვარ. პირიქით, თავად მინდა, რომ ამ ადამიანისგან გავთავისუფლდე. მომწერა, ჯვარი ავიყაროთ და ამის წინააღმდეგი ხომ არ ხარ, თუ ადვოკატი ავიყვანოო. ადვოკატი არაფერ შუაშია, მაგრამ ეს ალბათ მისი მხრიდან გარკვეული მუქარა იყო. ისევ ჰგონია, რომ წინააღმდეგი ვარ, არადა, მე გამიხარდა. ჩემგან მხოლოდ ტელეფონით თანხმობაა საჭირო.
ჩვენ კარგი ცოლ-ქმარი ვიყავით, გვქონდა გადასარევი ოჯახი, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა მესამე ადამიანი. მეორე შვილი რომ გავაჩინე, თვეების იყო ჩემი შვილი, როცა წავიდა. სამი თვით იყო წასული. ღამის სამ საათზე ბარგით ხელში დამადგა სახლში. მაპატიე, ასეთი და ასეთი ადამიანი ვარო, საკუთარი თავი შეურაცხჰყო ცუდი სიტყვებით. მითხრა, რომ არ იყო პატიების ღირსი, მაგრამ მე ვაპატიე. ოთხი წლის შემდეგ ისევ იმავე ადამიანთან განაახლა ურთიერთობა. ვინც მიცნობს, ძალიან მიმტევებელი ადამიანი ვარ, ყველას მინდა სიკეთე გავუკეთო. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გამოიყენა ჩემი ხასიათი, ეგონა, მაინც ვაპატიებდი.
იმ წუთას კი ვიყავი სასოწარკვეთილი, მაგრამ სულ ტყუილად მიტირია ამ ადამიანის გამო. ის აბსოლუტურად უღირსი გამოდგა. ერთ წვეთ ცრემლადაც კი არ ღირდა. ამას ახლა მივხვდი… მან მიმატოვა მე. მამაჩემმა მითხრა, ძალიან გამიხარდა, შვილო. შენ ისეთი ხარ, მას არასდროს მიატოვებდი და იმ დღეს ველოდებოდი, ისევ თავად რომ დაგტოვებდაო. ჩემი დანაშაული ისაა, რომ ჩემი გასაშვები იყო თავის დროზე და ეს არ გავაკეთე. ღმერთის წინაშე მართალი ვარ, რომ მას შანსი მივეცი, რაც მან არ დაინახა.
ახლა ვარ ისეთი ელენე, როგორიც დავიბადე, როგორიც გავიზარდე და როგორიც ვიყავი. ჩემი მეგობრები არიან ზებედნიერები, რომ ნამდვილი ელენე დაუბრუნდა მათ. ჩემი ყოფილი მეუღლე არაფერს მიკრძალავდა, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მთავარი პრობლემა იყო ქაოსი, გაურკვევლობა ოჯახში, დამცირება – ადამიანმა, რომელსაც ჩემთვის დედა ვატირეც კი არ უთქვამს, მესამე ადამიანის გამოჩენის შემდეგ ისეთი სიტყვები მიწოდა, ამის მოსმენა შეუძლებელი იყო.
ასევე დაგაინტერესებთ 👇
🔵„ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი ცრემლი...“ - გულიკო ჩაფიძე პირად ტრაგედიაზე ალაპარაკდა
🔵„ეს დღეც დადგა... სამწლიანი თანაცხოვრება დასრულებულია“ - თათია წოწონავამ „მთავარი არხი“ დატოვა
წყარო: fortuna.ge