გიორგი შერმადინმა საქართველოს კალათბურთის ნაკრებში 20-წლიანი კარიერა დაასრულა. გამოცდილი კალათბურთელი ეროვნული გუნდის ღირსებას 2006 წლიდან იცავდა, ახლა კი ამბობს, რომ დროა, გზა ახალგაზრდებს დაუთმოს.
ბოლო შეხვედრებს შერმადინი 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავს – 27 ნოემბერს თბილისში, უკრაინის წინააღმდეგ და 30 ნოემბერს ტენერიფეში, ესპანეთთან.
შერმადინის კარიერის დასრულებას სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:
„კაცი 20 წელი საქართველოს სამსახურში როგორც ჯარისკაცი ქვეყნის სამსახურში, რამდენი ნერვიულობა, რამდენი გამარჯვება და დამარცხება და სექტემბრიდან ადამიანი ამ თამაშზე დღე არ გასულა რომ არ მეფიქროსო,(პასუხისმგებლობის მაგალითი ვისწავლოთ ნეტა მისგან)
შერმო მიყვარხარ და მადლობა ყველაფრისთვის და პირველ რიგში კაცობისთვის, მეორე რიგში ყველა წუთისთვის რაც ჩვენს ქვეყანას მიუძღვენი!
წარმატებები საკლუბო კარიერაში და უფლის წყალობა შენ ოჯახს! ამინ “, - წერს ზურა ხაჩიძე.
„მინდა, უკრაინასთან ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი კარგად დავასრულოთ და ქართველ გულშემატკივარს გამარჯვებით დავემშვიდობო. იმედია, ბევრი ადამიანი მოვა, გვერდში დაგვიდგება და წარმატებას ერთად ვიზეიმებთ.
იწყება ახალი შესარჩევი ციკლი და ჩვენს ნაკრებს აქვს კარგი შანსი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს. ჯერ თბილისში ვითამაშებ, შემდეგ კი ტენერიფეში, ქალაქში, სადაც შვიდი წელია, ვასპარეზობ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს წლების მანძილზე გვერდში დგომისთვის.
ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი. იყო როგორც კარგი მომენტები, ისე ჩავარდნებიც, თუმცა ნაკრებში თამაშზე არასდროს მითქვამს უარი, რადგან ეროვნული გუნდი ჩემთვის ყოველთვის ყველაზე პრიორიტეტული იყო.
რა თქმა უნდა, ეს რთული გადაწყვეტილებაა. გულის სიღრმეში ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ახლა კი ვთვლი, რომ საქართველოს ნაკრებს დავემშვიდობო, ხოლო ადგილი ახალგაზრდა კალათბურთელებს დავუთმო“, – თქვა გიორგი შერმადინმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ტოქსიკურია ურთიერთობა, როდესაც ბევრი დაშორება და შერიგებაა“ - ფსიქოლოგის გაფრთხილება წყვილებს
⭕„არ არის სასურველი ფულის ვალად გაცემა ან ბანკში შეტანა!“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი